09:33 25 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9447
  • 100 RUB4.3629
  • USD3.3193
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
პროტესტი საქართველოში: ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს (84)
67 0 0

პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე ოპოზიციის ზოგიერთმა ლიდერმა განაცხადა, რომ არ დაემორჩილება 22:00 საათის შემდეგ გადაადგილებაზე დაწესებულ შეზღუდვას და ღამეს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გაათევს

თბილისი, 9 ნოემბერი – Sputnik. პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე ოპოზიციონერი ლიდერების ნაწილმა განაცხადა, რომ 22:00 საათიდან გადაადგილებაზე დაწესებულ შეზღუდვას არ დაემორჩილება და ღამე პარლამენტთან დარჩენას აპირებს. მათ შორისაა ნიკა მელია, გიგი უგულავა, ელენე ხოშტარია, ხატია დეკანოიძე და სხვები.

ეპიდვითარების მკვეთრი გაუარესების გამო დღეიდან შვიდ დიდ ქალაქში 22:00 საათიდან 05:00 საათამდე როგორც ქვეითთათვის, ისე ავტოტრანსპორტისთვის გადაადგილება აიკრძალა.

„მე ვაპირებ 22:00 საათის შემდეგ გადაადგილების შეზღუდვის დარღვევას, ვაპირებ, რომ არ დავემორჩილო მას. არანაირი კავშირი ჩვენს ჯანმრთელობაზე ზრუნვასთან არ აქვს „კომენდანტის საათს". ათი საათის მერეც იგივე საფრთხეა. ეს არის იმისთვის, რომ აქციებზე არ იაროს ხალხმა“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ განაცხადა.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ აქციის მონაწილეებს განუცხადა, რომ არ არის სავალდებულო ბევრი ადამიანი დარჩეს, რადგან ეს მათ დამატებით პრობლემებს შეუქმნის.

„ვერც ერთ თქვენგანს ვერ დავავალდებულებ, რომ დავრჩეთ. მე აქ დავრჩები ჩემს მეგობრებთან ერთად, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენ უნდა დარჩეთ. ჩვენც შეგვიმსუბუქებთ ცხოვრებას თუ არ დარჩებით, რადგან საკმარისად დარვჩებით, ახლაგაზრდები რჩებიან, ჩვენ მათ ვერ მივატოვებთ“, - განაცხადა მან.

„ვისაც შეგიძლიათ დარჩენა, გამაგრდით, 05:00 საათამდე გავძლოთ. ვაჩვენოთ, რომ არ ვემორჩლებით და არ გვეშინია! არ ვაპატიებთ არცერთ გადაცდომას , დაუმორჩილებლობა 22:00 საათიდან. მომზადებული გვაქვს რაღაცები რომ არ გავიყინოთ. იქნება ცხელი სასმელი, მუსიკა, პლედები. ვინც ვერ რჩებით სხვადასხვა მიზეზის გამო, იმ დროს უნდა გახვიდეთ, რომ ტრანსპორტს მიასწროთ“, - განაცხადა მოძრაობა „სირცხვილიას“ აქტივისტმა გიგა მაქარაშვილმა.

ცოტა ხნის წინ მოძრაობა „სირცხვილიას“ რამდენიმე აქტივისტი პოლიციამ დააკავა. მიზეზი კი ისაა, რომ მათ პარლამენტის ტერიტორიაზე შეშა მიჰქონდათ.

ქართული ოპოზიციის მხარდამჭერები ორშაბათს, საღამოს დედაქალაქის ცენტრში მორიგ მიტინგზე შეიკრიბნენ.

ამ დროისათვის აქციაზე შეკრებილია დაახლოებით სამასი ადამიანი, ისმის მუსიკა, გამომსვლელები სიტყვით მიმართავენ შეკრებილებს.

საპარლამენტო არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო ოპოზიციამ კვირას ცესკოს მთლიანი აპარატის გადადგომის მოთხოვნით მასშტაბური საპროტესტო აქცია გამართა ჯერ პარლამენტთან, შემდეგ კი ცესკოსთან, სადაც პოლიციასთან დაპირისპირება მოხდა. მომიტინგეების დასაშლელად პოლიციამ წყლის ჭავლი და ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენა. არიან დაშავებულები და დაკავებულები.

შედეგად – ღამით აქციის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღეს, რათა ადამიანები არ დაავადებულიყვნენ, ასევე დაანონსდა ახალი აქცია ორშაბათისთვის. დღევანდელ აქციაზე ახალი არჩევნების და ცესკოს თავმჯდომარის თამარ ჟვანიას გადადგომის მოთხოვნას პოლიციის მოქმედების წინააღმდეგ პროტესტი დაემატა.

31 ოქტომბერს გამართული საპარლამენტო არჩევნების შედეგებით, პარლამენტში შედის ცხრა პარტია, საიდანაც რვა ოპოზიციურია. ოპოზიცია ამ შედეგებს არ აღიარებს და არჩევნებს არალეგიტიმურს უწოდებს. ისინი პროტესტის ნიშნად სადეპუტატო მანდატებზე უარს აცხადებენ და არც არჩევნების მეორე ტურში გეგმავენ მონაწილეობის მიღებას. ოპოზიცია მეცხრე დღეა თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა ქალაქში საპროტესტო აქციებს მართავს.

მმართველი პარტია კატეგორიულად უარყოფს არჩევნების გაყალბებას და აცხადებს, რომ იგი თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში ჩატარდა, რასაც საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებიც ადასტურებენ.

 

თემები:
პროტესტი საქართველოში: ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს (84)

მთავარი თემები