02:19 09 მარტი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9640
  • 100 RUB4.4518
  • USD3.3202
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
58 0 0

ენ ლინდე საქართველოს სამშაბათს, 16 თებერვალს სამუშაო ვიზიტით ეწვია, რომლის ფარგლებშიც საქართველოს პირველ პირებთან, ასევე პარლამენტის დეპუტატებთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრებს გამართავს.

თბილისი, 16 თებერვალი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ეუთოს მოქმედ თავმჯდომარესთან, შვედეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრ ენ ლინდესთან შეხვედრა გამართა, იუწყება მთავრობის ადმინისტრაცია. 

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი მდგომარეობა, რეგიონში არსებული ვითარება და მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები.

როგორც გახარიამ აღნიშნა, საქართველოს მთავრობა მზადაა შვედეთის სამეფოსთან, როგორც ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანასთან, მჭიდრო თანამშრომლობა გააგრძელოს.

„შეხვედრისას ასევე ყურადღება დაეთმო ქვეყანაში განხორციელებულ და მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებს, რომლებიც ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტების გაძლიერებას ისახავს მიზნად. შეხვედრისას მხარეები შვედეთთან, როგორც ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანასთან, საერთაშორისო თანამშრომლობის აქტუალურ საკითხებს განიხილავენ“, – ნათქვამია განცხადებაში.

გახარიამ და ლინდემ ასევე ისაუბრეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ფორმატების ეფექტიან ფუნქციონირებასა და მნიშვნელობაზე.

დღესვე ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ შეხვედრა გამართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან არჩილ თალაკვაძესთან.

პარლამენტის პრეს-სამსახურის ცნობით, შეხვედრის განსახილველი თემა ორ ქვეყანას შორის არსებული პოლიტიკური და სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხები იყო.

„საქართველოში ან ლინდეს ვიზიტი სოლიდარობისა და მეგობრობის კიდევ ერთი დადასტურებაა... შვედეთი მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გადაჭრის მიმართულებით“, – განაცხადა შეხვედრის დასასრულს თალაკვაძემ.

შვედმა დიპლომატმა ასევე შეხვედრა გამართა ქართველ კოლეგა დავით ზალკალიანთან.

ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან, პარლამენტის წევრებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან.

გარდა ამისა, ეუთოს თავმჯდომარე გეგმავს სამუშაო გასვლით შეხვედრას საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან ერთად.

 

მთავარი თემები