ჯაფარიძე: „განადგურებით“ დამემუქრნენ

© Sputnik / Vladimir Umikashviliზურაბ ჯაფარიძე
ზურაბ ჯაფარიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
„გირჩის” ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით,  პარტიის წევრები, რომლებთან ერთადაც თანამშრომლობის გაგრძელებას აღარ აპირებს, მას დაემუქრნენ და ურჩიეს, თავად წასულიყო პარტიიდან

თბილისი, 5 დეკემბერი - Sputnik. ოპოზიციური პარტია „გირჩის“ დამფუძნებელი ზურაბ ჯაფარიძე თანაპარტიელებთან ერთობის შენარჩუნებას გამორიცხავს და აცხადებს, რომ მას და პარტიის დამფუძნებლებს მხოლოდ სახელისა და Facebook-გვერდის დატოვება სურთ, სხვა რესურსები კი იაგო ხვიჩიას, ვახტანგ მეგრელიშვილს და ალექსანდრე რაქვიაშვილს დარჩებათ.

ყველაზე არაორდინარული პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა დამაარსებელმა ზურაბ ჯაფარიძემ პარტიის დახურულ ჯგუფში გამოაქვეყნა სტატუსი, რომელშიც პარტიაში განხეთქილებაზე განაცხადა. მან აღნიშნა, რომ უთანხმოება აქვს პარტიის წევრებთან ალექსანდრე რაქვიაშვილთან, ვახტანგ მეგრელიშვილთან და იაგო ხვიჩიასთან, მათი გზები გაიყო და არ აპირებს მათთან ერთად „გირჩის“ კეთებას.

გირჩი - Sputnik საქართველო
განხეთქილება ოპოზიციურ პარტიაში: ვინ დარჩება „გირჩში“
„ჩვენ გვრჩება მხოლოდ სახელი და პეიჯი, ხოლო მათ რჩებათ ყველაფერი დანარჩენი – ბიბლიური თავისუფლება თავის შემოსავლებით, პორტალი თავის ჯედებით, ვებგვერდი, ფბ ჯგუფები, ავეჯი, ინვენტარი და ა.შ. პასუხად მივიღე: ჯერ რჩევა რომ „დავოკებულიყავი“, შემდეგ მუქარა რომ „გავნადგურდებოდი“, შემდეგ ეჭვი, რომ შესაძლოა „სუსის კაცი“ ვიყო, ბოლოს კი, ისევ რჩევა რომ ჩემი ნებით წავსულიყავი „გირჩიდან“, რადგან სახელში უკვე მიწერია „გირჩი“ და ეგ უნდა ვიმყოფინო ამ პასუხიდან გამომდინარე“, - წერს ჯაფარიძე.

ჯაფარიძე ხვიჩიას, მეგრელიშვილსა და რაქვიაშვილს საჯაროდ სთავაზობს „ცივილიზებულ გაყრას", ასევე, „გირჩს“ მიმართავს, რომ ფეისბუქ-ჯგუფში გაკეთებული გამოკითხვით ან მათ პორტალზე კენჭისყრით გადაწყდეს, ვის დარჩება სახელი და Facebook-გვერდი.

გუშინ „გირჩის“ წევრი იაგო ხვიჩია ზურაბ ჯაფარიძის გამოქვეყნებულ სტატუსს გამოეხმაურა, მას „მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნა“ უწოდა და ჯაფარიძესთან უთანხმოება გამორიცხა. გავრცელებული ინფორმაციით, ჯაფარიძის სტატუსი სიურპრიზი აღმოჩნდა რაქვიაშვილსა და მეგრელიშვილისთვისაც.

„მეხის გავარდნა მოწმენდილ ცაზე“ – რა ხდება „გირჩში“ >>

„გირჩი“ პოლიტიკურ არენაზე 2015 წელს გამოჩნდა. პარტია ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სამმა ყოფილმა წევრმა დააფუძნა.

პარტია ლიბერალური მიმართულებისაა, სახელი გაითქვა არაორდინარული ქცევით და კანონში ხარვეზების აღმოჩენის უნარით. საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელის წყალობით „გირჩმა“ მიაღწია საქართველოში მარიხუანას მოხმარების დეკრიმინალიზაციას.

ყველა ახალი ამბავი
0