01:29 02 დეკემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9722
  • 100 RUB4.3634
  • USD3.3185
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
პროტესტი საქართველოში: ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს (94)
55 0 0

კომისიის წევრებმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ და „ევროპული საქართველოდან“ შემაჯამებელ ოქმებს ხელი არ მოაწერეს და პროტესტის ნიშნად ყველა სხდომა დატოვეს

თბილისი, 11 ნოემბერი - Sputnik. საოლქო კომისიებს მთელ საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შემაჯამებელი ოქმების შედგენა ხმაურიანი აქციების, შეტაკებებისა და პოლიციასთან დაპირისპირების ფონზე მოუწიათ, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა კი სხდომები დატოვეს.

ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს და ოქმებში შეუსაბამობებზე მიუთითებს. მათი განცხადებით, საჩივრები, რომლებიც დარღვევებთან დაკავშირებით სასამართლოში იქნა წარდგენილი, სათანადოდ არ განიხილება ან საერთოდ განუხილველად რჩება.

პოზიციის კიდევ ერთხელ დასაფიქსირებლად სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის ლიდერები და აქტივისტები საოლქო საარჩევნო კომისიების შენობებთან იკრიბებიან და დათვლის პროცესს ხმაურით, ყვირილით, შენობაში შეჭრისა და სხდომების ჩაშლის მცდელობით აპროტესტებენ.

თელავის მოვლენები

ახმეტა-თელავი-ყვარელი-ლაგოდეხის საარჩევნო ოლქის საპარლამენტო არჩევნების პირველი ტურის საბოლოო შედეგები თელავის რაიონის მე-17 საარჩევნო კომისიის სხდომაზე დამტკიცდა.

შემაჯამებელ ოქმს გაყალბებული უწოდეს და ხელი არ მოაწერეს კომისიის წევრებმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ და „ევროპული საქართველოდან“. პროტესტის ნიშნად მათ სხდომა დატოვეს.

ოქმის ობიექტურობა ეჭვქვეშ დააყენა პარტია „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელმაც, მაგრამ ხელი მაინც მოაწერა.

კომისიის თავმჯდომარის სიტყვებით, ოქმები შედგენილია ყველა წესის დაცვით, გაყალბება კი არ მომხდარა. დასკვნითი ოქმის თანახმად, ოლქში მაჟორიტარული და პროპორციული სიითაც ხმათა უმრავლესობა „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო.

პროტესტი ზუგდიდში

ბევრ ხალხს მოუყარა თავი ოპოზიციამ ზუგდიდში, საოლქო კომისიასთან, სადაც პოლიციასთან დაპირისპირებაც მოხდა. აქციის მონაწილეებმა შენობაში ხის საანგარიშოს შეტანა და საოლქო კომისიის თავმჯდომარისთვის მისი გადაცემა სცადეს. პოლიციამ მათ ამის გაკეთების საშუალება არ მისცა, საბოლოოდ კი საანგარიშო ხეზე ჩამოკიდეს.

ეს საოლქო სხდომაც ოპოზიციის წარმომადგენლების მონაწილეობის გარეშე ჩატარდა.

Зугдиди - акция протеста оппозиции у здания окружной избирательной комиссии 11 ноября 2020 года
© Sputnik / STRINGER
ოპოზიციის აქცია ზუგდიდის საოლქო კომისიასთან

„64 საჩივარი იყო რეგისტრირებული კენჭისყრის დღეს და მომდევნო დღეებში, აქედან 48 განუხილველი დარჩა, სულ ორი სხდომა ჩატარდა, 11 განვიხილეთ, აქედან ერთი დაკმაყოფილდა სრულად, ორი ნაწილობრივ, რვა არ დაკმაყოფილდა“, - განაცხადა ზუგდიდის საოლქო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხმა პირველი არხის ეთერში.

მისი სიტყვებით, დასკვნით ოქმებში არანაირი შეცდომა არ არის.

