მოლაპარაკებები, პროტესტები და აკრძალვები: რა ხდება ქართულ პოლიტიკაში

© Sputnik / STRINGERგიგი უგულავა, ნინო ბურჯანაძე, შალვა ნათელაშვილი და სხვა პოლიტიკოსები მემორანდუმის ხელმოწერაზე
გიგი უგულავა, ნინო ბურჯანაძე, შალვა ნათელაშვილი და სხვა პოლიტიკოსები მემორანდუმის ხელმოწერაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაწყებული პოლიტიკური კრიზისი ძლიერდება, და მხარეები ჯერჯერობით კომპრომისს ვერ აღწევენ

მოლაპარაკებები ოპოზიციასა და მმართველ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს" შორის ჩიხში მოექცა, ოპოზიცია საპროტესტო აქციებს გაზაფხულზე აანონსებს, ხოლო შუამავლები უკვე ღიად ამბობენ, რომ სულ უფრო ნაკლები იმედი რჩება, რომ მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიონ.

ნაცმოძრაობის ყრილობა - Sputnik საქართველო
პოლიტიკური ნოკდაუნი თუ... რას უმზადებს „ქართული ოცნება" მთავარ მოწინააღმდეგეს

პოლიტიკური კრიზისი საქართველოში 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო. არჩევნების შედეგებით „ქართულმა ოცნებამ“ ძალაუფლება შეინარჩუნა, ამით უკმაყოფილო ოპოზიციური პარტიების უმეტესობა ვადამდელი არჩევნების ჩატარებას ითხოვს და, ამასთან დაკავშირებით უკვე შეიტანეს განცხადებები პარლამენტში მანდატებზე უარის თქმის შესახებ. პოლიტიკური კრიზისის მოსაგვარებლად, აშშ-სა და ევროკავშირის საელჩოებმა მხარეებს შორის მოლაპარაკებები დააორგანიზეს.

„ვფიქრობ, სიტუაცია სერიოზულია და შესაბამისად ჩემი მოწოდებაა ყველასთვის, გამოიყენონ ეს მომენტი, რომ დეტალურად იფიქრონ, თუ რის ხილვას ისურვებდნენ შექმნილი სიტუაციიდან გამოსავლად. როგორც ფასილიტატორები, მზად ვართ, გავაგრძელოთ მუშაობა მხარეების მოთხოვნის შესაბამისად. ერთის მხრივ, მოხარული ვარ, რომ ყველა მხარე კვლავ მხარს უჭერს ერთმანეთთან მოლაპარაკებებს, თუმცა ყველა მხარემ ასევე უნდა გადაწყვიტოს, თუ რაზე ისაუბროს და როგორ მიაღწიონ შეთანხმებას“, – განაცხადა ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა.

ამასთან ელჩმა გამოთქვა იმედი, რომ ოპოზიციის პროტესტი დიალოგს არ ჩაანაცვლებს.

„რაც შეეხება ქუჩის პროტესტს, ასევე დემონსტრაციების ჩატარებისა და საკუთარი აზრის გამოხატვის შესაძლებლობის გამოყენებას, ამას მხარს ვუჭერთ, ვიდრე ეს დემონსტრაციები მშვიდობიანი გზით იმართება. ვიმედოვნებ, ქუჩის პროტესტი და მსგავსი მოვლენები არ ჩაანაცვლებს პოლიტიკურ დიალოგს, რომელიც, ვფიქრობ, აუცილებელია, შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან გამოსასვლელად“, – განაცხადა ჰარცელმა.

რევოლუცია და რევოლუციის გარეშე?

ამასთან ოპოზიცია ხელისუფლებას გაზაფხულისთვის უმზადებს საკმაოდ უსიამოვნო სიურპრიზს - გრძელვადიანი საპროტესტო აქციების სახით.

ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო
„ქართულ ოცნებას“ ცალკეულ პოლიტიკურ პარტიებთან შეთანხმების მიღწევის იმედი აქვს

თუ ხელისუფლება დანიშნავს ახალ არჩევნებს, კრიზისი არ იქნება, თუ არ დანიშნავს - კრიზისი გაგრძელდება, სანამ არ დაინიშნება ახალი არჩევნები. და არჩევნები დაინიშნება, იმისდა მიუხედავად, უნდათ ეს თუ არა. მათ საზოგადოება დანიშნავს. ჩვენ ვიწყებთ სამოქალაქო პროტესტის მომზადებას გაზაფხულისთვის და ვნახოთ, როგორ არ დანიშნავენ არჩევნებს, განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ.

