10:43 26 თებერვალი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0680
  • 100 RUB4.5218
  • USD3.3265
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
81 0 0

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის აზრით, აუცილებელია მოხდეს კულტურის სფეროს კომერციალიზაცია, თუმცა მანამდე, პანდემიის პერიოდში სახელმწიფომ აქ დასაქმებული ადამიანები უყურადღებოდ არ უნდა დატოვოს.

თბილისი, 24 დეკემბერი – Sputnik. კულტურა და სპორტი არის ჩვენი ცხოვრების მნიშვნელოვანი მიმართულებები და ჩვენ აუცილებლად გვჭირდება კულტურის კომერციალიზაცია, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატების კითხვებზე პასუხისას, სადაც მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი განიხილება.

საქართველოში ხელოვანებს კოვიდ–კრიზისის დაძლევაში დაეხმარებიან>>

„ჩვენ, რა თქმა უნდა, თანამედროვე საქართველოში ბევრი სხვადასხვა მიმართულებით გვაქვს სერიოზული მიღწევები, თუმცა ყველამ უნდა ვაღიაროთ და ღიად გამოვუტყდეთ ერთმანეთს, რომ კულტურა და სპორტი არის ჩვენი ყოველდღიური სოციალური, კულტურული ცხოვრების ისეთი მიმართულებები, სადაც ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევები გვაქვს“, – განაცხადა გახარიამ.

მისი თქმით, დღეს საქართველოს ხშირ შემთხვევაში იცნობენ კულტურისა და სპორტის სფეროს წარმომადგენლების მიღწევებით.

„ჩვენც კარგად გვესმის, რომ საქართველო არ არის მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ქვეყანა, რომელიც შეძლებს კულტურული მემკვიდრეობისა და მიმდინარე კულტურული საგანძურის მთელი ცხოვრება შენახვას. ჩვენ აუცილებლად გვჭირდება კულტურის კომერციალიზაცია. არ ვიტყვი, რომ ეს არის კულტურის გადარჩენის ერთადერთი გზა და საშუალება, თუმცა უაღრესად მნიშვნელოვანი კომპონენტია“, – განაცხადა პრემიერმა.

გახარიას აზრით, ამიტომ აუცილებელია ყველანაირი პირობის შექმნა კულტურის სფეროს კომერციალიზაციის ხელშესაწყობად. 

გიორგი გახარიამ ასევე აღნიშნა, რომ პანდემიის პირობებში კულტურის სფეროს მოღვაწეების მხარდაჭერის საკითხი ერთ-ერთი გამოწვევა და შედეგია იმისა, რომ პოსტსაბჭოთა პერიოდის შემდგომ, ბოლო 30 წლის განმავლობაში კულტურის სფეროს კომერციალიზაცია ვერ მოხდა.

„თუმცა, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენნაირი ეკონომიკების პირობებში ეს არის აუცილებელი პირობა, რითიც ჩვენი კულტურის სფეროს უნდა დავეხმაროთ, შევქმნათ ყველანაირი პირობა, ინფრასტრუქტურა და ეკოსისტემა იმისთვის, რომ კულტურის სფეროს კომერციალიზაციას მივეხმაროთ. მაგრამ ვიდრე ეს არ მომხდარა, კულტურის სფერო დღეს, ისევე, როგორც ხშირ შემთხვევაში სპორტი... პირდაპირ არის დამოკიდებული სახელმწიფოს მხარდაჭერაზე“, – აღნიშნა პრემიერობის კანდიდატმა.

გახარიას თქმით, მართალია, ჩანს, რომ პანდემიის პირობებში კულტურის სფეროს წარმომადგენლები დარჩნენ დახმარების გარეშე, თუმცა ბევრი რაღაც იქაც გაკეთდა. კულტურის სფეროს ბევრ დაწესებულებას ფინანსური მხარდაჭერა გაეწია – მიუხედავად იმისა, რომ სრულად იყვნენ გაჩერებულები – რათა თანამშრომლები არ გაეშვათ.

„ეს, რა თქმა უნდა, გასაგრძელებელი და გასაძლიერებელია. გპირდებით, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ უკვე დაგეგმილი კულტურული ღონისძიებები, კონკურსები იქნება, გამოფენები თუ სხვა რამ, მიუხედავად იმისა, რომ არანაირი ეკონომიკური და ტურისტული შემადგენელი ნაწილი დღეს ამას არ აქვს, მაქსიმალურად შევინარჩუნოთ, რათა მიმდინარე დონეზე მაინც დარჩეს სამუშაო ადგილები ამ სფეროში“, – აღნიშნა გახარიამ.

გახარიას თქმით, ამასთან ერთად ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ დღეს ქვეყნის ბიუჯეტი საკმაოდ დიდი გამოწვევების წინაშეა და მთავრობა მაქსიმალურად ცდილობს მის სამართლიანად გადანაწილებას.

თბილისის მერია კულტურის სფეროს წარმომადგენლებს მხარს დაუჭერს>>

პრემიერობის კანდიდატმა დღეს ასევე განაცხადა, რომ გადაწყვეტილია განათლების სამინისტროსგან კულტურისა და სპორტის მიმართულებების გამოყოფა. ხელოვნებისა და კულტურის სფეროს მოღვაწეების აზრით, კულტურის გაერთიანებამ სხვა უწყებებთან არსებითად შეამცირა საქართველოში კულტურის განვითარების შესაძლებლობები, რადგან კულტურის სფეროში შემავალ ყველა დარგს მრავალი ინსტიტუციური, ფინანსური და იურიდიული პრობლემის გადაჭრა უწევს.

მთავარი თემები