11:04 13 აპრილი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0798
  • 100 RUB4.4334
  • USD3.4232
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
40 0 0

პარლამენტს უნდა წარედგინოს არა მხოლოდ კანდიდატების სია, არამედ ინფორმაცია მათ შესახებ და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დასკვნა.

თბილისი, 3 მარტი – Sputnik. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევასთან დაკავშირებით მიმდინარე პროცედურებს კანონიერების და მიზანშეწონილობის მიმართულებით არავითარი პრობლემა არ გააჩნია, ასე გამოეხმაურა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი დიმიტრი გვრიტიშვილი ნაზი ჯანეზაშვილის დღევანდელ განცხადებას. 

დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევი კონკურსის შეჩერება მოითხოვა. მისი განცხადებით,  ოქტომბერში დაწყებული კონკურსის დროს არაერთი დარღვევა გამოვლინდა, რომლებიც ეხება როგორც კანონით გათვალისწინებულ პროცედურებს, ასევე ინტერესთა კონფლიქტს.

გვრიტიშვილის განცხადებით, საბჭოს წევრებს შორის ნათესაური ურთიერთობა არ არსებობს, მან ასევე გამორიცხა ინტერესთა კონფლიქტიც.

„საკითხები, რაზეც დღეს ჯანეზაშვილმა ისაუბრა, დიდი ხნის წინ  გავლილია. მიმდინარე პროცედურას პრობლემა არ აქვს, შესაბამისად, იგი გაგრძელდება“, - განაცხადა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლემ.

გვრიტიშვილმა კანდიდატთა შერჩევის ვადებზეც ისაუბრა და განმარტა, რომ შესარჩევი კონკურისთვის მკაცრი ვადები კანონით განსაზღვრული არ არის. კერძოდ, OSCE/ODIHR-ის მისიის, ვენეციის კომისიისა და არასამთავრობო სექტორის რეკომენდაციების გათვალისწინებით, მიზანშეწონილი არ არის, რომ კონკურსი მოკლე ვადებში გაიმართოს და დასრულდეს, რადგან საქმე ეხება სასამართლოს უმაღლესი ინსტანციის დაკომპლექტებას. 

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევა საქართველოსთვის ერთ-ერთი რთული თემაა, რომელმაც 2019 წლის დასაწყისში ხმაურიანი სკანდალი გამოიწვია. ვითარების დასამშვიდებლად მოსამართლეების შერჩევის ახალი წესები შემუშავდა. მათი ნაწილი უკვე შერჩეულია, თუმცა ყველა ადგილი არ შევსებულა, რადგან გადაწყდა, რომ წესები კიდევ გადაიხედოს და მოსამართლეების დამტკიცების საშუალება 2020 წლის მოწვევის პარლამენტს მიეცეს.

„დაკარგული შესაძლებლობა“: ევროკავშირი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის შესახებ>>>

საქართველოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის ახალი ეტაპი გასული წლის ოქტომბერში დაიწყო.  მონაწილეობაზე განაცხადი 111-მა კანდიდატმა შეიტანა. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ აქედან 50 კანდიდატი შეარჩია და დეკემბერში უმაღლესი სასამართლო ინსტანციის დასაკომპლექტებლად მოსამართლის ცხრა ვაკანტურ ადგილზე 50 პრეტენდენტთან გასაუბრება დაიწყო.

რეგლამენტის თანახმად, მას შემდეგ, რაც პრეტენდენტების სია 9-მდე შემცირდება, დაიწყება კენჭისყრა თითოეულზე, რათა შემდეგ კანდიდატებები დასამტკიცებლად პარლამენტს წარუდგინონ. ამ სიაში მოხვდებიან ისინი, ვისაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა ხმების 2/3 ექნება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის პოსტის დასაკავებლად განცხადების შეტანა შეეძლოთ საქართველოს მოქალაქეებს, რომელთა ასაკი 30 წელზე მეტია, მოქმედ მოსამართლეებს არანაკლებ ხუთწლიანი პროფესიული გამოცდილებით, ასევე ყოფილ მოსამართლეებს პროფესიული მუშაობის არანაკლებ ხუთწლიანი გამოცდილებით.

 

მთავარი თემები