თუმცა, „ნაცმოძრაობის“ პოზიციას ოპოზიციის შიგნით მოწინააღმდეგეები გამოუჩნდნენ.

„სიტყვები – „რევოლუცია” და „გადატრიალება” უნდა ამოვიღოთ ლექსიკონიდან, რადგან ეს ქვეყნის დესტაბილიზაციას იწვევს. ეს ასევე არის იმ წისქვილზე წყლის დასხმა, რომელიც „ქართულ ოცნებას” აწყობს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რისთვის ვართ შეკრებილები. ჩვენი მიზანია, ტყუილიდან ამოვიყვანოთ ქვეყანა და არა ის, რომ რევოლუციის გზას დავაყენოთ“, - განაცხადა პარტია „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ.

სკანდალური აკრძალვა

პარლამენტის დეპუტატი გიორგი ვოლსკი - Sputnik საქართველო
ვოლსკი: ეს არის ლოგიკური ნაბიჯი – უპასუხო საბოტაჟს, რომელსაც ჩვენი ოპონენტები ახორციელებენ

სანამ პარტიები ფიქრობენ, რომელი გზით იარონ - დიალოგის თუ რევოლუციის, „ქართულმა ოცნებამ“ უკვე მოამზადა სკანდალური კანონპროექტი, რომელმაც შეიძლება ჩამოართვას არჩევნებში მონაწილეობის უფლება მთავარ ოპოზიციურ ძალას - „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.

მომზადებული ცვლილებებით, ის პარტია, რომლის წინასაარჩევნო კამპანიაში აქტიურად მონაწილეობს პირი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე და არის ნასამართლევი, მოიხსნება არჩევნებიდან. „ქართულ ოცნებაში“ არ მალავენ, რომ ცვლილებები მომზადებულია სპეციალურად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის“ და მისი იდეური სულისჩამდგმელის - საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის, რომელიც უკრაინის მოქალაქეა და საქართველოში რამდენიმე საქმეზეა მსჯავრდებული.

ეს ცვლილებები დასავლელი პარტნიორებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა.

„ვფიქრობ, რომ ეს ინიციატივები პროცესს ხელს არ უწყობს და გულწრფელად გითხრათ, შეშფოთებას იწვევს... ეს არის კანონი, რომელიც მკაფიოდ მიმართულია უმსხვილესი ოპოზიციური პარტიისკენ მის ყოფილი თავმჯდომარის სტატუსის საფუძველზე“, – განაცხადა ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა.

გარდა ამისა, „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო გადაწყვეტილება, დაფინანსება მოუხსნას იმ პარტიებს, რომლებიც სადეპუტატო მანდატებზე უარს იტყვიან.

შალვა ნათელაშვილი - Sputnik საქართველო
საქართველოს ოპოზიცია რეალურის პარალელურად „სახალხო პარლამენტის“ შექმნაზე ფიქრობს

უკვე მომდევნო კვირაში პარლამენტი განიხილავს პარლამენტში გასული რვიდან ხუთი ოპოზიციური პარტიის ოფიციალურ უარს სადეპუტატო მანდატებზე. ესენი არიან: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ (36 მანდატი), „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ (1 მანდატი), „სტრატეგია აღმაშენებელი“ (4 მანდატი), „ლელო საქართველოსთვის“ (4 მანდატი) და „ევროპული საქართველო“ (5 მანდატი). ამავე პარტიებმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას პროპორციული საარჩევნო სიების გაუქმებისთვის უკვე მიმართეს, ხოლო დეპუტატებმა – უფლებამოსილების მოხსნის შესახებ – პარლამენტს.

გუშინ ამ სიას პარტია „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძეც შეუერთდა. პარტიის დანარჩენ სამ წევრს, რომლებიც პარლამენტში მოხვდნენ, სადეპუტატო მანდატების დათმობასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება ჯერ არ დაუწერიათ. ანალოგიურად, ოფიციალური უარი მანდატებზე ჯერ არ უთქვამთ „მოქალაქეების“ და „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0