06:14 19 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9801
  • 100 RUB4.4446
  • USD3.2994
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს მთავრობა (100)
54 0 0

შეხვედრაზე პოზიტიურად შეფასდა ის ფაქტიც, რომ ლიეტუვურ ენაში საქართველოს ერთადერთი ოფიციალური სახელწოდება „საქართველას“ გახდა.

თბილისი, 12 იანვარი - Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ანდრიუს კალინდრას შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის არსებულ განსაკუთრებულ, მეგობრულ ურთიერთობებზე, ხაზი გაესვა ლიეტუვის მნიშვნელოვან მხარდაჭერას საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში. ამასთან, საუბარი შეეხო საქართველოსა და ლიეტუვაში კორონავირუსის პანდემიის კუთხით არსებულ ვითარებას. 

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, გარდა COVAX-პლატფორმისა, საქართველო ინტენსიურად მუშაობს ვაქცინის მწარმოებლებთან, რათა ქვეყანამ ვაქცინა რაც შეიძლება ადრე მიიღოს და ამ პროცესში საერთაშორისო პარტნიორებისა და მეგობარი სახელმწიფოების მხარდაჭერას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება.

„ამ კონტექსტში აღინიშნა ლიეტუვის მხრიდან ევროკავშირის 13 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების წერილის ინიცირება, რომელიც ევროკავშირს მოუწოდებს, შეიმუშაოს გამარტივებული მექანიზმი, რათა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრმა სახელმწიფოებმა, მათ შორის საქართველომ, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მიღება გაზაფხულზე შეძლონ“, - ნათქვამია განცხადებაში.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მომდევნო სამიტის შესახებ, რომელიც მიმდინარე წლის ზაფხულში იგეგმება. ანდრიუს კალინდრამ აღნიშნა, რომ ლიეტუვა მომავალშიც გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში.

საქართველოსა და ლიეტუვას შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1994 წლის 16 სექტემბერს დამყარდა. ქვეყნები თანამშრომლობენ ეკონომიკის, კულტურის, განათლების, სოფლის მეურნეობისა და ჯანდაცვის სფეროებში.

ქართულ ენაში 2018 წლის მაისში ოფიციალურად დამკვიდრდა ლიტვის ავთენტური დასახელება — ლიეტუვა (Lietuva), რაც წარმოადგენს სახელმწიფო ენის დეპარტამენტის მხრიდან საპასუხო ჟესტს იმაზე, რომ 3 მაისიდან ლიეტუვურ ენაში საქართველოს ავთენტური სახელწოდება დამკვიდრდა. რამდენიმე დღის წინ კი ლიეტუვა გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც საქართველოსთან მიმართებაში სახელწოდება „საქართველას" გამოიყენა.

თემები:
საქართველოს მთავრობა (100)

მთავარი თემები