11:56 21 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9977
  • 100 RUB4.4864
  • USD3.2982
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
10601

ნიკა მელია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ დღეს გამართულ პარტიის ყრილობაზე ერთხმად აირჩიეს

თბილისი, 27 დეკემბერი ― Sputnik. საქართველოს უმსხვილესი ოპოზიციური პარტიის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რიგით მეცხრე ყრილობაზე ნიკა მელია პარტიის თავმჯდომარედ აირჩიეს.

პარტიის ყრილობა ახლახან დასრულდა. ნიკა მელია თავმჯდომარის პოსტზე ერთხმად აირჩიეს. არჩევის შემდეგ მელიამ თანაპარტიელებს სიტყვით მიმართა და მათ მადლობა გადაუხადა.

„ნაციონალური მოძრაობიდან“ ბევრი წასულა და პატივი უნდა ვცეთ მათ არჩევანს, მაგრამ, ბუნებრივია, იბადება კითხვა – როგორ ხდება, რომ ბევრი მიდის, წასულან დიდებიც, წასულან ბევრნიც, ცოტაც, მაგრამ ეს მოძრაობა კი არ სუსტდება, არამედ პირიქით ძლიერდება და გაძლიერებულა, რა არის ამის მიზეზი? ამას აქვს მარტივი ახსნა, „ნაციონალური მოძრაობა“ არის ეროვნული მოძრაობის გაგრძელება, ეს არ არის პერსონების მოძრაობა, „ნაციონალური მოძრაობა“ არის ევროპული, თავისუფალი და წარმატებული საქართველოს იდეა და ამ იდეას ამიტომაც ვერცერთი ცალკე აღებული ადამიანი ვერ აზიანებს“, – განაცხადა მელიამ.

მანამდე კი თავმჯდომარის არჩევა რამდენიმე დღის განმავლობაში ელექტრონული კენჭისყრით, პარტიის Facebook-გვერდზე მიმდინარეობდა, რომელში მონაწილეობაც ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლო. კენჭისყრა 21 დეკემბერს დაიწყო და პარასკევს, 21:00 საათზე დასრულდა. კენჭისყრის შედეგად ნიკა მელიამ ხმათა 64.9% ხმა მიიღო, მისმა კონკურენტმა ლევან ვარშალომიძემ კი - 35.1%. ორივე კანდიდატი პარტიის პოლიტსაბჭოს მიერ იყო წარდგენილი. ელექტრონულ კენჭისყრაში 20 ათასზე მეტმა მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა. ეს პარტიის თავმჯდომარის არჩევის პირველი ელექტრონული კენჭისყრა იყო საქართველოს ისტორიაში.

ნიკა მელიას პარტიის თავმჯდომარედ არჩევა პარტიის დამფუძნებელმა, მიხეილ სააკაშვილმა ოფიციალურად მიულოცა.

მან ასევე ლევან ვარშალომიძეს საქართველოში დაბრუნებისა და „ნაცმოძრაობის“ რიგებში ბრძოლის გაგრძელების გამო მადლობა გადაუხადა.

„ნიკა მელიას მინდა მივულოცო გამარჯვება. ნიკა არის ჩემთვის შეუპოვრობის, გამბედაობის, თავგანწირვის სიმბოლო, რის გარეშეც არაფერი გამოვა უკვე იმიტომ, რომ ჩვენ ვართ ბრძოლის გადამწყვეტ ეტაპზე... მინდა, გითხრათ, რომ მომავალში, როგორც კი ამ უზურპატორებს  ჩამოვაშორებთ ხელისუფლებას, ყველა ძირითადი გადაწყვეტილება ქართველი ხალხის მიერ სწორედ ასე იქნება მიღებული – ელექტრონულ არჩევნებში, ღილაკზე თითის დაჭერით“, - განაცხადა სააკაშვილმა.

ნიკა მელია  2013-2014 წლებში მთაწმინდის გამგებელი იყო, 2014 წელს კი - თბილისის მერობის კანდიდატი. 2015 წლიდან არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილე და თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი. 2016-2019 წლებში იყო საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. 2019 წლის 25 ივნისს საქართველოს  პროკურატურამ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით. 2019 წლის 12 ნოემბერს  მელიას პარლამენტარის უფლებამოსილობა შეუჩერდა.
მელია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ბლოკმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა –  ძალა ერთობაშია“ გლდანის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატად წარადგინა.

პარტიის თავმჯდომარის კანდიდატურა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც მისმა ყოფილმა თავმჯდომარემ გრიგოლ ვაშაძემ 15 დეკემბერს ყველასთვის მოულოდნელად პარტიიდან წასვლის შესახებ განცხადება გააკეთა. 

გრიგოლ ვაშაძემ ყველაზე გავლენიანი ოპოზიციური პარტია საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის ფონზე  დატოვა. ოპოზიცია, რომელიც არჩევნების შედეგებს არ აღიარებს, პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებს. 

გრიგოლ ვაშაძე პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი 2017 წელს გახდა. იგი პარტიის თავმჯდომარის პოსტს 2019 წლის 24 მარტიდან იკავებდა.

 

მთავარი თემები