11:49 01 დეკემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9840
  • 100 RUB4.3704
  • USD3.3253
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
პოლიტიკური კრიზისი საქართველოში: შეფასებები და პროგნოზები (36)
8201

საქართველოში პოლიტიკური ვნებათაღელვა კულმინაციას აღწევს. საპარლამენტო არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო ოპოზიცია მასშტაბური საპროტესტო აქციისთვის ემზადება.

თბილისი, 6 ნოემბერი – Sputnik. ვურჩევთ მთავრობას, დაანონსებულ შეზღუდვებთან დაკავშირებით არ მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც 8 ნოემბრის აქციის ორგანიზების ხელშემშლელი იქნება, ნათქვამია პარტია „ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გუშინ გამართულ უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს ონლაინ–სხდომაზე განაცხადა, რომ მიმდინარე პოლიტიკური პროცესებისა და მოსახლეობის მაღალი აქტივობის გამო ქვეყანაში დაწესებული წერტილოვანი შეზღუდვები კიდევ ერთხელ გადაიხედება.

ბოლო ორ თვეში საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარება მნიშვნელოვნად გაუარესდა. კორონავირუსის პირველი ტალღის დროს – 26 თებერვლიდან 1 სექტემბრამდე – ინფიცირებულთა რაოდენობა მთლიანობაში 1500-ს არ აჭარბებდა. ბოლო დღეების მონაცემებით კი დღიურმა მაჩვენებელმა 2 ათასს გადააჭარბა – 5 ნოემბერს კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა 2401-ით გაიზარდა და საერთო რიცხვმა 49218-ს მიაღწია.

მიხეილ სააკაშვილი: „კოვიდმა არ უნდა შეგვაჩეროს საქართველოსთვის ბრძოლაში“>>>

ოპოზიციური პარტია აცხადებს, რომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების შესაძლო გამკაცრება პოლიტიკური დაძაბულობისთვის ხელსაყრელ ფონს შექმნის, ხოლო ინფექციის გავრცელებაზე პოზიტიურ გავლენას ვერ მოახდენს.

„მოვუწოდებთ და ვურჩევთ მთავრობას, არ მიიღოს არც ერთი გადაწყვეტილება, რომელიც დაკავშირებულია დაანონსებულ შეზღუდვებთან და რაც შეიძლება აღქმული იყოს 8 ნოემბრის პოლიტიკური აქციის ორგანიზებაში ხელის შეშლად. ოპოზიციას ვურჩევთ, გაემიჯნონ ვირუსთან შეზღუდვებით ბრძოლის სტრატეგიას და მხარი დაუჭირონ იძულებითი შეზღუდვების დაუყონებლივ გაუქმებას და ქვეყნის საზღვრების გახსნას... ახალი შეზღუდვების ამოქმედების შემთხვევაში კი მოგიწოდებთ – 8 ნოემბერს არა მხოლოდ გაყალბებული არჩევნების, არამედ მთავრობის „ანტივირუსული“ ქმედებების წინააღმდეგაც გამოვიდეთ“, – აღნიშნულია განცხადებაში. 

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართა, რომლის შედეგებსაც ოპოზიცია არ აღიარებს და მის არალეგიტიმურად ცნობას მოითხოვს. ყველა ოპოზიციურმა პარტიამ და ბლოკმა, რომლებიც წინასწარი შედეგების მიხედვით პარლამენტში მოხვდნენ, უკვე მოაწერა ხელი მემორანდუმს, რომლის მიხედვით მათ უარი თქვეს დეპუტატობის მანდატებზე. ოპოზიცია ასევე უარს აცხადებს არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე, რომელიც 17 ერთმანდატიან ოლქში უნდა გაიმართოს.  

„ქართული ოცნება“ ოპოზიციას რევოლუციური სცენარის მომზადებაში ადანაშაულებს და აცხადებს რომ საარჩევნო ოქმებში უზუსტობები ტექნიკური და მექანიკური ხასიათისაა. მმართველი პარტია კატეგორიულად უარყოფს არჩევნების გაყალბებას და აცხადებს, რომ იგი თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში ჩატარდა, რასაც საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებიც ადასტურებენ.

ოპოზიცია კვირას, 8 ნოემბერს საყოველთაო საპროტესტო აქციის გამართვას აანონსებს, მანამდე კი თბილისსა და რეგიონებში საოლქო საარჩევნო კომისიის შენობებთან საპროტესტო აქციებს მართავს.

თემები:
პოლიტიკური კრიზისი საქართველოში: შეფასებები და პროგნოზები (36)

მთავარი თემები