თბილისი, 5 იანვარი – Sputnik. დეპუტატები ფრიდონ ინჯია, გელა მიქაძე და დავით ზილფიმიანი უფლებამოსილების ცნობის შემდეგ „პატრიოტთა ალიანსს“ ემიჯნებიან და ახალ პოლიტიკურ პარტიას ქმნიან.
ახალ პოლიტიკურ გაერთიანებას „ევროპელი სოციალისტები“ ერქმევა. უკვე შემდეგ შაბათს პარტიის პირველი ყრილობაა დაგეგმილი, რომელზეც მთელი პოლიტიკური გუნდი იქნება წარმოდგენილი.
პარტიის მიზანი ეროვნული ტრადიციების, ევროპული ფასეულობების დაცვა, ასევე ეკონომიკის გაძლიერება და მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესება იქნება.
„პარლამენტში შესვლასთან ერთად ჩვენ ვტოვებთ „პატრიოტთა ალიანსს“. ეს არის ჩვენთვის მტკივნეული გადაწყვეტილება, რადგან წლების მანძილზე ბევრი რამ გვაქვს გაკეთებული ამ პარტიის წინსვლისა და წარმატებისთვის. დარწმუნებული ვართ, ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა ჩვენს გადაწყვეტილებას დადებითად შეაფასებს. ამასთანავე არ შემიძლია მადლობა არ გადავუხადო პარტიის თავმჯდომარეს, ბატონ დავით თარხან-მოურავს, რომ მოგვცა საშუალება ვიყოთ აქ, პარლამენტში ამ სტატუსით“, – განაცხადა ინჯიამ.
სამშაბათს საქართველოს პარლამენტმა რიგგარეშე სხდომაზე პარტია „პატრიოტთა ალიანსის“ პარტიული სიის სამი წევრის – გელა მიქაძის, ფრიდონ ინჯიასა და დავით ზილფიმიანის სადეპუტატო უფლებამოსილება ცნო. ოპოზიციის წარმომადგენლები უკვე შეუერთდნენ რიგგარეშე სესიის დღევანდელ პლენარულ სხდომას.
პარლამენტმა „პატრიოტთა ალიანსის“ სამ წევრს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყვიტა>>
„ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენი ამომრჩევლის გადაწყვეტილებას, შევდივართ პარლამენტში იმისათვის, რომ ოპონირება გავუწიოთ მმართველ პარტიას. რა თქმა უნდა, არ გვექნება იმის შესაძლებლობა, რომ შევცვალოთ უმრავლესობის გადაწყვეტილებები, მაგრამ გვჯერა, რომ ქვეყნის ინტერესებზე დაფუძნებული, კონსტრუქციული, არგუმენტირებული დასკვნებით და ამასთანავე მოურიდებელი მწვავე კრიტიკით მმართველი პარტიის მიმართ შევძლებთ გავლენა მოვახდინოთ პარლამენტის მიერ მისაღებ გადაწყვეტილებაზე“, – განაცხადა ინჯიამ.