თბილისი, 24 დეკემბერი – Sputnik. ჩვენი პროგრამის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, განაცხადა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
თბილისის მერიამ ბიზნეს–სექტორის დასახმარებლად ეკონომიკური პაკეტი შეიმუშავა>>
დღეს საქართველოს პარლამენტში რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომა იმართება, რომელზეც დეპუტატებმა მთავრობის ახალ შემადგენლობასა და სამთავრობო პროგრამას ნდობა უნდა გამოუცხადონ.
როგორც გახარიამ აღნიშნა, დღეს სახელმწიფო დიდი გამოწვევის წინაშე დგას, ხოლო მისი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი სიღარიბის დაძლევაა.
„პირველი, ჩვენი პროგრამის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი, ეს გახლავთ ქვეყნის ეკონომიკური განვითარება. ეკონომიკურ განვითარებაზე როდესაც ვსაუბრობთ, ყველას კარგად გვესმის, რომ დღეს სახელმწიფოს სტრუქტურული გამოწვევა და პრობლემა გახლავთ სიღარიბის დაძლევა. სიღარიბის დაძლევის ერთ-ერთი ყველაზე ჯანსაღი საშუალება, რა თქმა უნდა, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნაა“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.
გახარიას განცხადებით, სიღარიბის დაძლევის ერთ-ერთი საშუალება – დამატებითი სამუშაო ადგილები კი თავისუფალმა და ძლიერმა ქართულმა ბიზნესმა უნდა შექმნას.
ამასთან, როგორც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, პანდემიისა და გლობალური ეკონომიკური კრიზისის პირობებში სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ბიუჯეტის მაკროეკონომიკური მაჩვენებლები დაუბრუნდეს იმ სტანდარტს, რაც 2020 წლის დასაწყისში იყო.
„ამ მიზნის მისაღწევად უაღრესად მნიშვნელოვანი იქნება ფისკალური კონსოლიდაცია, რაც დიდ პასუხისმგებლობას ანიჭებს როგორც ფინანსთა სამინისტროს ხარისხობრივ და ეფექტიან მუშაობას, ასევე საკანონმდებლო ორგანოს მუშაობასაც, რადგან ჩვენ მოგვიწევს გარკვეული საკანონმდებლო ნაბიჯების გადადგმა იმისთვის, რომ ჩვენი საგადასახადო სისტემა გახდეს უფრო ეფექტური“, – განაცხადა გახარიამ.
ნდობის მოსაპოვებლად მინისტრთა კაბინეტი პარლამენტში ასეთი შემადგენლობით შევიდა: პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, იუსტიციის მინისტრი გოჩა ლორთქიფანიძე, შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში თეა ახვლედიანი.
ამ დროისათვის პარლამენტის პლენარულ სხდომას ოპოზიციური პარტიების 60 წარმომადგენლიდან არც ერთი არ ესწრება. მათმა უმრავლესობამ უკვე შეიტანა განაცხადი მანდატზე უარის თქმის შესახებ. ეს საკითხი პარლამენტმა უახლოეს მომავალში უნდა განიხილოს.
ოპოზიციონერი დეპუტატების მხრიდან მანდატებზე უარი გამოიწვია პოლიტიკურმა კრიზისმა, რომელიც 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ მმართველმა პარტიამ არჩევნები გააყალბა.
პარლამენტის ნდობის მოსაპოვებლად მთავრობას მინიმუმ 76 დეპუტატის ხმა სჭირდება.