19:50 23 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9215
  • 100 RUB4.3481
  • USD3.3073
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (2472)
66 0 0

ოპოზიციური პარტიების ლიდერები და მათი მხარდამჭერები საპარლამენტო არჩევნების ხელახლა ჩატარებასა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომას ითხოვენ.

თბილისი, 7 ნოემბერი - Sputnik. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა მხარდამჭერებთან ერთად თბილისში და რამდენიმე ქალაქში საპროტესტო აქციები გამართეს.

თბილისში თავისუფლების მოედნიდან მსვლელობა გაიმართა. მსვლელობაში „ევროპული საქართველოს“, „ლელოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები და აქტივისტები იღებენ მონაწილეობას. ოპოზიციური პარტიების ლიდერები მოსახლეობას კიდევ ერთხელ 8 ნოემბერს გასამართ აქციაზე გამოსვლისკენ მოუწოდებენ.

აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ და მის ხელახლა ჩატარებას მითხოვენ.

ხმაურის ფონზე მიმდინარეობს აქცია ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან, სადაც „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრები იმყოფებიან.

მათი მთავარი მოთხოვნა ასევე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაა, რომელიც ცესკო-ს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გარეშე უნდა გაიმართოს.

პარტიის წარმომადგენლებმა ადგილზე იმ ოქმების დიდი ფორმატით წარმოდგენილი ასლები მიიტანეს, რომლებიც მათივე თქმით, დაუბალანსებელია.

„აქციები ყოველდღიურ სახეს მიიღებს და არ გავჩერდებით, ვიდრე ცესკო-ს თავმჯდომარე, თამარ ჟვანია თანამდებობას არ დატოვებს“, - აცხადებენ აქციაზე მყოფი პირები.

მანამდე ცესკო-ს შენობასთან იგივე მოთხოვნით აქციას მართავდნენ ოპოზიციური პარტია, „ქართული მარშის“ წევრებიც. მათ ადგილზე აქცია-პერფორმანსი მოაწყვეს და შავი კვამლი გაუშვეს, რითაც მათივე განმარტებით სიმბოლური პოზიცია გამოხატეს - „ცესკო-მ პარტიები დააბოლა“.

ოპოზიციის მხარდამჭერები აქციებს ქვეყნის სხვა დიდ ქალაქებშიც მართავენ. ინციდენტი მოხდა ბათუმში ე.წ. ხოფას ბაზრობის ტერიტორიაზე. ინციდენტზე რეაგირება სამართალდამცველებმა მოახდინეს და მონაწილე პირები გამოკითხვაზე გადაიყვანეს.

ბაზრის ერთ-ერთი მოვაჭრის თქმით, ადგილზე დაპირისპირება აქციის მონაწილეების შეძახილებს მოჰყვა.

„დღეს 7 ნოემბერს მოვიდნენ და მიშა, მიშას გაჰყვირიან ალბათ ყველას გახსოვთ, რაც მოხდა 7 ნოემბერს. სწორედ ამაზე გავღიზიანდით“, - აცხადებს ადგილობრივი მოვაჭრე.

მეორე მხრივ, პოლიტიკური მოძრაობა „ლელოს“ წევრი, მიშა ქავთარაძე ამბობს, რომ ე.წ. ხოფას ბაზრობაზე ოპოზიციის წევრებს თავს დაესხნენ. მისი თქმით, უცნობმა პირებმა ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

ამასთან, თბილისში დაგეგმილ აქციაზე მოსვლისკენ ოპოზიცია გორის მოსახლეობასაც მოუწოდებს. გორში „ევროპულმა საქართველომ“ ავტომანქანებით მსვლელობა გამართა.

აქცია-პერფორმანსის სახით გამოხატეს პროტესტი რუსთავში სამოქალაქო სექტორის აქტივისტებმაც. აქციის მონაწილეებმა „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, დავით კირკიტაძეს პარლამენტში შესვლისკენ და გარემოსდაცვით საკითხებზე კანონშემოქმედებით საქმიანობაში ჩართვისკენ მოუწოდეს.

ოპოზიცია კვირას, 8 ნოემბერს საყოველთაო საპროტესტო აქციის გამართვას აანონსებს, მანამდე კი თბილისსა და რეგიონებში საოლქო საარჩევნო კომისიის შენობებთან საპროტესტო აქციებს მართავს.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართა, რომლის შედეგებსაც ოპოზიცია არ აღიარებს და მის არალეგიტიმურად ცნობას მოითხოვს.

ცესკოს მონაცემებით, პარლამენტში შვიდი პარტია და ორი ბლოკი შედის. თუმცა, ყველა ოპოზიციურმა პარტიამ და ბლოკმა, რომლებიც წინასწარი შედეგების მიხედვით პარლამენტში მოხვდნენ, უკვე მოაწერა ხელი მემორანდუმს, რომლის მიხედვით მათ უარი თქვეს დეპუტატობის მანდატებზე. ოპოზიცია ასევე უარს აცხადებს არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე, რომელიც 17 ერთმანდატიან ოლქში უნდა გაიმართოს.

თემები:
COVID-19 საქართველოში (2472)

მთავარი თემები