21:44 23 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0228
  • 100 RUB4.4121
  • USD3.3044
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს პარლამენტი (243)
72 0 0

საპარლამენტო უმრავლესობამ „საპარლამენტო საბოტაჟის“ წინააღმდეგ საბრძოლველად გამოსავალი იპოვა – პარტიები თანხის გარეშე რჩებიან.

თბილისი, 17 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს პარლამენტი მომავალ კვირაში დაამტკიცებს საკანონმდებლო ცვლილებებს, რაც პოლიტიკური პარტიებისთვის სახელმწიფო დაფინანსების შეჩერებას ან შეწყვეტას ითვალისწინებს.

როგორც ბრიფინგზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, „საპარლამენტო საბოტაჟის წინააღმდეგ“ მიმართული შესაბამისი საკანონმდებლო პაკეტი უკვე ინიცირებულია.

კანონპროექტების პაკეტი ითვალისწინებს სახელმწიფო დაფინანსების შეწყვეტას იმ პოლიტიკური პარტიებისთვის, რომლებიც სრულად არ ახორციელებენ სადეპუტატო მანდატს, ან რომელთა წარდგენით არჩეული დეპუტატები არასაპატიო მიზეზით აცდენენ პლენარულ სხდომებს. 

საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, პარტიას, რომელთა წევრებსაც სადეპუტატო უფლებამოსილება შეუჩერდათ ან რომლებიც პარლამენტის მუშაობაში არ მონაწილეობენ, სახელმწიფო დაფინანსება შეუწყდება ან იგი ერთი წლის ვადით შეუჩერდება.

„საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილების თანახმად კი იგივე პარტიები ვერ ისარგებლებენ მუნიციპალური და საპარლამენტო არჩევნებისთვის განკუთვნილი უფასო საეთერო დროით.

გარდა ამისა, პარლამენტის რეგლამენტში ცვლილება ითვალისწინებს შრომის ანაზღაურების განულებას პარლამენტის იმ წევრებისთვის, რომლებიც თვის განმავლობაში არც ერთ პლენარულ სხდომას არ დაესწრებიან.

„საპარლამენტო საბოტაჟი, რომელსაც ახორციელებენ რადიკალური ოპოზიციური პარტიები და მათი შანტაჟისა და ბულინგის ქვეშ მოქმედი სხვა პოლიტიკური გაერთიანებები, არის სახელმწიფოსა და მისი დემოკრატიული ინსტიტუტების წინააღმდეგ მიმართული ქმედება, რაც სათანადო სამართლებრივ რეაგირებას მოითხოვს. სწორედ ამგვარ რეაგირებას ითვალისწინებს ჩვენ მიერ ინიცირებული კანონპროექტების პაკეტი, რომელსაც პარლამენტი მომავალი კვირის ბოლომდე დაამტკიცებს“, – განაცხადა კობახიძემ.

ახალი მოწვევის პარლამენტი მუშაობას 11 დეკემბერს შეუდგა. პირველ სხდომას მხოლოდ მმართველი პარტიის დეპუტაცია ესწრებოდა. ოპოზიცის ადგილები, რომელიც არჩევნების შედეგებს არ ცნობს, საკანონმდებლო ორგანოში ამ დრომდე თავისუფალია. 

ამ დროისათვის სადეპუტატო მანდატებზე ოფიციალურად უარი პარლამენტში შესულმა ხუთმა პოლიტიკურმა პარტიამ განაცხადა: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ (36 მანდატი), „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ (1 მანდატი), „სტრატეგია აღმაშენებელი“ (4 მანდატი), „ლელო საქართველოსთვის (4 მანდატი) და „ევროპული საქართველო“ (5 მანდატი).

რვა ოპოზიციური პარტიიდან, რომლებიც პარლამენტში მოხვდნენ, ცესკოსთვის ჯერ არ მიუმართავთ „საქართველოს პატრიოტთა ალიანსს“, „გირჩს“ და „მოქალაქეებს“. ამავე პარტიებს არ მოუწერიათ ხელი საჯარო უარზე სადეპუტატო მანდატების დათმობის შესახებ.

რაც შეეხება დაფინანსების საკითხს, ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებით, მმართველი პარტია ყოველწლიურად 5,1 მლნ ლარს მიიღებს – თვეში დაახლოებით 428,3 ათას ლარს.

რაც შეეხება ოპოზიციურ პარტიებს, საბიუჯეტო დაფინანსების სახსრები ასე გადანაწილდა:

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 2.199.635 ლარი

„მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ – 240.000

„პროგრესი და თავისუფლება“ – 12.000

„რესპუბლიკური პარტია“ – 204.000

„ევროპელი დემოკრატები“ – 460.000

„სტრატეგია აღმაშენებელი“ – 939.925

„კანონი და სამართალი“ – 104.436

„ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“ – 1.124.409

„ლელო საქართველოსთვის“ – 803.560

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ – 1.043.120

„საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ – 289.710.

საბიუჯეტო დაფინანსების გარეშე დარჩნენ პარტიები „მოქალაქეები“ და „გირჩი“, ვინაიდან მათ ცესკოსთვის შესაბამისი განცხადებით არ მიუმართავთ.

თემები:
საქართველოს პარლამენტი (243)

მთავარი თემები