ბადრი ჯაფარიძე: თუ ბოიკოტს ვაგრძელებთ, პარტიული დაფინანსება არ უნდა მივიღოთ

© photo: Sputnikბადრი ჯაფარიძე
ბადრი ჯაფარიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საპარლამენტო არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, დაფინანსების მიღების უფლება 14-მა პოლიტიკურმა პარტიამ მოიპოვა.

თბილისი, 26 ნოემბერი – Sputnik. თუ ჩვენ ბოიკოტს ვაგრძელებთ, პარტიული დაფინანსება არ უნდა მივიღოთ, განაცხადა ოპოზიციური პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადი ჯაფარიძემ პარტიების მიერ საბიუჯეტო დაფინანსების მოთხოვნასთან დაკავშირებით. 

გუშინ ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საბიუჯეტო დაფინანსების მიღების მიზნით 9 პოლიტიკურმა პარტიამ მიმართა. მათ შორის არიან ის პარტიებიც, რომლებიც პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებენ და ბოიკოტის რეჟიმში იმყოფებიან. 

ცესკო - Sputnik საქართველო
ბოიკოტის ფონზე: რომელმა პარტიებმა მიმართეს ცესკოს საბიუჯეტო დაფინანსების მოთხოვნით

ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, მოითხოვს თუ არა „ლელო“ საბიუჯეტო დაფინანსებას, ეს დამოკიდებული იქნება პარტიის პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებაზე.

„ჩვენ ამ თემას პოლიტსაბჭოს სხდომაზე განვიხილავთ. ყველა პარტიის გადაწყვეტილებას პატივს ვცემთ და ამის გამო რაიმე იარლიყის მიწებებას არავისთვის არ ვაპირებთ. რაც შეეხება ჩვენი პარტიის გადაწყვეტილებას დაფინანსების მიღების საკითხთან დაკავშირებით, უახლოეს სამ დღეში გახდება ცნობილი“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

დაფინანსების მისაღებად ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში თანხმობის წერილის წარდგენის ვადა პოლიტიკურ პარტიებს 25 ნოემბრამდე ჰქონდათ, თუმცა, კანონის თანახმად, ცესკო ვალდებულია, ის პარტიები, რომლებსაც თანხმობა ჯერ არ განუცხადებიათ, წერილობით გააფრთხილოს, რის შემდეგაც პარტიებს კიდევ სამი დღე მიეცემათ, რათა საარჩევნო ადმინისტრაციაში შესაბამისი თანხმობა წარადგინონ დაფინანსების მიღების თაობაზე.

დაფინანსების მიღებაზე შესაბამისი წერილით თანხმობა უკვე განაცხადეს საარჩევნო ბლოკში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ გაერთიანებულმა პარტიებმა: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“, „პროგრესი და თავისუფლება“, „საქართველოს რესპუბლიკური პარტია“ და „ევროპელი დემოკრატები“. ასევე დაფინანსების მიღების თაობაზე ცესკოში შესაბამისი თანხმობა წარადგინა ბლოკ „გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელში“ გაერთიანებულმა ორმა პოლიტიკურმა პარტიამ: „გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელი“ და „კანონი და სამართალი“. შესაბამისი თანხმობის წერილი დაფინანსების მიღებაზე საარჩევნო ადმინისტრაციაში წარადგინა „ევროპულმა საქართველომაც“. საარჩევნო ადმინისტრაციას დაფინანსების მოთხოვნით მმართველმა პარტიამ - „ქართულმა ოცნებამაც“ მიმართა. 

საპროტესტო აქცია. დავით ბაქრაძე - Sputnik საქართველო
ოპოზიციამ და „ოცნებამ“ მოლაპარაკებათა მესამე რაუნდის წინ კომპრომისის საზღვრები მონიშნეს

აღსანიშნავია, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, დაფინანსების მიღების უფლება 14-მა პარტიამ მოიპოვა. ამ მომენტისათვის ცესკოსთვის დაფინანსების მისაღებად არ მიუმართავთ „პატრიოტთა ალიანსს“, „ლეიბორისტულ პარტიას“, „მოქალაქეებს“, „გირჩსა“ და „ლელოს“.

31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად საქართველოს პარლამენტში ცხრა პოლიტიკური პარტია შედის, საიდანაც რვა ოპოზიციურია, მაგრამ ისინი პროტესტის ნიშნად სადეპუტატო მანდატებზე უარს აცხადებენ, ხელისუფლებას არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებენ და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას მოითხოვენ. ვითარების მოგვარებას დასავლეთის დიპლომატიური მისიები ცდილობენ, თუმცა, მოლაპარაკებების ორი რაუნდის შემდეგ მხარეთა პოზიციები პრაქტიკულად უცვლელი რჩება.

მოლაპარაკებების მესამე რაუნდის ჩატარების თარიღი ჯერ უცნობია. გასულ კვირაში დასავლელი დიპლომატები ოპოზიციური პარტიების ლიდერებს შეხვდნენ. ეს ერთგვარი მომზადება იყო მესამე რაუნდისთვის.

მმართველ პარტიაში არჩევნების გაყალბებას კატეგორიულად უარყოფენ და აღნიშნავენ, რომ ის თავისუფალ, სამართლიან გარემოში ჩატარდა, რაც საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებმაც აღნიშნეს.

ყველა ახალი ამბავი
0