მთავრობა: საარჩევნო უბნებზე დაცული იქნება ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების ნორმები

© Sputnik / STRINGERსაარჩევნო უბანი
საარჩევნო უბანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურიც კორონავირუსის პანდემიის პირობებში ჩატარდება, შესაბამისად, ეპიდემიოლოგების მიერ შემუშავებული უსაფრთხოების ყველა წესის დაცვა აუცილებელია.

თბილისი, 20 ნოემბერი – Sputnik. არჩევნების მეორე ტურზე ყველა საარჩევნო უბანზე ზედმიწევნით იქნება დაცული ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების ნორმები, ნათქვამია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

თორნიკე რიჟვაძე - Sputnik საქართველო
რიჟვაძე: არჩევნების დღეს ნებისმიერი არეულობის მცდელობას სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება

21 ნოემბერს ქვეყნის მასშტაბით 30-დან 17 ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური იმართება, რადგანაც არჩევნების პირველ ტურში ვერც ერთმა კანდიდატმა ხმების 50%-ზე მეტი ვერ მიიღო.

საქართველოში 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები კორონავირუსის პანდემიის პირობებში ჩატარდა. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით არჩევნებისთვის სპეციალური წესები შეიმუშავა.

საარჩევნო უბნებზე მოქცევის წესები:

არჩევნებზე ამომრჩევლები ნიღბებით უნდა გამოცხადდნენ, გაიარონ დეზობარიერი და დაიმუშაონ ხელები სადეზინფექციო ხსნარით. ნიღბის მოხსნა მათ ორჯერ მოუწევთ – პირადობის მოწმობის წარდგენისას და საარჩევნო კომისიის წევრის მიერ სარეგისტრაციო მონაცემების შემოწმებისას.

თუ ამომრჩეველს ნიღაბი არ აქვს, მას ადგილზე გადასცემენ.

ექსტრემალური კენჭისყრა: როგორ იმოქმედა პანდემიამ არჩევნებზე ― წესების ჩამონათვალი>>>

თითოეულ ამომრჩეველს გადაეცემა ინდივიდუალური კალამი, რომელსაც ის სპეციალურ კონტეინერში დატოვებს მას შემდეგ, რაც სასურველ კანდიდატს შემოხაზავს.

შეიცვალა ფარული კენჭისყრის კაბინებიც. კაბინებში აღარ იქნება ფარდები, შესასვლელი კი კედლის მხრიდან ექნება, რათა ფარულობის პრინციპი არ დაირღვეს.

თერმოსკრინინგი ჩაუტარდებათ კომისიის წევრებს, პარტიების წარმომადგენლებს, დამკვირვებლებსა და ჟურნალისტებს. ვისაც მაღალი ტემპერატურა დაუფიქსირდება, ტერიტორიის დატოვება მოუწევს.

კომისიების წევრები, ნიღბების გარდა, ხელთათმანებითა და ფარებით იქნებიან დაცული.

საარჩევნო უბნებს სამ საათში ერთხელ დეზინფექცია ჩაუტარდება.

არჩევნების მეორე ტურს ოპოზიცია ბოიკოტს უცხადებს

საქართველოს ოპოზიცია 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგებს არ აღიარებს და განმეორებითი კენჭისყრის ჩატარების მოთხოვნით პერმანენტულ აქციებს ატარებს. აქციები თბილისსა და ქვეყნის სხვა დიდ ქალაქებში ტარდება. 

პოლიტიკური კრიზისი საქართველოში:არჩევნების მეორე ტური ოპოზიციის გარეშე ჩატარდება - Sputnik საქართველო
პოლიტიკური კრიზისი საქართველოში: არჩევნების მეორე ტური ოპოზიციის გარეშე ჩატარდება

ცესკოს მონაცემებით, პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგებით, პარლამენტში ცხრა პარტია შედის: „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“, „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“, „ლელო საქართველოსთვის“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“, „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“ და „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“.

წინასწარი გათვლებით, მეორე ტურის შედეგებიდან დამოუკიდებლად, „ქართული ოცნება“ 76 მანდატს, საპარლამენტო უმრავლესობას მოიპოვებს.

ოპოზიცია ასეთ შედეგებს არ ეთანხმება, მეორე ტურს ბოიკოტს უცხადებს და მეათე მოწვევის პარლამენტში მუშაობაზე უარს ამბობს – ისინი უარს აცხადებენ სადეპუტატო მანდატებზე.

ქუთაისის მერობის ოპოზიციონერი კანდიდატი არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე უარს აცხადებს>>>

ცესკოს განცხადებით, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, თუ კანდიდატი საკუთარ კანდიდატურას მოხსნის, მისი გვარი საარჩევნო ბიულეტენში მაინც დარჩება – კანდიდატურის მოხსნა მხოლოდ ხმების დათვლის შემდეგაა შესაძლებელი.

მმართველ პარტიაში ოპოზიციის მოქმედებებს დესტრუქციულს, დესტაბილიზაციისკენ მიმართულს უწოდებენ და მას ვითარების ხელოვნურად დაძაბვაში ადანაშაულებენ.

მმართველ პარტიაში მიაჩნიათ, რომ საქართველოში არჩევნები კანონის ყველა მოთხოვნის გათვალისწინებით, სამართლიან და კონკურენტულ გარემოში ჩატარდა და ოპოზიციას მისი შედეგების ეჭვქვეშ დაყენების საფუძველი არ აქვს.

ყველა ახალი ამბავი
0