თბილისი, 5 მარტი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, ოპოზიციური პარტია „ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ ქვეყანაში პლებისციტის ჩატარება მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში შეიძლება.
როგორც პოლიტიკოსმა PalitraNews–ის გადაცემაში „360 გრადუსი“ ისაუბრა, ოპოზიციის მთავარი მოთხოვნა ავადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაა.
„ამ იდეას (პლებისციტის – რედ.) აქვს არსებობის უფლება, ამ იდეასთან დაკავშირებით გარკვეული სკეპტიციზმი თავის დროზეც გამოვთქვი. მთავარი მიზანი ნამდვილად არის და დარჩება ვადამდელი არჩევნები, თუმცა ოპოზიციაში ამასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არ მიგვიღია“, – განაცხადა ბურჯანაძემ.
ამავდროულად მან აღნიშნა, რომ უფრო ვადამდელი არჩევნებისკენ იხრება და იმ ადამიანთა კატეგორიას მიეკუთვნება, რომლებიც ამბობენ, რომ პლებისციტზე შეიძლება უკიდურეს შემთხვევაში ვიფიქროთ.
„პრინციპში, ყველას იგივე პოზიცია აქვს, რომ მთავარი ამოსავალი არის ვადამდელი არჩევნები, მაგრამ თუ ძალიან გართულდა პროცესი, არიან ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ შეიძლება ვიფიქროთ პლებისციტთან დაკავშირებით. არიან ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ პლებისციტი არ არის გამოსავალი“
რიგგარეშე არჩევნების ნაცვლად პლებისციტის ჩატარების იდეა ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის კომპრომისული ნაბიჯის სახით ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან მხარეების შეხვედრაზე წამოაყენეს. მიშელმა მხარეებს კრიზისული სიტუაციის გასანეიტრალებლად ინტენსიური მუშაობისკენ მოუწოდა.
პოლიტიკური კრიზისი საქართველოში „ნაცმოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიას დაკავების შემდაგ გამწვავდა. ოპოზიცია ქუჩებში გამოვიდა და საპროტესტო აქციებს აწყობს. ოპოზიციის ლიდერები აცხადებენ, რომ აქციები შეიძლება გადაიდოს, თუ მმართველ პარტია „ქართულ ოცნებასთან“ მოლაპარაკებების პროცესი დაიწყება. აქციების მონაწილეები „პოლიტპატიმრების“ გათავისუფლებასა და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ოთხოვენ.