01:59 02 დეკემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9722
  • 100 RUB4.3634
  • USD3.3185
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური – 2020 (72)
64 0 0

კობახიძის განცხადებით, საქართველოში იქნება მრავალპარტიული პარლამენტი, რომელშიც იქნება წარმოდგენილი 9 პოლიტიკური სუბიექტი, საიდანაც მმართველ პარტიას ექნება საპარლამენტო უმრავლესობა

თბილისი, 21 ნოემბერი - Sputnik. კენჭისყრის წინასწარი მონაცემებით, „ქართული ოცნების“ 17-ვე კანდიდატმა მოიპოვა სადეპუტატო მანდატები, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

დღეს საქართველოს 17 საარჩევნო ოლქში (თბილისის 8-ვე და რეგიონებში 9 ოლქი) საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური ჩატარდა.

ოპოზიცია არ აღიარებს არჩევნების პირველი ტურის შედეგებს და არჩევნების მეორე ტურსაც ბოიკოტი გამოუცხადა. მათმა ნაწილმა საკუთარ ამომრჩეველს მოუწოდა, არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა არ მიეღოთ. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციის მაჟორიტარმა დეპუტატობის კანდიდატებმა არ მიიღეს მონაწილეობა არჩევნებში, ისინი საარჩევნო ბიულეტენში მაინც დარჩნენ. ცესკოს მონაცემებით, მეორე ტურში ამომრჩეველთა აქტივობამ 17:00 საათის მდგომარეობით 20.74% შეადგინა (443 963 ამომრჩეველი).

როგორც კობახიძემ განაცხადა, მათი ინფორმაციით, მომავალ პარლამენტში „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო “ 90 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი,  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ - 36 დეპუტატით, „ევროპული  საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“ - ხუთი,  „ლელო საქართველოსთვის“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“  და „გირჩი“ - 4-4,  „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“  - ორი და „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ – ერთი დეპუტატით.

„შედეგად, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ძალისხმევით შეთანხმებული საარჩევნო სისტემის საფუძველზე, ჩამოყალიბდა მრავალპარტიული პარლამენტი, სადაც წარმოდგენილია 9 პოლიტიკური სუბიექტი და სადაც მმართველი პარტია არ ფლობს ჭარბ უმრავლესობას. ეს არის უმნიშვნელოვანესი წინგადადგმული ნაბიჯი ქართული დემოკრატიის განვითარების გზაზე“, - აღნიშნა მან.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს კონსტიტუციის გათვალისწინებით, საკონსტიტუციო უმრავლესობას 113 დეპუტატი შეადგენს. ხოლო საპარლამენტო უმრავლესობისთვის 76 მანდატია საკმარისი.

მმართველი პარტიის აღმასრულებელი მდივნის განცხადებით, მიუხედავად ოპოზიციის საბოტაჟისა, ნახევარ მილიონზე მეტმა მოქალაქემ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა გამოავლინა და გამოცხადდა საარჩევნო უბნებზე.

მინაწერები ბიულეტენებზე და საბჭოთა კავშირის ჰიმნი: მდინარაძე კვლავ პროვოკაციაზე საუბრობს >>

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართა. ცესკოს მიერ გამოქვეყნებული შემაჯამებელი ოქმის თანახმად, პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგებით, პარლამენტში ცხრა პარტია შედის: „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“, „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“, „ლელო საქართველოსთვის“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“, „გირჩი“, „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“ და „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“.

თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური – 2020 (72)

მთავარი თემები