12:17 16 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0033
  • 100 RUB4.4956
  • USD3.2987
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
38 0 0

მმართველი პარტია არჩევნებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიას შექმნის, ხოლო დაუბალანსებელი  ოქმების 30-წლიან პრობლემას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვით მოაგვარებს.

თბილისი, 11 იანვარი – Sputnik. 2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით თებერვლის პირველ კვირაში საგამოძიებო კომისია შეიქმნება, განაცხადა „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ.

პოლიტიკური კრიზისი საქართველოში 31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ დაიწყო. არჩევნების შედეგებით „ქართულმა ოცნებამ“ ძალაუფლება შეინარჩუნა. ამით უკმაყოფილო ოპოზიციური პარტიების უმეტესობა ვადამდელი არჩევნების ჩატარებას ითხოვს. პარლამენტში გასული რვიდან ექვსი ოპოზიციური პარტია უარს აცხადებს სადეპუტატო მანდატებზე.

კობახიძის განცხადებით, კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეული იქნება ყველა საერთაშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია, მათ შორის OSCE/ODIHR-ის, რათა უზრუნველყოფილი იყოს კომისიის მუშაობის მაქსიმალური ინკლუზიურობა და გამჭვირვალობა.

„კიდევ ერთხელ ვთავაზობთ ოპოზიციურ პარტიებს, ჩაერთონ საპარლამენტო მუშაობაში და საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის საქმიანობაში, რათა ნათელი მოვფინოთ სიმართლეს არჩევნებთან დაკავშირებით“, – განაცხადა კობახიძემ.

კობახიძის თქმით, ოპოზიციურ პარტიებს სთავაზობენ, გადაამოწმონ იმდენი საარჩევნო უბნის მონაცემები, რამდენიც საჭიროდ ჩაითვლება სიმართლის დასადგენად.

„ამასთან, ბუნებრივია, ძალაში რჩება ჩვენი პირობა იმასთან დაკავშირებით, რომ თუნდაც ერთპროცენტიანი გადახრის აღმოჩენის შემთხვევაში მმართველი პარტია დაუყოვნებლივ დანიშნავს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს, პირადად მე კი, როგორც „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, ჩამოვშორდები პოლიტიკურ საქმიანობას“, – აღნიშნა კობახიძემ.

კობახიძის განცხადებით, გარდა ამისა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის დაგეგმილია ხმის მისაცემი აპარატებისა და თითის ანაბეჭდით ამომრჩეველთა რეგისტრაციისთვის განკუთვნილი ტექნიკის შეძენა, რაც გამორიცხავს როგორც ყოველგვარ მანიპულაციას, ისე ადამიანურ შეცდომას არჩევნების შედეგების დათვლისას და საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ აღმოფხვრის დაუბალანსებელი ოქმების 30-წლიან პრობლემას.

„ჩვენ ვერ დაველოდებით, როდის დაასრულებს ოპოზიცია ჭირვეულობას და საპარლამენტო უმრავლესობის სახელით ვთხოვთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, დაუყოვნებლივ დაიწყოს მუშაობა ოქტომბრის მუნიციპალური არჩევნების შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობით უზრუნველყოფაზე, რომლის დასანერგად საქართველოს პარლამენტი სათანადო საკანონმდებლო ბაზას შეიმუშავებს“, – განაცხადა კობახიძემ.

კობახიძის აზრით, აშკარაა, რომ საქართველოში დღეს არსებულ ძირითად ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალებს არა აქვთ დემოკრატიულ პროცესებში დადებითი წვლილის შეტანის რესურსი. მათ ამის საშუალებას არ აძლევს უმძიმესი პოლიტიკური წარსული და თანდაყოლილი დესტრუქციული ბუნება.

„თუმცა, რადგან დღეს ისინი განასახიერებენ ოპოზიციას, ვალდებული ვართ, კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ მათ, ჩაერთონ საპარლამენტო მუშაობაში, არჩევნების შედეგების გადამოწმებასა და საარჩევნო რეფორმის განხორციელებაში. იმედი გვაქვს, ისინი ამჯერად მაინც არ შეუშინდებიან და არ აარიდებენ თავს არჩევნების შედეგების გადამოწმებას“, – განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, საპარლამენტო მუშაობაში უკვე ჩაერთო ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანება „ევროპელი სოციალისტები“, რამაც საბოლოოდ ჩამოშალა რადიკალური ოპოზიციის მიერ დაგეგმილი „ერთპარტიული პარლამენტის“ სცენარი. ამ ვითარებაში პარლამენტის საბოტაჟის გაგრძელებამ ყოველგვარი რაციონალური საფუძველი დაკარგა.

„მიუხედავად ამისა, ვხედავთ, რომ შედარებით ჯანსაღ ოპოზიციურ ძალებსაც კი, შანტაჟის შიშის გამო, ჯერ კიდევ უჭირთ ნაბიჯის გადადგმა და დემოკრატიულ საპარლამენტო პროცესში ჩართვა“, – განაცხადა კობახიძემ.

ოპოზიცია ამტკიცებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ამომრჩეველზე ზეწოლისა და კენჭისყრის შედეგების გაყალბების გზით მოიგო. სწორედ ამას უკავშირდება მათი პროტესტი და ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილის უარი სადეპუტატო მანდატებზე. ამასთან, საერთაშორისო დამკვირვებლებმა განაცხადეს, რომ არჩევნები თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში, სერიოზული დარღვევების გარეშე ჩატარდა.

საქართველოს პარლამენტმა თითქმის ერთი თვის მანძილზე ერთპარტიულ რეჟიმში იმუშავა, თუმცა იანვრის დასაწყისში ოპოზიციური პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ პარტიული სიის წევრებმა პარლამენტში შესვლის მზადყოფნა გამოთქვეს. დეპუტატებმა ავთანდილ ენუქიძემ, ფრიდონ ინჯიამ, გელა მიქაძემ და დავით ზილფიმიანმა უფლებამოსილების ცნობის შემდეგ პარტია დატოვეს და შექმნეს ახალი პოლიტიკური ძალა სახელწოდებით „ევროპული სოციალისტები“.

რაც შეეხება სხვა პარტიებს, რომლებმაც არჩევნებში ბარიერის გადალახვა შეძლეს, ისინი კვლავ ბოიკოტის რეჟიმში რჩებიან. ამ ხნის მანძილზე დასავლელი დიპლომატები ოთხი რაუნდის განმავლობაში ცდილობდნენ ოპოზიციური პარტიები პარლამენტში შესვლაზე, ხელისუფლება კი – გარკვეულ დათმობებზე წასვლაზე დაეთანხმებინათ, თუმცა – უშედეგოდ.

მთავარი თემები