თბილისი, 23 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს სჭირდება ეფექტური პარლამენტი, როგორც ცენტრალური ფორუმი პოლიტიკური დებატებისთვის, სადაც, ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ჩვენი საერთო ვალდებულებების შესაბამისად, ყველა პარტია რეფორმების გასატარებლად ერთად იმუშავებს, ნათქვამია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებაში.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ საქართველოში ევროკავშირის დელეგაციამ, ევროკავშირის ქვეყნების დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებთან ერთად, მხარდაჭერა გამოუცხადეს საერთაშორისო დამკვირვებელთა ერთობლივ განცხადებებს, რომლებიც არჩევნების პირველი ტურის შემდეგ გამოქვეყნდა და ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით OSCE/ODIHR-ის რეკომენდაციებსა და საბოლოოს ანგარიშს ელოდებიან.
გარდა ამისა, დიპლომატები უკმაყოფილო არიან იმ უნდობლობით, რამაც იმოქმედა საარჩევნო პროცესზე, ასევე იმით, რომ ოპოზიციის კანდიდატებმა მონაწილეობა არ მიიღეს არჩევნების მეორე ტურში.
„იმედი გვაქვს და მოველით, რომ ყველა პოლიტიკური პარტია შეძლებს მათ შორის არსებული განსხვავებების გადალახვას, რათა პარლამენტის ყველა არჩეულმა წევრმა, მიუხედავად მათი მხრიდან საარჩევნო პროცესის განსხვავებულად შეფასებისა, პარლამენტში თავისი ადგილი დაიკავოს. მოვუწოდებთ პარლამენტის წევრებს, გამოიყენონ საქართველოს მოქალაქეების მიერ მათთვის მინიჭებული მანდატები, რათა განიხილონ მოუგვარებელი პოლიტიკური საკითხები და შექმნან უკეთესი საფუძველი მომავალი არჩევნებისთვის – ამბიციური საარჩევნო და სასამართლო რეფორმების გზით“, – ნათქვამია განცხადებაში.
დოკუმენტში აღინიშნება, რომ პარლამენტმა ასევე სრულად უნდა შეასრულოს თავისი როლი ჯანდაცვისა და სოციალურ-ეკონომიკურ სფეროებში არსებული საგანგებო გამოწვევების გადასაჭრელად, რომლის წინაშე ქვეყანა პანდემიის გამო აღმოჩნდა.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ წარმომადგენლობა გმობს ძალადობის ნებისმიერ ფაქტს თუ მუქარას, რომელიც მიმართულია მოქალაქეებისადმი, რომელთაც აქვთ სიტყვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების უფლება. ევროკავშირი მოუწოდებს ყველა მხარეს, თავი შეიკავონ პროვოკაციული ქმედებებისაგან, ხოლო ხელისუფლებას – დაიცვას კანონის უზენაესობა, მათ შორის, ნებისმიერი ბრალდების სანდო და სწრაფი გამოძიების გზით, რასაც გამჭვირვალე და სამართლიანი სასამართლო პროცესები მოჰყვება.
„დღეს დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება როგორც უმრავლესობის, ისე ოპოზიციური პარტიების პოლიტიკურ ლიდერებს, რომ გამონახონ საერთო ენა საერთო მიზნის მისაღწევად, რაც საქართველოს შესაძლებლობას მისცემს ეფექტიანად გააგრძელოს დემოკრატიული გზით სვლა და ევროპული დღის წესრიგის განხორციელება საქართველოს, მისი მოქალაქეების ინტერესებისა და ევროკავშირი–საქართველოს ურთიერთობების გათვალისწინებით. ევროკავშირი კვლავ მზად არის დაეხმაროს საქართველოს ამ პირობებში“, – ნათქვამია განცხადებაში.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ბოლო მონაცემების თანახმად, 17-ვე ერთმანდატიან მაჟორიტარულ ოლქში, სადაც არჩევნების მეორე ტური ჩატარდა, ასევე ქუთაისის მერის არჩევნებში მმართველი პარტიის კანდიდატებმა გაიმარჯვეს. ოპოზიციური პარტიების კანდიდატებმა არჩევნების პირველი ტურის დასრულებისთანავე უარი განაცხადეს მეორე ტურში მონაწილეობაზე და არ აღიარებენ საპარლამენტო არჩევნების შედეგებს.
ქართული ოპოზიცია 31 ოქტომბრის შემდეგ საპროტესტო აქციებს არ წყვეტს და ხელისუფლებას არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებს. ოპოზიციის მთავარი მოთხოვნაა ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება. სიტუაციის მოგვარებას დასავლელი დიპლომატიური მისიები ცდილობენ, რომლებიც მხარეებს მოლაპარაკებებზე იწვევენ, თუმცა ორი რაუნდის შემდეგ მხარეთა პოზიციები არ შეცვლილა.
პარასკევს ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩებმა კარლ ჰარცელმა და კელი დეგნანმა ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან შეხვედრები გამართეს. აღნიშნული შეხვედრები ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდისთვის ერთგვარი მომზადება იყო.
ჯერჯერობით უცნობია, როდის გაიმართება მოლაპარაკებების მესამე რაუნდი.