10:40 27 თებერვალი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0322
  • 100 RUB4.4633
  • USD3.3255
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
115 0 0

ლეგიტიმურად გამოცხადებული არჩევნების შედეგების ეჭვქვეშ დაყენება, დაუმორჩილებლობის ყველა ფორმის გამოყენება მიზნად ისახავს ქვეყნის დასუსტებასა და დესტაბილიზაციას, განაცხადა პრეზიდენტმა.

თბილისი, 19 თებერვალი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გამოთქვა იმედი, რომ საქართველოს მომავალი მთავრობა ახალ პრემიერთან ერთად შეძლებს ქვეყანაში მიმდინარე მძიმე პოლიტიკური პროცესების შეჩერებას, ნათქვამია სახელმწიფოს მეთაურის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

ხუთშაბათს გიორგი გახარიამ პოლიტიკური კრიზისის ფონზე მოულოდნელად პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა, ხოლო გადადგომის მიზეზად განმარტა, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ გუნდთან შეთანხმებას ვერ მიაღწია. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გადადგა მთავრობის მთლიანი შემადგენლობაც.

რამდენიმე საათში მმართველმა პარტიამ „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“ პრემიერის ვაკანტურ პოსტზე თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი ღარიბაშვილი წამოაყენა.

„ვიმედოვნებ, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი და მომავალი მთავრობა შეძლებს ამ მძიმე პროცესების შეჩერებას და არ დაუშვებს, რომ ვინმემ საკუთარი პოლიტიკური ამბიციები ქვეყნის ინტერესებზე მაღლა დააყენოს და საფრთხე შეუქმნას ქვეყნის იმ ინსტიტუტებს, რომლებიც დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს საყრდენია“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისსა და ოპოზიციის მიერ 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიუღებლობას შეიძლება მოჰყვეს „უმძიმესი შედეგები“, დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ საზოგადოებაში ნდობის დაკარგვა.

მისი თქმით, არჩევნების შედეგების პატივისცემა და წაგების აღიარება დემოკრატიის ქვაკუთხედს წარმოადგენს. ამ დემოკრატიულ პრინციპებზე უარის თქმა ხელს აძლევს მხოლოდ იმ შიდა და გარე ძალებს, რომლებიც თავის პოლიტიკურ ამბიციებს ქვეყნის ინტერესებზე მაღლა აყენებენ და რეგიონში საქართველოს სტაბილურობასა და დემოკრატიულობას საფრთხედ აღიქვამენ.

გარდა ამისა, ზურაბიშვილის შეფასებით, ქვეყანაში დღითი დღე იზრდება პოლარიზება, დაძაბულობა და დაპირისპირება.

„ლეგიტიმურად ცნობილი არჩევნების შედეგების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება, დაუმორჩილებლობის ყველა ფორმის გამოყენება, საზოგადოებრივ-სოციალური პროტესტის წაქეზება მიზნად ისახავს ქვეყნის დასუსტებასა და დესტაბილიზაციას“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ პარასკევს შეხვედრა გამართა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან, რომლებთანაც დეტალურად განიხილა მიმდინარე სიტუაცია.

„მიმაჩნია, რომ საჭიროა სიტუაციის დაუყოვნებლივ დეესკალაცია და დაძაბულობის განმუხტვა, რომელსაც პირველ რიგში სჭირდება ნამდვილი კონსტრუქციული დიალოგი, რათა ამ პროცესებმა არ დააზიანოს ქვეყნის სტაბილურობა და საერთაშორისო იმიჯი“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

ამასთან სახელმწიფო მეთაურმა აღნიშნა, რომ თავისი გამოცდილებიდან გამომდინარე, მზად არის მხარი დაუჭიროს ნებისმიერი ფორმის დიალოგს, მაგრამ დარწმუნებულია, რომ „დათმობის პოლიტიკა მხოლოდ მაშინ ამართლებს, თუ ორივე მხარე კონსტრუქციული დიალოგისთვის მზადაა და არა როცა დათმობა აღქმულია სისუსტედ, ან, უფრო მეტიც, როდესაც ეს შეიძლება ვინმემ საკუთარ გამარჯვებად წარმოაჩინოს“.

პრეზიდენტის თქმით, კონსტრუქციული დიალოგი არ ითვალისწინებს წინაპირობების წაყენებას და პროცესების რადიკალიზაციას, ხოლო „ქვეყნის დაწყნარებით და განვითარებით ყველა გამარჯვებული დარჩება“.

 

მთავარი თემები