ოპოზიცია შედეგის მძევალია: ფინანსთა მინისტრი ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე

გამოწერა
ივანე მაჭავარიანის განცხადებით, კონსტიტუციის ჩარჩოში პროტესტის გამოხატვა და პანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციების გათვალისწინება ყველა პოლიტიკური სუბიექტის პასუხისმგებლობაა.

თბილისი, 5 ნოემბერი – Sputnik. პოლიტიკურ ელიტაში ყველამ იცის, რომ არჩევნები არ გაყალბებულა და შედეგები რეალურ სურათს ასახავს, განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე. 

კახა კალაძე - Sputnik საქართველო
კალაძე: ოპოზიციის საუბარი არჩევნების გაყალბების შესახებ ფარსია

მისი განმარტებით, მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციური პარტიები დღევანდელი სიტუაციის მძევლებად არ დარჩნენ, რადგან ეს, შესაძლოა, ქვეყანას ძვირი დაუჯდეს, მათ შორის, ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისითაც.

„პოლიტიკურ ელიტაში ყველამ იცის, რომ არჩევნები იყო სამართლიანი, კონკურენტული. ის, რომ ამ შედეგის ლეგიტიმაცია კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენოთ, ძვირი ჯდება, როგორც ეკონომიკური, ისე ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით. სამწუხარო რეალობაა, რომ ბევრმა პოლიტიკურმა პარტიამ არჩევნებზე ხმების ცოტა რაოდენობა მიიღო. ჩვენც გვერჩივნა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ (27,14% – რედ.) ნაცვლად, ხმების დიდი რაოდენობა სხვა პარტიებს მიეღოთ. ისეთი კონფიგურაციაა, რომ სხვა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები ამ შედეგის ტყვეები არიან“, – აღნიშნა მაჭავარიანმა.

მინისტრი ოპოზიციის მხრიდან ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში გამართულ საპროტესტო აქციებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ კონსტიტუციის ჩარჩოში პროტესტის გამოხატვა და პანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციების გათვალისწინება ყველა პოლიტიკური სუბიექტის პასუხისმგებლობაა. 

სავალუტო ჯიხური - Sputnik საქართველო
რა კავშირშია ოპოზიციის პროტესტი ლარის კურსთან და პროდუქტების ფასებთან

„ოპოზიციას სხვადასხვა ტიპის პროვოკაციების საშუალება არ უნდა მიეცეს. დარწმუნებული ვარ, ოპოზიციური პარტიების უმეტესობა შინაგანად არ ემხრობა პროვოკაციებსა და არეულობას ქვეყანაში. ძალზე მნიშვნელოვანია, რომ მხარეებს შორის კონსტრუქციულობის ელემენტი შენარჩუნდეს. ხელისუფლების ვალია ქვეყანას მაქსიმალურად აარიდოს პროვოკაციები“, – განაცხადა მაჭავარიანმა.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართა, რომლის შედეგებსაც ოპოზიცია არ აღიარებს და მის არალეგიტიმურად ცნობას მოითხოვს. ყველა ოპოზიციურმა პარტიამ და ბლოკმა, რომლებიც წინასწარი შედეგების მიხედვით პარლამენტში მოხვდნენ, უკვე მოაწერა ხელი მემორანდუმს, რომლის მიხედვით მათ უარი თქვეს მანდატებზე და არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე.

ოპოზიცია 8 ნოემბერს პარლამენტის შენობის წინ საყოველთაო საპროტესტო აქციის გამართვას აანონსებს, მანამდე კი თბილისსა და რეგიონებში საოლქო საარჩევნო კომისიების შენობებთან საპროტესტო აქციებს მართავს.

გუშინ განსაკუთრებით ხმაურიანი საპროტესტო აქციები თბილისსა და ბათუმში გაიმართა – ოპოზიცია საოლქო კომისიების სხდომებზე საჩივრების განხილვის პროცესზე დასწრებას მოითხოვდა.

ცესკოს მონაცემებით, მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩეველთა ხმების 48,23% მიიღო და 13 მაჟორიტარულ ოლქში არჩევნების მოგების შედეგად მას პარლამენტში უმრავლესობა ეყოლება.

მმართველ პარტიაში ოპოზიციის ქმედებებს დესტრუქციულს, დესტაბილიზაციისკენ მიმართულს უწოდებენ და აცხადებენ, რომ არჩევნები იყო სამართლიანი და თავისუფალი, რასაც საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებიც ადასტურებენ.

ყველა ახალი ამბავი
0