12:41 02 მარტი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0101
  • 100 RUB4.4917
  • USD3.3268
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
72 0 0

ღარიბაშვილმა პარლამენტს წარუდგინა მთავრობის პროგრამა „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“, რომელიც 2020 წლის ნოემბერში მინისტრთა კაბინეტის წინა შემადგენლობის დამტკიცების შემდეგ არ შეცვლილა

თბილისი, 22 თებერვალი - Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა ორშაბათს მთავრობის პროგრამა წარმოადგინა.

პროგრამის წარდგენა სხდომათა დარბაზში პრაქტიკულად ოპოზიციის გარეშე, მშვიდ გარემოში მიმდინარეობდა.

„დესტრუქციული ძალები“

პარლამენტის ტრიბუნიდან პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გააკრიტიკა ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილი, რომელიც პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს და საკანონმდებლო ორგანოში შესვლაზე უარს ამბობს. ახლა ოპოზიციის უმრავლესობა აცხადებს, რომ პოლიციას არ მისცემს საშუალებას აღასრულოს სასამართლოს გადაწყვეტილება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ნიკა მელიას დაპატიმრების თაობაზე.

სამწუხაროდ, დესტაბილიზაციის პროცესი უგუნური დესტრუქციული ძალის მხრიდან გრძელდება, რაც ხელს უშლის ქვეყნის სტაბილურობას და მის სწრაფ განვითარებას, აღნიშნა ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, ოპოზიციამ სახელმწიფოს გამოცდა გადაწყვიტა.

„რამდენიმე დღის, კვირის წინ სახელმწიფოს გამოცდა გადაწყვიტა ამ დესტრუქციულმა ძალამ. ტესტი, რომელიც წარუდგინა ჩვენს სამართალდამცავ სისტემას, არის გათვლილი იმაზე, რომ მოხდეს ჩვენი პოლიციის, მთლიანად მართლმსაჯულების სისტემის დისკრედიტირება... ამას არ დავუშვებდით, არ დავუშვებთ და არც მომავალში ვაპირებთ ასეთი მცდელობის დაშვებას. ყველა გამოწვევას გავცემთ საკადრის პასუხს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ამასთან, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ხელისუფლება არ აპირებს მოლაპარაკების გამართვას „ნაცმოძრაობასთან“ და მზადაა დიალოგისთვის კონსტრუქციულ ოპოზიციასთან.

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გზავნილი რიგგარეშე არჩევნების საკითხი გახდა.

„ეს თემა დახურულია“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

პროგნოზირებადი საქართველო

ღარიბაშვილის გამოსვლის ერთ-ერთ მთავარ აქცენტად საქართველოში კორონავირუსის ფონზე შექმნილი ვითარება იქცა.

„პირველი 100 დღის განმავლობაში მთავარი პრიორიტეტები იქნება, ქვეყანაში წესრიგის დამყარება და რიგი დესტრუქციული ძალების კონსტიტუციურ წესრიგში და ჩარჩოებში დაბრუნება. რა თქმა უნდა, ჩვენი მთავარი პრიორიტეტი იქნება მოსახლეობისთვის ვაქცინების შემოტანა და ათწლიანი განვითარების ახალი, ამბიციური გეგმის შემუშავება, რომელსაც მე თქვენი ჩართულობით, ჩემს გუნდთან ერთად გავაკეთებ“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის თქმით, ქვეყანაში ეკონომიკა პროგნოზირებადი უნდა გახდეს.

„ქვეყანაში ​ეკონომიკაცა და პოლიტიკაც უნდა გავხადოთ პროგნოზირებადი. თითოეულმა ადამიანმა, თითოეულმა ბიზნესმენმა უნდა იგრძნოს, რომ ვცხოვრობთ სტაბილურ გარემოში, სადაც მოულოდნელ და ვითარების გამაუარესებელ მოვლენებს არ ექნება ადგილი, რომ სახელმწიფო ყველა სიტუაციაში მათ გვერდით იდგება და ხვალინდელი დღე იქნება დღევანდელზე უკეთესი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ეკონომიკის განვითარება

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ქვეყნის განვითარებაზე ისაუბრა.

ახლა ჩვენ უნდა გავაერთიანოთ საერთაშორისო რესურსები, სახელმწიფოს და კერძო სექტორის რესურსები და ერთიანი ენერგიით გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები - სოფლის მეურნეობაში და ადგილობრივი წარმოების განვითარებაში, აღნიშნა ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, სახელმწიფომ უნდა გააფართოვოს პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ და აღადგინოს დაკარგული დარგები.

„არ შეიძლება, მხოლოდ იმპორტირებულ საქონელზე ვიყოთ დამოკიდებული. ჩვენ შეგვწევს უნარი და გვაქვს შესაძლებლობა, რომ ჩვენით ვაწარმოოთ ერთი მხრივ, სოფლის მეურნეობის და ასევე სხვა სამრეწველო პროდუქტები“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

სხვა საკითხები

გამოსვლისას ირაკლი ღარიბაშვილმა ყურადღება გაამახვილა ეკონომიკის, ტურისტული სექტორის, რეგიონებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებაზე.

მან განათლების, ჯანდაცვის, პოლიციისა და ჯარის სისტემების რეფორმირების მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

საგარეო პოლიტიკა

კანდიდატმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს პროდასავლური კურსი.

„ჩვენ გავაგრძელებთ ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიმართულ პოლიტიკას“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

ამასთან დასძინა, რომ საქართველოს მთავრობა არ მოითმენს მენტორულ ტონს დასავლელი კოლეგებისგან.

„ჩვენ მხოლოდ რჩევის მიღება შეგვიძლია“, - აღნიშნა მან.

რუსეთთან ურთიერთობებზე საუბრისას კი ირაკლი ღარიბაშვილმა რამდენჯერმე გამოიყენა ტერმინი „ოკუპაცია“ და მას საქართველოს მთავარი გამოწვევა უწოდა.

ჩვენ იდეალურები არ ვართ

ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის ტრიბუნიდან მმართველი პარტიის შეცდომებიც აღიარა.

„ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა უფრო პროაქტიულ რეჟიმში ყველა ასეთ ბრალდებას გავცეთ საკადრისი პასუხი, ვინაიდან სიმართლე ჩვენს მხარეს არის. ერთი მხრივ, ჩვენ გვესმის, ჩვენ არ ვართ უშეცდომოები, რა თქმა უნდა, ჩვენი მთავრობა არ არის იდეალური, შეცდომები ყველას მოსდის, მათ შორის, ჩვენ. შეცდომები მოგვივიდა, ალბათ კიდევ მოგვივა. რაც მთავარია, ეს შეცდომა არ უნდა იყოს მოქალაქეებისთვის სერიოზული პრობლემების შემქმნელი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ახლა ღარიბაშვილი დეპუტატების კითხვებზე პასუხობს, რის შემდეგაც მისი მთავრობისთვის ნდობის გამოსაცხადებლად კენჭისყრა გაიმართება.

მთავარი თემები