თბილისი, 9 ნოემბერი – Sputnik. პოლიტიკური მოვლენები ისეთ კალაპოტში მოექცა, რომ ყველანი – მართლებიც და მტყუვნებიც – ქართული სახელმწიფოს ნგრევის პროცესში ვმონაწილეობთ, დაწერა „ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა სოციალურ ქსელში.
„ეს არ არის ცრემლმდენი გაზი, აქ სხვაობა დიდია“ : შსს მორიგ განმარტებას აკეთებს>>
გუშინ ოპოზიციურმა პარტიებმა თბილისსა და ბათუმში მრავალათასიანი საპროტესტო აქციები გამართეს. საქართველოს პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე ოპოზიციამ ულტიმატუმი წამოაყენა – ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გამართვა და ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომა.
თბილისში აქციის მონაწილეები ცენტრალური საარჩევნო კომისიისკენ გაემართნენ, ბათუმში კი მომიტინგეებმა აჭარის მთავრობის შენობის წინ კარვები გაშალეს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან შეკრებილი აქციის მონაწილეების დასაშლელად პოლიციამ წყლის ჭავლი გამოიყენა, რის შედეგადაც დაშავდა რამდენიმე ადამიანი.
უსუფაშვილის თქმით, საჭიროა შეჩერება და გამოსავლის პოვნა. გამოსავალი კი არის ახალი არჩევნების ვადებზე და პირობებზე შეთანხმება და მისი საერთაშორისო ინსტრუმენტებით გამაგრება.
„ასეთი შეთანხმების მიღწევა რთული საქმეა, რადგან ჩვენში პოლიტიკურ ვაჟკაცობად სხვისი განადგურება მიიჩნევა და არა სხვასთან ერთად სწორ გზაზე დადგომა. დღეიდან მხოლოდ ამ რთულ საქმეს მოვახმარ შერჩენილ ადამიანურ და პოლიტიკურ რესურსს – დავურეკავ, ვუპასუხებ, შევხვდები, მოვუსმენ, შევთავაზებ... ჩემი საჯარო აქტიურობაც ამ საქმის ინტერესებს დაექვემდებარება", – დაწერა დავით უსუფაშვილმა თავის Facebook-გვერდზე.
კალაძე: მზად ვართ, დავსხდეთ მაგიდასთან და გადავწყვიტოთ ცივილურ ფორმაში და არა დამხობებით>>
31 ოქტომბერს გამართული საპარლამენტო არჩევნების შედეგებით პარლამენტში ცხრა, მათ შორის რვა ოპოზიციური პარტია შედის. ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და მას არალეგიტიმურს უწოდებს. ისინი პროტესტის ნიშნად სადეპუტატო მანდატებზე უარს აცხადებენ.