19:11 06 მარტი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9640
  • 100 RUB4.4518
  • USD3.3202
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
169 0 0

შაბათს თბილისსა და ქუთაისში საპროტესტო აქციებზე წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით რამდენიმე აქტივისტი დააკავეს

თბილისი, 14 თებერვალი – Sputnik. თბილისში, მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ოფისთან გამართული საპროტესტო აქციის დროს დაკავებული „მოძრაობა საქართველოსთვის“  წევრები სასამართლომ ადმინისტრაციული წესით დააჯარიმა, იუწყება პირველი არხი.

კახა კვეკვესკირს სასამართლომ 1 100 ლარის გადახდა დაკისრა, ხოლო დათო დიღმელაშვილს - 1000 ლარის. ისინი წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით მმართველი პარტიის ოფისთან 13 თებერვალს დააკავეს.

„ასე სწრაფად გადაწყვეტილების მიღება მოსამართლის მიერ არ არის ახალი ამ ქვეყანაში. ამოპრინტა დადგენილება და გაიქცა. მე დამაჯარიმეს 1 100 ლარით. საერთოდ არანაირი მტკიცებულება სასამართლოს არა აქვს. ჩვენგან შუამდგომლობა არ მიიღეს. გაქცევის დროს მოსამართლემ წამოიძახა, რომ გასაჩივრების უფლება გაქვთო“, - განაცხადა „მოძრაობა საქართველოსთვის“ წევრმა, კახა კვეკვესკირმა.

დათო დიღმელაშვილის განცხადებით,  სასამართლოს მიერ მისთვის დაკისრებული ჯარიმა პოლიტიკურად მოტივირებულია.

„ჩემს შემთხვევაში იყო 1000-ლარიანი ჯარიმა. წინააღმდეგობის გაწევის მუხლი მქონდა. მიმაჩნია, რომ ეს ჯარიმა და პოლიციის მიერ ჩვენდამი დამოკიდებულება სუფთა პოლიტიკური ნიშნით ხდება. ვაპროტესტებთ ამ ხელისუფლების უზურპაციას და ვითხოვთ ვადამდელ არჩევნებს. ასეთი ადმინისტრაციული ღონისძიებებით გვსჯიან ჩვენ და ჩვენს მეგობრებს“, - განაცხადა დიღმელაშვილმა.

13 თებერვალს მმართველი პარტიის ოფისთან  ახალგაზრდული ორგანიზაციების - „შეცვალე“ და „მოძრაობა საქართველოსთვის“ რამდენიმე ათეულმა წარმომადგენელმა ოფისში მიმდინარე საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის პარალელურად საპროტესტო აქცია გამართა.

ისინი მივიდნენ „ოცნების“ ოფისთან, რათა კიდევ ერთხელ შეეხსენებინათ მმართველი პარტიისთვის გაყალბებული არჩევნების შესახებ და ოთხშაბათსა და ხუთშაბათს გამართული აქციების შემდეგ თავისი თანამოაზრეების დაკავება გაეპროტესტებინათ.

აქციის მონაწილეების განცხადებით, პოლიციამ მათი თანამოაზრეების დაკავებები მას შემდეგ დაიწყო, რაც მომიტინგეებმა „ქართული ოცნების“ წევრები, რომლებიც ოფისს პარკინგიდან ტოვებდნენ, შეძახილებით „მონებო“ გააცილეს.

გუშინ ასევე გაიმართა აქცია ქუთაისის მერიასთან. მცირერიცხოვან, თუმცა ხმაურიან აქციაზე პოლიციამ 6 პირი დააკავა. სასამართლომ ისინი დარბაზიდან გაათავისუფლა. სამ მათგან ადმინისტრაციული ჯარიმა დაეკისრა, სამის პროცესი კი გადაიდო.

ოპოზიციის, სამოქალაქო აქტივისტებისა და არასამთავრობო სექტორის საპროტესტო აქციები ბოლო დროს რეგულარულად მოვლენად იქცა. აქციებში, ძირითადად, რამდენიმე ათეული ადამიანი მონაწილეობს. ხანდახან უფრო ნაკლებიც, თუმცა პროტესტი ყოველთვის ხმაურიანია. დემონსტრანტები იყენებენ მეგაფონებს, დინამიკებს, სასტვენებს.

მთავარი თემები