თბილისი, 22 თებერვალი – Sputnik. საქართველოს პარლამენტში დღეს გაიმართება კენჭისყრა მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების შესახებ, მაგრამ პლენარულ სხდომამდე პრემიერ–მინისტრობის კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილი და მინისტრობის კანდიდატები ფრაქციის ფორმატში „ქართულ ოცნებას“ შეხვდებიან.
საქართველოს მთავრობის მეთაურის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც გიორგი გახარიამ გადადგომის შესახებ განაცხადა. პოლიტიკოსმა ეს გადაწყვეტილება ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის ფონზე მიიღო და აღნიშნა, რომ თავის გუნდთან ვერ მიაღწია თანხმობას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებულ საკითხზე.
მმართველმა პარტიამ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ პრემიერის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურა წამოაყენა.
ოპოზიციის წარმომადგენლებმა კანდიდატებთან ფრაქციის ფორმატში შეხვედრაზე უარი განაცხადეს. ისინი თავიანთ კითხვებს სხდომაზე დასვამენ.
- ნდობის მოსაპოვებლად მთავრობას პარლამენტის მინიმუმ 76 დეპუტატის ხმა სჭირდება. თუ პრემიერის კანდიდატურა ხმების საჭირო რაოდენობას ორჯერ ვერ მოაგროვებს, პრეზიდენტს პარლამენტის დათხოვნისა და ახალი არჩევნების დანიშვნის უფლება აქვს.
საკანონმდებლო ორგანო ორი დღის განმავლობაში, დაჩქარებული წესით უსმენდა მინისტრობის კანდიდატებს, კანდიდატებს პროგრამის წარსადგენად 20–25 წუთი ჰქონდათ, შემდეგ ისინი დეპუტატების კითხვებს პასუხობდნენ. საპარლამენტო კომიტეტებმა ირაკლი ღარიბაშვილის მინისტრთა კაბინეტს ხმათა უმრავლესობით ნდობა გამოუცხადეს.
როგორც საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა „პირველი არხის“ ეთერში განაცხადა, დღეს, დილით ფრაქციები გამართავენ შეხვედრას პრემიერობისა და მინისტრობის კანდიდატებთან. შემდეგ ბიურო კომიტეტების გადაწყვეტილების ინიცირებას მოახდენს სხდომაზე და დააყენებს საკითხს პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის გეგმის მხარდაჭერის შესახებ.
მინისტრთა ახალი კაბინეტი, რომელშიც სულ მცირე ცვლილებები შევიდა, ასეთია:
- რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი – ირაკლი ქარსელაძე;
- იუსტიციის მინისტრი – გოჩა ლორთქიფანიძე;
- შინაგან საქმეთა მინისტრი – ვახტანგ გომელაური;
- ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – ნათია თურნავა;
- საგარეო საქმეთა მინისტრი – დავით ზალკალიანი;
- ფინანსთა მინისტრი – ივანე მაჭავარიანი;
- განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი – მიხეილ ჩხენკელი;
- ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი – ეკატერინე ტიკარაძე;
- გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი – ლევან დავითაშვილი;
- თავდაცვის მინისტრი – ჯუანშერ ბურჭულაძე;
- შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი – თეა ახვლედიანი.
სამთავრობო გუნდში ორი ახალი სახე გამოჩნდა – თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი ჯუანშერ ბურჭულაძე და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატი ირაკლი ქარსელაძე.