არის თუ არა „ქართულ ოცნებაში“ განხეთქილება – თალაკვაძის განმარტება

© photo: Parliament of Georgia / FBარჩილ თალაკვაძე
არჩილ თალაკვაძე - Sputnik საქართველო, 1920, 18.02.2021
გამოწერა
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, პრემიერ–მინისტრის გადადგომა ქვეყანაში დესტაბილიზაციას არ გამოიწვევს

თბილისი, 18 თებერვალი – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ ერთიანია და ქვეყანაში არანაირი დესტაბილიზაციას არ დაუშვებს, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე. 

აღნიშნული განცხადება მან პრემიერ–მინისტრ გიორგი გახარიას თანამდებობის დატოვების შემდეგ გააკეთა, რომლის მიზეზად მთავრობის მეთაურმა ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიას დაპატიმრებასთან დაკავშირებით მმართველ გუნდთან აზრთა სხვადასხვაობა დაასახელა. 

ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 18.02.2021
„ქართულ ოცნებაში“ გახარიას გადადგომის მიზეზები განმარტეს

 „მკაფიოდ მინდა ვთქვა, რომ პოლიტიკური გუნდი არის ერთიანი. სახელმწიფო ინსტიტუტები სრულ მზადყოფნაშია იმისთვის, რომ ყველა საჯარო ფუნქციის, ყველა სახელმწიფო სერვისის მიწოდება გაგრძელდეს უწყვეტ რეჟიმში. რასაკვირველია, ჩვენ არ დავუშვებთ ქვეყანაში დესტაბილიზაციის არანაირ მცდელობებს. ამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარანტი სწორედ საქართველოს პარლამენტია“,- განაცხადა თალაკვაძემ.

საქართველოს კონსტიტუციით, პრემიერ–მინისტრს უფლებამოსილება გადადგომისთანავე უწყდება, ხოლო მთავრობა ახალი პრემიერის დანიშვნამდე მოვალეობების შემსრულებელი იქნება. მთავრობის მეთაურის მოვალეობებს პირველი ვიცე–პრემიერი შეასრულებს.

ქვეყნის ყველა მინისტრი ამ დროისთვის მოვალეობის შემსრულებელია. ახლა პარლამენტს ორი კვირა აქვს, რომ ნდობა გამოუცხადოს ახალ პრემიერსა და მის მიერ წარდგენილ მთავრობის ახალ შემადგენლობას.

ნიკა მელია ახალ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვს>>>

ნდობის მოსაპოვებლად მთავრობას პარლამენტის მინიმუმ 76 დეპუტატის ხმა სჭირდება.

პრემიერისა და მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობას წარადგენს პარტია, რომელმაც არჩევნებზე ყველაზე მეტი ხმა მიიღო, ანუ „ქართული ოცნება“. თუ პრემიერის კანდიდატურა ორჯერ ვერ მოაგროვებს 76 ხმას, პრეზიდენტს პარლამენტის დათხოვნისა და ახალი არჩევნების დანიშვნის უფლება აქვს.

ოპოზიციური პარტიის ლიდერს, ნიკა მელიას ბრალად ედება 2019 წლის 20-21 ივნისს პარლამენტზე შტურმის დროს ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას ექვს წლამდე პატიმრობა ელოდება.

იმისთვის, რომ პროკურატურას სასამართლოსთვის მელიას დაკავების თხოვნით მიემართა, საქართველოს პარლამენტმა მას დეპუტატის ხელშეუხებლობა მოუხსნა.

პრემიერის გადადგომასთან დაკავშირებით შსს–მ ნიკა მელიას დაკავება გადადო.


 

ყველა ახალი ამბავი
0