15:03 25 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9447
  • 100 RUB4.3629
  • USD3.3193
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
პროტესტი საქართველოში: ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს (84)
271 0 0

პოლიციამ ცესკოს შენობასთან აქციის მონაწილეების დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენა, რაზეც შსს-მ განაცხადა, რომ ეს იყო პროპორციული ძალის გამოყენება

თბილისი, 8 ნოემბერი - Sputnik. სახელმწიფო ყველა კანონდარღვევას უპასუხებს პროპორციულად და არ დაუშვებს ოპოზიციის მხრიდან კანონის ჩარჩოებიდან გასვლის ნებისმიერ პრეცედენტს, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა მამუკა მდინარაძემ.

დღეს პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეებმა გადაინაცვლეს ცესკოს შენობასთან, რათა მისი პიკეტირება მოეხდინათ. აქციის მონაწილეებმა სცადეს ჯებირების გარღვევა, ხოლო შენობის პერიმეტრზე განლაგებულმა სპეცრაზმმა მომიტინგეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენეს.  შსს-ში განაცხადეს, რომ ეს პროპორციული ძალის გამოყენება იყო.

„მას შემდეგ, რაც მათ აქცია ჩაუფლავდათ, გადაინაცვლეს ცესკო-სთან, სადაც აქციის მონაწილეებმა ასევე არ გაითვალისწინეს ჩვენი უცხოელი პარტნიორების მოწოდება, პროტესტი მშვიდობიანი გზით გამოეხეტათ. მათ სცადეს ცესკო-ს შენობაში შეჭრა, ესროდნენ ქვებს და სხვადასხვა ნივთებს პოლიციელებს, რასაც მოჰყვა საპასუხო რეაქცია პოლიციის მხრიდან“, - განაცხადა მდინარაძემ.

მან ასევე მოუწოდა აქციის მონაწილეებს, დაიცვან რეგულაციები და არ გასცდნენ პროტესტის მშვიდობიან ფორმებს.

„როგორც ჩანს, მათ არ მოსწონთ უპრეცედენტო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც დაახლოებით 30 უბანზე უკვე გადაითვალა ბიულეტენები. დამატებით, სასამართლოს დავალებით მიმდინარეობს თუ არ ვცდები ათამდე უბანზე გადათვლა. ჯერ ამ გადათვლის შედეგად რაიმე არსებითი დარღვევა, ხაზს ვუსვამ, რაიმე არსებითი დარღვევა გამოვლენილი ვერ იქნა, არა თუ გაყალბების რაიმე ფაქტი. ვუერთდებით ჩვენი ამერიკელი და ევროპელი პარტნიორების მოწოდებას და ჩვენც, კატეგორიულად მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს, დაიცვან რეგულაციები, ასევე არ გასცდნენ პროტესტის მშვიდობიანი გამოხატვის ფორმებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სახელმწიფო ყველა კანონდარღვევას უპასუხებს პროპორციულად და არ დაუშვებს მათი მხრიდან კანონის ჩარჩოებიდან გასვლის ნებისმიერ პრეცედენტს და ასეთ მცდელობებს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

პოლიცია პერიოდულად იყენებს წყლის ჭავლს და მომიტინგეებს ცესკოს შენობასთან მიახლოების საშუალებას არ აძლევს. წყლის ჭავლის გამოყენების შედეგად რამდენიმე მომიტინგე დაშავდა.

ცესკოს შენობის ირგვლივ პერიმეტრს სპეცრაზმი იცავს. 

დღეს ოპოზიციურმა პარტიებმა თბილისსა და ბათუმში მრავალათასიანი საპროტესტო აქცია გამართა. საქართველოს პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე ოპოზიციამ ულტიმატუმი წამოაყენა – ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გამართვა და ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომა. თბილისში გამართლი აქციის მონაწილეები ცენტრალური საარჩევნო კომისიისკენ გაემართნენ, ბათუმში კი მომიტინგეებმა აჭარის მთავრობის შენობის წინ კარვები გაშალეს.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს გაიმართა. მის შედეგებს ოპოზიცია არ აღიარებს და მისი არალეგიტიმურობის ცნობას მოითხოვს. ყველა ოპოზიციურმა პარტიამ და ბლოკმა, რომლებიც წინასწარი შედეგების მიხედვით პარლამენტში მოხვდნენ, უკვე მოაწერა ხელი მემორანდუმს, რომლის მიხედვით მათ უარი თქვეს მანდატებზე და არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე.

მმართველ პარტიაში ოპოზიციის უკმაყოფილებას დესტრუქციულად აფასებენ და მათ ქვეყანაში დესტაბილიზაციის მცდელობასა და ვითარების ხელოვნურად დაძაბვაში ადანაშაულებენ.

 

თემები:
პროტესტი საქართველოში: ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს (84)

მთავარი თემები