„რაც შეეხება საპროტესტო აქციას, ეს მათი უფლებაა, გამოხატონ თავიანთი ნება. საუბნო საარჩევნო კომისიების შემადგენლობა აწერს ხელს ყველა უბანზე, არავის არანაირი პრეტენზია არ გააჩნია შემაჯამებელ ოქმებთან, ხმის დათვლის პროცედურებთან დაკავშირებით. რაც განვიხილეთ ეს საჩივრები იყო კენჭისყრის პროცედურულ დარღვევებთან დაკავშირებით, რამაც არ იქონია გავლენა შედეგებზე“, - აღნიშნა მესხმა.

ვითარება გორისა და კასპის საოლქო კომისიებთან

გორისა და კასპის მე-15 საოლქო კომისიის შემაჯამებელი ოქმის თანახმად, გაიმარჯვა „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა გიორგი ხოჯევანიშვილმა.

კომისიის წევრებს დოკუმენტის მომზადება დაძაბულ გარემოში მოუწიათ - საპროტესტო აქციებისა და შედეგების გაყალბების ბრალდებების ფონზე. ისევე, როგორც სხვა ოლქებში, კომისიის წევრებმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ და „ევროპული საქართველოდან“ კვლავ არ მოაწერეს ხელი ოქმს და პროტესტის ნიშნად დატოვეს სხდომა.

„მათი განსხვავებული აზრი სხდომის ოქმში აისახება. კენჭისყრის დღეს, ოპოზიციის წარმომადგენლებთან ერთად დავდიოდით უბნებზე და რამდენიმე უბანზე ვესწრებოდით ხმების დათვლას. თუ ვინმეს პრეტენზიები ჰქონდა, ადგილზევე შეეძლოთ ეს ეთქვათ. საჩივრებზე იყო რეაგირება, ორი უბანი თავიდან გადაითვალა, თუმცა რა მონაცემებიც ასახული იყო, იგივე დადგა და კანონდარღვევას იქ ადგილი არ ჰქონია“, - განაცხადა კომისიის თავმჯდომარემ მალხაზ მირუაშვილმა პირველი არხის ეთერში.

სხვა რეგიონები

ასეთივე პროტესტი ოპოზიციის წარმომადგენლებმა პრაქტიკულად ყველა საოლქო კომისიასთან მოაწყვეს და ყველგან კომისიის წევრებმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ და „ევროპული საქართველოდან“ დატოვეს სხდომები პროტესტის ნიშნად და ხელი არ მოაწერეს დასკვნით ოქმებს. როგორც ამ კომისიების თავმჯდომარეებმა განაცხადეს, მიუხედავად ასეთი პროტესტისა, დოკუმენტი, რომელიც კომისიის წევრების უმრავლესობის მიერაა ხელმოწერილი, უკვე იურიდიულ აქტს წარმოადგენს.

მოვლენებს არც დაკავების გარეშე ჩაუვლია. სამგორის საოლქო კომისიასთან პოლიციამ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი ბესო გაზდელიანი დააკავა. იგი ცდილობდა სტიკერის მიკვრას „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის გამოსახულებით საოლქო კომისიის შენობასთან, რისთვისაც გაფრთხილება დაიმსახურა. შედეგად ის პოლიციის მოთხოვნის დაუმორჩილებლობისათვის დააკავეს.

მეორე ტური თბილისის რვავე ოლქში და ზოგიერთ რეგიონში ჩატარდება. რეგიონებში მეორე ადგილზე გავიდნენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატები, თბილისში კი - ოპოზიციის ერთიანი კანდიდატები და პარტია „მოქალაქის“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი.

ოპოზიცია არ აღიარებს საპარლამენტო არჩევნების შედეგებს, რომელთა თანახმად, „ქართულმა ოცნებამ“ 48,22% აიღო, და უარს აცხადებს პარლამენტში შესვლაზე. ისინი შედეგების გაბათილებას და ახალი, რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.

მმართველ პარტიაში არჩევნების გაყალბებას კატეგორიულად უარყოფენ და აცხადებენ, რომ იგი თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარდა, რაზეც საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების შეფასებებიც მეტყველებს.

თემები:
პროტესტი საქართველოში: ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს (94)

მთავარი თემები