ოპოზიციამ და „ოცნებამ“ მოლაპარაკებათა მესამე რაუნდის წინ კომპრომისის საზღვრები მონიშნეს

© Sputnik / STRINGERსაპროტესტო აქცია. დავით ბაქრაძე
საპროტესტო აქცია. დავით ბაქრაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოლაპარაკებათა მორიგი რაუნდი მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის ქვეყანაში უახლოესი თვეების დღის წესრიგს განსაზღვრავს

თბილისი, 25 ნოემბერი – Sputnik. პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად მიმდინარე მოლაპარაკებათა მესამე რაუნდის წინ ხელახალი საპარლამენტო არჩევნების საკითხი საქართველოში კვლავ „წითელ ხაზად“ რჩება როგორც ოპოზიციისთვის, ისე მმართველი „ქართული ოცნებისთვის“. მოლაპარაკებები აშშ-ის და ევროკავშირის დიპლომატიური მისიების შუამავლობით იმართება.

რვა ოპოზიციური პარტია, რომელიც 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიხედვით პარლამენტში გავიდა, კვლავ გაყალბებულ კენჭისყრაზე საუბრობს, უარს აცხადებს მანდატებზე და საპარლამენტო ტრიბუნას მმართველ პარტიას უტოვებს.

კარლ ჰარცელი - Sputnik საქართველო
„პერსპექტივა არის“ – ევროკავშირის ელჩი ხელისუფლებასთან ოპოზიციის მოლაპარაკებებს აფასებს

ოთხშაბათს შუამავლებმა კვლავ გამართეს მოლაპარაკებები ოპოზიციის ლიდერებთან და შესაძლო კომპრომისის წერტილების მოძებნა სცადეს.

„ზუსტად ამიტომ გადაწყვიტეს ჩვენმა ფასილიტატორები, ჩვენმა შუამავლებმა და მთავარმა სტრატეგიულმა მოკავშირეებმა, ელჩებმა კონსულტაციების ჩატარება, რომ მესამე რაუნდი არ იყოს რაუნდი რაუნდისთვის... მათ აინტერესებთ, არის თუ არა სივრცე, არის თუ არა მანევრის საშუალება, რომ შევთანხმდეთ და რაღაც კომპრომისი გამოინახოს“, – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ გრიგოლ ვაშაძემ. მან ასევე დასძინა: „ჯერჯერობით ვართ იქ, სადაც ვიყავით. ყველა მოთხოვნა ძალაშია“.

იქნება თუ არა აქციები? ოპოზიცია ყველა სცენარისთვის მზად იქნება >>

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი დავით ბაქრაძე მიიჩნევს, რომ საჭიროა საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების საკითხის განხილვა: „ამ პარლამენტის არჩევის ლეგიტიმურობას ჩვენ არ ვაღიარებთ, მაგრამ როგორც პოლიტიკური კომპრომისი და ჩვენი მხრიდან ნაბიჯი, მზად ვართ, ვითანამშრომლოთ ამ პარლამენტის უმრავლესობასთან და იმ ერთადერთ პარტიასთან, რომელიც პარლამენტშია. მზად ვართ, სამუშაო ჯგუფის ფარგლებში ვითანამშრომლოთ ამ პარლამენტთან, რომ შეცვალოს კანონმდებლობა და გაზაფხულზე დაინიშნოს ახალი არჩევნები“.

 „ლელოს“ ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ხელახალი არჩევნების მოთხოვნა მთავარ მოთხოვნად რჩება, თუმცა ოპოზიციას შეთანხმების მიღწევა ასევე სხვა საკითხებზე სურს.

ოპოზიციის საპროტესტო აქცია - Sputnik საქართველო
პოლიტიკური კრიზისი საქართველოში: ხელისუფლება და ოპოზიცია შეთანხმებას ცდილობენ

„პოლიტიკური შეთანხმება ახალ არჩევნებს, ასევე ცვლილებებს საარჩევნო კანონმდებლობაში და მის რეფორმირებას უნდა მოიცავდეს. ასევე ცვლილებებს ცესკო-ს ადმინისტრაციაში. სხვა საკითხებიც არის პოლიტიკურ დევნასთან და პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით. ეს არის ის პაკეტი მოლაპარაკებების, რომელსაც მზად ვართ, ვაქციოთ პოლიტიკურ შეთანხმებად „ქართულ ოცნებასთან“, რომ ამ პოლიტიკური კრიზისიდან გამოვიდეთ“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

ამასთან, მმართველ პარტიაში არ ჩქარობენ დაეთანხმონ ოპოზიციას ხელახალი არჩევნების საკითხში. აქ ვარაუდობენ, რომ საბოლოო ჯამში მანდატებზე უარს ყველა ოპოზიციური პარტია არ იტყვის.

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში: ქვეყანას სჭირდება ეფექტური პარლამენტი >>

„ოპოზიციის ერთ ნაწილს აქვს საკმაოდ ხისტი პოზიცია, თუმცა, არის ოპოზიციის მეორე ნაწილი, რომელსაც არ აქვს ასეთი ხისტი პოზიცია. ჩვენ გვაქვს ერთადერთი წითელი ხაზი, რაც რიგგარეშე არჩევნებს უკავშირდება და ამ წითელი ხაზის გათვალისწინებით ვფიქრობთ, რომ ოპოზიციასთან შეთანხმება არის მიღწევადი“, - განაცხადა „ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ. „ქართულ ოცნებას“ მხარი დაუჭირა 930 ათასმა ამომრჩეველმა და პარტია ვერ დათმობს ამდენი ადამიანის გამარჯვებას, განაცხადა მან.

„ოცნება“ ასევე უარს აცხადებს განიხილოს ოპოზიციის მოთხოვნა ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადადგომის თაობაზე. „თამარ ჟვანია არის ცესკო-ს თავმჯდომარე, ის ვერ გახდება პოლიტიკური თანამდებობის პირი. არაპოლიტიკური პირის თანამდებობა, ვერ გახდება პოლიტიკური შეთანხმების საგანი“, - განაცხადა კობახიძემ.

იმ საკითხებს შორის, რომლებზეც შესაძლებელია მოხდეს შეთანხმება, კობახიძემ დაასახელა საარჩევნო რეფორმა და განაცხადა, რომ მმართველ პარტიას ოპოზიციისთვის კონკრეტული წინადადებები გააჩნია.

შუამავლები აცხადებენ, რომ ორივე მხარისთვის მისაღებ სქემაზე გასვლის იმედი აქვთ.

„ვეძებთ გზებს, რათა დავრწმუნდეთ, რომ არსებობს შესაძლებლობები, რაც მოლაპარაკებებს წინ წასწევს", – განუცხადა ჟურნალისტებს შეხვედრის შემდეგ ევროკავშირის მისიის წარმომადგენელმა კარლ ჰარცელმა.

მოლაპარაკებათა მესამე რაუნდის თარიღი ჯერ არ დასახელებულა, ის ცნობილი უახლოეს დღეებში გახდება.

ყველა ახალი ამბავი
0