17:17 03 დეკემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9996
  • 100 RUB4.3845
  • USD3.3189
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (597)
136 0 0

მომიტინგეები საოლქო საარჩევნო კომისიებში საჩივრების განხილვასა და პროცესზე დასწრებას ითხოვენ. თბილისის რამდენიმე უბანში აქცია ხმაურსა და ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

თბილისი, 5 ნოემბერი - Sputnik. თბილისში რამდენიმე საოლქო საარჩევნო კომისიასთან ოპოზიციური პარტიების აქტივისტები აქციას მართავენ. შეკრებილები საოლქო კომისიებში საჩივრების განხილვის პროცესზე დასწრებას და ბიულეტენების ხელახლა გადათვლას ითხოვენ.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართა. მის შედეგებს ოპოზიცია არ აღიარებს და მისი არალეგიტიმურობის ცნობას მოითხოვს. ყველა ოპოზიციურმა პარტიამ და ბლოკმა, რომლებიც წინასწარი შედეგების მიხედვით პარლამენტში მოხვდნენ, უკვე მოაწერა ხელი მემორანდუმს, რომლის მიხედვით მათ უარი თქვეს მანდატებზე და არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე.

„ვითხოვდით, რომ გადათვლილიყო, რათა გვენახა, რეალურად რამდენი ბიულეტენია. განუხილველად მივიღეთ უარი. დღეს უკვე სხვა პარტიების სარჩელებია, სადაც ასევე შალვა შავგულიძის სარჩელები არის დაყენებული და ერთობლივად ვაპირებთ, რომ პასუხები მივიღოთ“, - განაცხადა „ევროპულის საქართველოს“ წევრმა, გოკა გაბაშვილმა.

ის მხარდამჭერებთან ერთად მთაწმინდის საოლქო კომისიასთან იმყოფება, სადაც აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა.

გაბაშვილის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები წააგო და ქართველი საზოგადოება შედეგების გაყალბებას არ აპატიებს.

„ისინი ამ მანიპულაციებითა და გაყალბებით ვერანაირ შედეგს ვერ მიიღებენ. საქართველოში ერთპარტიული პარლამენტი არ იქნება. ქართველი ხალხი არჩევნების გაყალბებას არავის შეარჩენს. იქნება ის პროცესი რომლის ბოლოს აუცილებლად დამარცხებულები დარჩებიან“, - განაცხადა გაბაშვილმა.

ოპოზიციური პარტიები და მათი მხარდამჭერები ასევე აქციას მართავდნენ ისნის საოლქო კომისიასთან, სადაც „სტრატეგია აღმაშენებლის“ ახალგაზრდული ფრთის აქტივისტებმა აქცია-პერფორმანსი მოაწყვეს.

მოგვიანებით, მომიტინგეებმა სამგორის საოლქო საარჩევნო კომისიასთან გადაინაცვლეს. აქციის მონაწილეებს ადგილზე მოტანილი ჰქონდათ გალია, რომელიც მათივე თქმით, სიმბოლურად ციხეს გამოხატავს.

საბურთალოს საოლქო კომისიასთანაც დაძაბული სიტუაცია იყო. სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა.

ვაკის მე-2 საოლქო საარჩევნო კომისიასთან დააკავეს სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის ხელმძღვანელი, ზვიად კუპრავა, რომელიც საოლქო კომისიაში შეღწევას ცდილობდა. მას კომისიის თავმჯდომარისთვის გაყალბების ამსახველი ვიდეომასალის გადაცემა სურდა, როდესაც კომისიის თავმჯდომარე მასთან შესახვედრად არ გამოვიდა, ზვიად კუპრავამ საარჩევნო ოქმები პოლიციელებისა და საოლქო საარჩევნო კომისიის შენობის მიმართულებით ისროლა, რასაც ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

ვაკე-საბურთალოს საპატრულო პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილის განცხადებით, სულ ოთხი პირია დაკავებული.

აქციაზე ერთ-ერთი აქტივისტი შეუძლოდ გახდა.

მოძრაობა „ხალხისთვის“ ლიდერმა, დიდუბე-ჩუღურეთის დამოუკიდებელი დეპუტატობის კანდიდატმა ანა დოლიძემ დიდუბის საოლქო საარჩევნო კომისიას ბოიკოტი გამოუცხადა და საჩივრები, რომლის განხილვაც დღეს უნდა მომხდარიყო, პროტესტის ნიშნად საოლქო კომისიის შენობის წინ დაყარა.

„ჩვენ გუშინ გასაჩივრებული გქონდა 11 საჩივარი, დღეს დაგვრჩა 30-ზე მეტი საჩივარი. თუმცა, კომისიამ 11 საჩივრიდან, სადაც ზუსტად ვიცით, რომ გაყალბებულია ჩვენი ხმები, არცერთი არ დააკმაყოფილა“, - განაცხადა დოლიძემ.

ოპოზიცია 8 ნოემბერს საყოველთაო საპროტესტო აქციის გამართვას აანონსებს, მანამდე კი თბილისსა და რეგიონებში საოლქო საარჩევნო კომისიების შენობებთან საპროტესტო აქციებს მართავს. დღეს მთელი დღის განმავლობაში დაძაბული სიტუაციაა ქუთაისის საოლქო კომისიასთან.

გუშინ განსაკუთრებით ხმაურიანი საპროტესტო აქციები თბილისსა და ბათუმში გაიმართა – ოპოზიცია საოლქო კომისიების სხდომებზე საჩივრების განხილვის პროცესზე დასწრებას მოითხოვდა.

ცესკოში აცხადებენ, რომ ხმების გადათვლის პროცესზე დასწრების უფლება ოპოზიციური პარტიების მხოლოდ აკრედიტებულ წარმომადგენლებს შეუძლიათ.

ცესკოს მონაცემებით, მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩეველთა ხმების 48,23% მიიღო და 13 მაჟორიტარულ ოლქში არჩევნების მოგების შედეგად მას პარლამენტში უმრავლესობა ეყოლება.

მმართველ პარტიაში ოპოზიციის ქმედებებს განზრახ დესტრუქციულს, დესტაბილიზაციისკენ მიმართულს უწოდებენ და აცხადებენ, რომ არჩევნები იყო სამართლიანი და თავისუფალი, რასაც საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები მოწმობენ.

თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (597)

მთავარი თემები