05:43 06 დეკემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0304
  • 100 RUB4.4551
  • USD3.3115
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
67 0 0

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს ორდღიანი ვიზიტი საქართველოში პოლიტიკური კრიზისის ფონზე გაიმართება – ოპოზიციური პარტიები არჩევნების შედეგებს არ ცნობენ.

თბილისი, 17 ნოემბერი — Sputnik. სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო განიხილავს საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისთვის საჭირო ძალისხმევას და ყურადღებას გაამახვილებს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მნიშვნელობაზე, ნათქვამია საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს ვიზიტთან დაკავშირებით საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დღეს საქართველოს ორდღიანი ვიზიტით აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ეწვია.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სტუმარს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, აშშ-ში საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე და საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი დახვდნენ. 

„სახელმწიფო მდივანი აქ იმყოფება იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ გაუსვას ხაზი შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ასევე ჩვენი საერთო ღირებულებების, თავისუფლებისა და დემოკრატიისადმი ერთგულებას“, – აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.

ოფიციალურ შეხვედრებს მაიკ პომპეო 18 ნოემბერს გამართავს – დაგეგმილია სახელმწიფო მდივნის შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან, საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქ ილია მეორესთან და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან. 

ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე მხარეები განიხილავენ საქართველოსა და რეგიონში არსებულ გარემოს უშიშროების კუთხით და ქვეყნებს შორის თანამშრომლობას რეგიონული და საერთაშორისო უშიშროების განმტკიცების მიზნით. მხარეები ასევე განიხილავენ საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ და ეკონომიკურ რეფორმებს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ორდღიანი ვიზიტი საქართველოში პოლიტიკური კრიზისის ფონზე შედგება – 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებით პარლამენტში შესული ოპოზიციური პარტიები არჩევნებს გაყალბებულს უწოდებენ და დეპუტატის მანდატებზე უარს აცხადებენ. 

სახელმწიფო მდივნის დღის წესრიგში ქართულ ოპოზიციასთან შეხვედრები დაგეგმილი არ არის. ოპოზიციის ლიდერებმა ვიზიტის მეორე დღეს „მდუმარე აქციის“ ჩატარების გადაწყვეტილება მიიღეს, რათა ამ ფორმით გამოხატონ თავიანთი პროტესტი საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით.

მთავარი თემები