თბილისი, 19 თებერვალი - Sputnik. მთავრობის ახალ შემადგენლობაში მხოლოდ ორი ახალი მინისტრი იქნება - თავდაცვის სამინისტროს ჯუანშერ ბურჭულაძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კი - ირაკლი ქარსელაძე უხელმძღვანელებს.
დღეს მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მიერ დასახელებულმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მინისტრობის ახალი კანდიდატები დაასახელა. „ოცნებამ“ პრემიერობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი მას შემდეგ წარადგინა, რაც გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა. გახარიას თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ ყველა მინისტრი მოვალეობის შემსრულებელი გახდა.
თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი ჯუანშერ ბურჭულაძე ამ დრომდე თავდაცვის მინისტრის მოადგილე იყო. ამასთან, 2016-2019 წლებში იგი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პირველი მოადგილის პოსტს იკავებდა. სხვადასხვა დროს ბურჭულაძე მუშაობდა ეროვნულ ბანკში, „ქართუ ბანკში”, „სტანდარტ ბანკში” და საჯარო უწყებებში.
ჯუანშერ ბურჭულაძე განათლებით ფინანსისტია, ჰყავს ცოლი და 8 შვილი.
რაც შეხება ირაკლი ქარსელაძეს - ის ამ დრომდე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე იყო, ასევე ხელმძღვანელობდა საავტომობილო გზების დეპარტამენტს. ქარსელაძე განათლებით ეკონომისტია.
ირაკლი ქარსელაძე მუშაობდა როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში. მათ შორის, იკავებდა „დიპლომატ ჯორჯიაში“ ლოჯისტიკის დეპარტამენტის დირექტორის, „საქართველოს ლატარიის კომპანიაში“ შესყიდვების, ლოჯისტიკისა და ადმინისტრაციის დირექტორის, „ლომისი“ - ლუდსახარშ „ნატახტარში“ ლოჯისტიკისა და შესყიდვების დირექტორის და „ქართუ ჯგუფში“ საერთაშორისო შესყიდვების დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობებს. 2012 წლიდან საქართველოს მთავრობის კანცელარიაში იკავებდა ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის პოზიციას.
ქარსელაძე ასევე მუშაობდა საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდისა და შვილობილი კომპანიების აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე, ამავდროულად იყო საქართველოს თანაინვესტირების ფონდის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე.
20-21 თებერვალს მინისტრობის კანდიდატების მოსმენა საპარლამენტო კომიტეტებში გაიმართება. 22 თებერვალს პრემიერობის კანდიდატი და კაბინეტი პოლიტიკურ ჯგუფებს - საპარლამენტო უმრავლესობასა და ოპოზიციას შეხვდებიან. ამავე დღეს პარლამენტი, პლენარული სხდომის ფორმატში, ნდობის გამოცხადებაზე გადაწყვეტილებას მიიღებს.
ნდობის მოსაპოვებლად მთავრობას პარლამენტის მინიმუმ 76 დეპუტატის ხმა სჭირდება. თუ პრემიერის კანდიდატურა ხმების საჭირო რაოდენობას ორჯერ ვერ მოაგროვებს, პრეზიდენტს პარლამენტის დათხოვნისა და ახალი არჩევნების დანიშვნის უფლება აქვს.