15:42 28 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9545
  • 100 RUB4.3692
  • USD3.3164
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (595)
89 0 0

საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღე რჩება, ქსელში კი ყოველდღე ახალ-ახალი სააგიტაციო რგოლები ვრცელდება

წინასაარჩევნო რეკლამას საქართველოში კორონავირუსის პანდემიის პირობებში პოლიტიკოსები კიდევ უფრო აქტიურად იყენებენ. არც არის გასაკვირი, რადგან ამომრჩევლებთან შეხვედრები ვირუსის გამო მინიმუმამდე შემცირდა. ამიტომ პოლიტიკოსებმა თანამედროვე მექანიზმები მოიშველიეს და სოციალური ქსელებისა თუ ტელევიზიებისთვის მრავალფეროვანი სარეკლამო რგოლები დაამზადეს.

ყველაზე კრეატიული და სახალისო წინასაარჩევნო ვიდეო რგოლები საქართველოში - ვიდეო>>

ზოგიერთი სარეკლამო რგოლი მალევე ექცევა საზოგადოების ყურადღების ცენტრში და ათობით ათას ნახვას აგროვებს, ზოგს კი ამ მიმართულებით სწავლის გაგრძელება არ აწყენდა.

ფსონი ახალგაზრდობაზე

ზურაბ ჯაფარიძის ოპოზიციური პარტია „გირჩის“ ყოველი ახალი რგოლი გამოჩენისთანავე ჰიტებს შორის ექცევა. ქართული საზოგადოება ასეთი შემოქმედებითი სარეკლამო რგოლებით ადრე არ ყოფილა განებივრებული. ჯაფარიძემ სამიზნე აუდიტორიად ახალგაზრდობა აირჩია, რომელსაც 300-400-ლარიანი პენსიის დაპირებით „ვერ იყიდი“. ახალი თაობა გარდაქმნებს, პატივისცემასა და კრეატივს ითხოვს.

სულ ახლახან ჯაფარიძემ მოამზადა ახალი ვიდეო, რომლისთვისაც შთაგონების წყაროდ ლეგენდარული „მატრიცა“ გამოიყენა. დაბალი ხმა კადრს მიღმა, თბილისის ცენტრი, ტელეფონის ჯიხური და ხალხის ნაკადი. „როგორ ვიცხოვრებთ ხვალ, ამას გადავწყვეტთ ჩვენ!“ - ამბობს „გირჩის“ ლიდერი, იკეთებს შავ სათვალეს და დედაქალაქის თავზე ზეცას ახედავს.

იგივე დევიზი, მაგრამ უკვე მეგრულ ენაზე, გამოყენებულია კიდევ ერთ ახალ რგოლში. აქ „გირჩი“ ცდილობს, შეახამოს ტრადიციები და თანამედროვე შეხედულება. ვიდეორგოლმა, რომელშიც ჩოხაში გამოწყობილი მხედარი ხალხს სწორი არჩევანის გაკეთებისკენ მოუწოდებს, რამდენიმე ასეული გაზიარება მოაგროვა. ეს მაშინ, როცა პარტიის რეიტინგი, გამოკითხვებს თუ დავუჯერებთ, არც ისე მაღალია.

ყველაფერი ახალი - კარგად დავიწყებული ძველია, იფიქრეს „გირჩში“ და გამოაქვეყნეს თავიანთი ძველი რგოლი, მომზადებული წინა არჩევნებისთვის, სადაც ჯაფარიძე ორად იხლიჩება ორ პარტიას - „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის. ლაიტმოტივად კი ამ სცენას გასდევს მელოდია ფილმიდან „ტკბილი ნოემბერი“, რომელშიც მთავარ როლს ისევ და ისევ კიანუ რივზი ასრულებს. თავისუფლება და კარდინალური ცვლილებები - ამაზე დებს ფსონს ჯაფარიძე 31 ოქტომბერს.

სუპერ მარიო ძველებურად ყოჩაღი აღარ არის

ოპოზიციური „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ წინასაარჩევნო კამპანიას ასევე შემოქმედებითად მიუდგა. რეკლამამ, რომელიც მომზადებულია 90-იანების ყველაზე პოპულარული კომპიუტერული თამაშის „სუპერ მარიოს“ მოტივებზე და რომელშიც მთავარ როლებში მიხეილ სააკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი გვევლინებიან - თავისი საქმე გააკეთა. რგოლის სიუჟეტის მიხედვით, გაუმაძღარი და ხარბი გმირი ივანიშვილის სახით აგროვებს ქვეყნის რეგიონების ნობათს, მაგრამ აქ გამოჩნდება სუპერ-მიშა, რომელიც „ტიტანს“ პოლიტიკურ ტარტარში გადაუძახებს.

