03:13 28 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9982
  • 100 RUB4.3752
  • USD3.2969
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება (259)
191 0 0

პარტიის წევრები, რომელთა შესახებაც ზურაბ ჯაფარიძემ დაწერა, სრულ გაუგებრობაში არიან და ვითარებაში გარკვევას ცდილობენ.

თბილისი, 4 დეკემბერი – Sputnik. ოპოზიციური პარტია „გირჩის“ წევრი იაგო ხვიჩია თანაპარტიელ ზურაბ ჯაფარიძესთან უთანხმოებას გამორიცხავს და მის მიერ გამოქვეყნებულ სტატუსს „მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნას“ უწოდებს.

ყველაზე არაორდინარული პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა დამაარსებელმა ზურაბ ჯაფარიძემ გუშინ პარტიის დახურულ ჯგუფში გამოაქვეყნა სტატუსი, რომელშიც პარტიაში განხეთქილებაზე განაცხადა. მან აღნიშნა, რომ უთანხმოება აქვს პარტიის წევრებთან სანდრო რაქვიაშვილთან, ვახტანგ მეგრელიშვილთან და იაგო ხვიჩიასთან, თუმცა კონკრეტული მიზეზების შესახებ ჯაფარიძეს საჯაროდ არაფერი უთქვამს.

„მეც ძალიან მინდა თქვენთან ერთად გავარკვიო. ნამდვილად არ ვიცი, მე, ვახო მეგრელიშვილისგან განსხვავებით, მასთან კონფლიქტი არ მქონია. გუშინწინ მეგობრები ვიყავით... ზურა ჯაფარიძეს რა დაემართა, მე არ ვიცი და, ზოგადად, მგონია, ჩემს მეგობარს დახმარება ესაჭიროება“, – აცხადებს იაგო ხვიჩია.

რა ხდება ჯაფარიძესთან დაკავშირებით, არ იციან არც რაქვიაშვილმა და მეგრელიშვილმა. სტატუსი მათთვისაც სიურპრიზი აღმოჩნდა. ჯერჯერობით ასევე უცნობია – ჯაფარიძე პარტიიდან წასვლას აპირებს თუ „გირჩიდან“ სხვების გარიცხვას.

ამასთან, რაქვიაშვილი არ გამორიცხავს, რომ ეს, შესაძლოა, ოპოზიციასთან მოლაპარაკებებს უკავშირდებოდეს. თუმცა, მისი თქმით, პარტიის ყველა წევრის პოზიცია ამ საკითხზე ერთიანი იყო.

განხეთქილებას „გირჩში“ ოპოზიციაშიც გამოეხმაურნენ. „ევროპული საქართველოს“ წევრის ირმა ნადირაშვილის თქმით, ვითარება კონკრეტულ ოპოზიციურ პარტიაში „შიდა სამზარეულოა“, თუმცა ამას საერთო სურათზე გავლენის მოხდენა შეუძლია.

„განხეთქილება ოპოზიციურ სპექტრში, ან თუნდაც რომელიმე კონკრეტული პარტიის ირგვლივ, ეს ამ პროცესებისთვის არაა სასარგებლო“, – განაცხადა ნადირაშვილმა და დასძინა, რომ ის წინასწარ მოლოდინებზე არ ისაუბრებს და პარტიის განცხადებას დაელოდება.

„გირჩი“ საქართველოს პოლიტიკურ არენაზე 2015 წელს გამოჩნდა. პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სამმა ყოფილმა წარმომადგენელმა შექმნა. პარტია ლიბერალური მიმართულებისაა და არაორდინარული ინიციატივებით გამოირჩევა.

თემები:
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება (259)

მთავარი თემები