თბილისი, 17 ნოემბერი – Sputnik. საქართველო აშშ-სთვის რეგიონში ყველაზე ახლო მოკავშირე და ძლიერი დასაყრდენია, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ჟურნალისტებთან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში.
დღეს საქართველოს ორდღიანი ვიზიტით აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ეწვია.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სტუმარს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, აშშ-ში საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე და საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი დახვდნენ.
ზალკალიანის განცხადებით, მაიკ პომპეოს ვიზიტი კიდევ ერთხელ მეტყველებს, თუ რა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს აშშ საქართველოსთან სტრატეგიულ ურთიერთობას.
„იმ ვითარებიდან გამომდინარე, რაც რეგიონშია შექმნილი, მხედველობაში მაქვს ურთულესი გეოპოლიტიკური მდგომარეობა და გამოწვევები, რომლის წინაშეც დგას არა მხოლოდ საქართველო, არამედ მთლიანად რეგიონი, ამ დროს მთავარი სტრატეგიული პარტნიორის ვიზიტი უაღრესად მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ზალკალიანმა.
მისი თქმით, საქართველოში პომპეოს ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია ჩვენი ქვეყნისთვის და მთლიანად რეგიონისთვის.
„ჩვენ გვინდა უფრო მეტი პარტნიორობა აშშ-თან და გვსურს მისი მუდმივი ყოფნა საქართველოში... ვიზიტის ფარგლებში შეფასება მიეცემა იმას, თუ სად ვართ ჩვენ და რა ნაბიჯები უნდა გადავდგათ, რათა აშშ-სა და საქართველოს შორის მჭიდრო ურთიერთობები იყოს“, – აღნიშნა ზალკალიანმა.
ოფიციალურ შეხვედრებს მაიკ პომპეო 18 ნოემბერს გამართავს.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია სახელმწიფო მდივნის შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან.
მაიკ პომპეო ასევე შეხვდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქ ილია მეორეს და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ორდღიანი ვიზიტი საქართველოში პოლიტიკური კრიზისის ფონზე შედგება – 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებით პარლამენტში შესული ოპოზიციური პარტიები არჩევნებს გაყალბებულს უწოდებენ და დეპუტატის მანდატებზე უარს აცხადებენ.
ქართული პრესა პომპეოს ვიზიტს რეგიონული პრობლემატიკის კონტექსტში აქტიურად განიხილავს, რაც დაკავშირებულია აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ცეცხლის შეწყვეტასთან და მთიან ყარაბაღში რუსი სამშვიდობოების შეყვანასთან. იმ თემებს შორის, რაც ყველაზე მეტად განიხილება, საქართველოში ამერიკული სამხედრო ბაზის განთავსებაა, თუმცა ამ ეტაპზე ამ ვერსიის რაიმე სახის ოფიციალური დადასტურება არ არსებობს.
საქართველოს საგარეო უწყების განმარტებით, განსახილველ პრიორიტეტულ თემებს შორის იქნება თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები როგორც თავდაცვისა და უშიშროების, ასევე ვაჭრობისა და ეკონომიკის, დემოკრატიის, ხალხთა შორის კონტაქტების, განათლებისა და კულტურული გაცვლების სფეროებში.