რა კავშირშია ოპოზიციის პროტესტი ლარის კურსთან და პროდუქტების ფასებთან

© Sputnik / Alexander Imedashviliსავალუტო ჯიხური
სავალუტო ჯიხური - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2 ნოემბერს მორიგ სავალუტო აუქციონზე 60 მილიონი დოლარი გაყიდა. ამ მოცულობის ინტერვენცია ბანკმა წელს პირველად განახორციელა. მანამდე რეგულატორს გასაყიდად ერთჯერადად 40 მილიონზე მეტი არ გამოუტანია.

ლარის გაუფასურების შეჩერება ეროვნულმა ბანკმა ბაზრისთვის დოლარის დღემდე უპრეცედენტო რაოდენობის მიწოდებითაც ვერ მოახერხა – სავალუტო ჯიხურებში მისულ მომხმარებელს 1 დოლარის შესაძენად უკვე 3.36 ლარი სჭირდება, განუცხადა „Sputnik-საქართველოს“ ეკონომისტმა ნიკა შენგელიამ.

© photo: Nika Shengelia / FBნიკა შენგელია
რა კავშირშია ოპოზიციის პროტესტი ლარის კურსთან და პროდუქტების ფასებთან - Sputnik საქართველო
ნიკა შენგელია

შენგელიას აზრით, ლარის კურსის მკვეთრი გაუფასურების მიზეზი არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო ოპოზიციის გამოსვლებია.

ოპოზიციამ ხელისუფლება 31 ოქტომბერს გამართული საპარლამენტო არჩევნების შედეგების ფალსიფიკაციაში დაადანაშაულა. პარტიებმა ერთმანეთის მიყოლებით ახალი მოწვევის პარლამენტის მანდატებზე უარი განაცხადეს. თბილისსა და ქვეყნის სხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები დაიწყო. 

„არჩევნების არალეგიტიმურად გამოცხადებით პარტიებმა ქვეყნის პოლიტიკურ სტაბილურობას საფრხე შეუქმნეს, ამან კი პირდაპირ იმოქმედა ლარის კურსზე. თუ საქართველოში პოლიტიკური სიტუაცია უახლოეს მომავალში არ დარეგულირდა, შესაძლოა ლარის კურსმა დოლარის მიმართ 3.40-იანი ნიშნული 20 ნოემბრამდეც გადალახოს“, – განაცხადა ნიკა შენგელიამ.

ეკონომისტის თქმით, პოლიტიკური დესტაბილიზაცია, გარდა იმისა, რომ ქვეყანაში ნეგატიურ მოლოდინებს ქმნის,  ხელს უშლის ინვესტიციების შემოდინებას.

აღსანიშნავია ისიც, რომ ქვეყანაში დაძაბული პოლიტიკური სიტუაციის ფონზე ლარის გაუფასურება უფრო სწრაფად აისახება ფასებზე, ვიდრე ეს მოხდებოდა სხვა შემთხვევაში. აქედან გამომდინარე, ნიკა შენგელიას პროგნოზით, იმ კვირიდან შეიძლება უკვე გაიზარდოს ფასები მომსახურებასა და პროდუქტებზე.

„რა თქმა უნდა, ლარის გაუფასურება არ არის მხოლოდ 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგი. ლარის ანტირეკორდი ჯერ კიდევ 27 მარტს დაფიქსირდა, როდესაც ეროვნული ვალუტა 3.4842 GEL/$1 ნიშნულამდე დაეცა და მაშინ ეს კორონავირუსის პანდემიით იყო განპირობებული. თუმცა დღეს ქვეყანაში შექმნილმა არასტაბილურმა პოლიტიკურმა სიტუაციამ ეროვნული ვალუტის დევალვაცია უფრო დააჩქარა და იმ პოლიტიკით, რომელსაც ეროვნული ბანკი დღემდე ატარებს, ლარის კურსის დაჭერა მარეგულირებელს ძალიან გაუჭირდება“, – განაცხადა ნიკა შენგელიამ

სავალუტო ბაზრის სტაბილიზაციის მიზნით გაზაფხულიდან ეროვნულმა ბანკმა უკვე 21 აუქციონი ჩაატარა, რომლებზეც ჯამში 709 650 000 აშშ დოლარი გაყიდა.

„მარეგულირებლის მხრიდან ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ლარის გაუფასურება დიდი ნახტომით არ მოხდეს. ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ბაზარი ბედის ანაბარა არ უნდა მიატოვოს და რეგულარულად უნდა მიაწოდოს მეტი და მეტი რაოდენობის დოლარი“, – აღნიშნა ნიკა შენგელიამ

რაც შეეხება მთვარობას, შენგელიას აზრით, ხელისუფლებამაც უნდა მოუკლოს ბიუჯეტის უკონტროლო ხარჯვას და საგარეო ვალების რესტრუქტურიზაციაზე უნდა იზრუნოს.

„მოახლოვდა 2021 წელი და გარკვეული ვალების დაფარვის დრო, ამიტომ რესტრუქტურიზაცია აუცილებელია“, – მიაჩნია ეკონომიკის ექსპერტს.

თუმცა, მისივე თქმით, ყველაზე მთავარი მაინც პოლიტიკური სტაბილურობაა, წინააღმდეგ შემთხვევაში ყველა ნაბიჯი უშედეგო აღმოჩნდება და ვერც ქვეყნის ეკონომიკა გაუძლებს ლარის მკვეთრ გაუფასურებას და ვერც მოსახლეობის ჯიბე პროდუქტებზე ფასების ზრდას იმპორტზე დამოკიდებულ ქვეყანაში.

ნატა პატარაია

 

ყველა ახალი ამბავი
0