05:05 06 დეკემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0304
  • 100 RUB4.4551
  • USD3.3115
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
64 0 0

ამერიკელი დიპლომატისა და საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრა დახურულ კარს მიღმა, მასმედიის წარმომადგენლების გარეშე მიმდინარეობდა.

თბილისი, 18 ნოემბერი – Sputnik. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრისას ქართულ მხარეს მადლობა გადაუხადა გლობალურ ტერორიზმთან ბრძოლაში შეტანილი წვლილისთვის, ნათქვამია საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.

შეხვედრა ორბელიანების სასახლეში დახურულ კარს მიღმა, ჟურნალისტების გარეშე გაიმართა.

აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ სახელმწიფო მდივან პომპეოსთვის სასიამოვნო იყო პრეზიდენტ ზურაბიშვილთან შეხვედრა ორბელიანის ისტორიულ სასახლეში, სადაც ადრე აშშ-ის საელჩო იყო განთავსებული. პომპეომ აშშ-ის სახელით საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ერთგულება დაადასტურა და გლობალური ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის ქვეყნის მიმართ პატივისცემა გამოხატა.

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა შეხვედრაზე აღნიშნა, რეგიონსა და მთელ მსოფლიოს ახლა „მშვიდობიანი, სტაბილური და დემოკრატიული კავკასია“ სჭირდება. 

„მშვიდობა არის უალტერნატივო, ხოლო რეგიონის ეკონომიკური და პოლიტიკური განვითარება ჩვენი საერთო ინტერესია“, – განაცხადა ზურაბიშვილმა და აღნიშნა, რომ სახელმწიფო მდივანი თავისი ჩამოსვლით კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს, კავკასიისა და მთელი შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელობას აშშ-სთვის.

ამჟამად ქართველი სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობენ სამშვიდობო მისიებში ავღანეთში, რომელიც ნატოს ეგიდით მიმდინარეობს, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და მალიში. სამშვიდობო მისია ამ ორ აფრიკულ ქვეყანაში ევროკავშირის ეგიდით მიმდინარეობს.

ავღანეთში 870 ქართველი სამხედროა, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში – 35, ხოლო მალიში – ერთი ქართველი ოფიცერი.

ქართველი სამხედროები ასევე მონაწილეობდნენ ერაყის სამშვიდობო მისიაში. ისინი იქ 2003–2008 წლებში იმყოფებოდნენ. 2008 წელს ქართველი სამხედროების რაოდენობამ ამ ქვეყანაში 2,2 ათასს მიაღწია.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი საქართველოში 17 ნოემბერს ჩამოვიდა. ამერიკელი დიპლომატი საქართველოს დიდი ათდღიანი ტურნეს ფარგლებში ეწვია, რომლის დროსაც ის შვიდ ქვეყანას უნდა ესტუმროს. ქვეყნის პრეზიდენტთან შეხვედრის გარდა სახელმწიფო მდივანს დაგეგმილი აქვს შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან. მაიკ პომპეო თბილისში ასევე შეხვდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქ ილია მეორეს და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს.

პომპეო საქართველოში პოლიტიკური კრიზისის დროს ჩამოვიდა – 31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ პარლამენტში შესულმა ყველა ოპოზიციურმა პარტიამ განაცხადა, რომ არჩევნები გაყალბდა და ამიტომ ისინი უარს ამბობენ საკანონმდებლო ორგანოში შესვლაზე. სახელმწიფო მდივნის პროგრამაში ოპოზიციასთან შეხვედრა არ არის. ოპოზიციის ლიდერებმა მიიღეს გადაწყვეტილება, ჩაატარონ „მდუმარე აქცია“, რათა მიესალმონ ამერიკის ადმინისტრაციის წარმომადგენელს და მისი ყურადღება მიაპყრონ ოპოზიციის მოთხოვნებს.

მთავარი თემები