 „ჩვენ გვჯერა, რომ ჩვენი ხელით, ცოდნითა და გამოცდილებით ავაშენებთ მდიდარ საქართველოს და რომ საქართველოს საუკეთესო დღეები წინაა“, - ასეთი ტექსტი ახლავს „ნაცმოძრაობის“ კიდევ ერთ სარეკლამო რგოლს. როგორც წინა არჩევნებზე, დამდეგ არჩევნებშიც ოპოზიციური პარტია მე-5 ნომრით მონაწილეობს.

ცუდი „ოცნება“ - კარგი „ნაცმოძრაობა“ - საქართველოს ექსპრეზიდენტის პარტიის ძირითადი გზავნილია.

ვჯაბნით რაოდენობით

მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ყოველ წინასაარჩევნო რგოლში ამომრჩეველს შეახსენებს, რამდენი რამ გაკეთდა რვაწლიანი მმართველობის პერიოდში.

საუბრობენ პენსიონერებზე, პედაგოგებზე, ყოფილ პატიმრებზე, ეროვნულ უმცირესობებზე. ყოველი მათგანი მოკლე რგოლების გმირია. თითოეული საუბრობს იმ სიკეთეებზე, რომლებით სარგებლობაც „ოცნების“ მმართველობის პერიოდში იყო ხელმისაწვდომი.

ვაშაძის საათი

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე თავის სარეკლამო კამპანიას იწყებს რობინგუდულად: „ქართული ოცნების“ პოლიტიკოსები თავისთვის ყიდულობენ ძვირადღირებულ საათებს რამდენიმე ასეულ დოლარად, მაშინ როცა ხალხს ქვეყანაში საჭმლის ფული არა აქვს. ასეთი განცხადებისთვის ვაშაძემ პირველი არხის პირდაპირ ეთერში მიმდინარე დებატებზე საჯაროდ შენიშვნაც დაიმსახურა. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის თქმით, ვაშაძემ იცრუა საათის ღირებულების თაობაზე და არავაჟკაცურად მოიქცა.

მაგრამ თანამედროვე საქართველოს „აღმაშენებელმა“ გადაწყვიტა, არ შეჩერდეს და კვლავ გაათამაშოს საათის თემა. პოლიტიკოსი ამომრჩეველს დაპირდა, რომ 27 საათის განმავლობაში ესტუმრება ბათუმს, ოზურგეთს, ჩოხატაურს, ქუთაისს, სამტრედიას, სენაკს, ხობს, ზუგდიდს, ჩხოროწყუს, მარტვილს, ხონს, ტყიბულს, ონს, ზესტაფონს, ხაშურს, გორს, მცხეთას, თბილისს და ხალხს მტკივნეულ საკითხებზე დაელაპარაკება.

 „შემოგვიერთდით, აირჩიეთ 27 და ერთად ჩვენ განვახორციელებთ ცვლილებებს საქართველოში 31 ოქტომბერს!“ - ამბობს ვაშაძე.

 „კარგი, ცუდი, ბოროტი“

„ევროპულმა საქართველომ“ თავისი წინასაარჩევნო კამპანიის აგება ორი ძალის - სააკაშვილისა და ივანიშვილის - დაპირისპირებაზე გადაწყვიტა, რომლებიც ერთი მედლის ორ მხარეს წარმოადგენენ. „ევროპელები“ თავიანთ ამომრჩევლებად მიიჩნევენ იმათ, ვინც დაიღალა „ოცნებისგანაც“ და „ნაციონალებისგანაც“.

 „ევროპულმა საქართველომ“ ამომრჩევლებს შესთავაზა სარეკლამო რგოლი ჰოლივუდის ვესტერნის სტილში - „კარგი, ცუდი, ბოროტი“. კლინტ ისტვუდის გმირი, მიზანში სროლის დიდოსტატი, ოპონენტებს შანსს არ უტოვებს. ისღაა გასარკვევი, პარტიის ლიდერთაგან რომელია ისტვუდის გმირივით გამჭრიახი - ბოკერია, ბაქრაძე თუ უგულავა? ან იქნებ სამივე...

 „ალეკო გისმენთ“

როგორ უნდა იშოვო ფული რეკლამისთვის, როდესაც არ გყავს შემომწირველები? ამ დროს დასახმარებლად ნათელი აზრი მოდის. მაგალითად, პარტია „მოქალაქის“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა თავის გვერდზე სოციალურ ქსელებში და ბანერებზე მთელ ქალაქში გამოაკრა თავისი მობილური ტელეფონის ნომერი. ის ამომრჩევლებს სთავაზობს, დაურეკონ და უამბონ თავიანთი პრობლემების შესახებ. როგორც კი ელისაშვილი პარლამენტში მოხვდება, აუცილებლად შეეცდება ამ საკითხების გადაჭრას.

ანა დოლიძის დაპირებები

ოპონენტებზე აქტიურად სოციალურ ქსელებს იყენებს ანა დოლიძე. პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ყოველდღიურად აქვეყნებს რამდენიმე ვიდეოჩართვას სხვადასხვა ადგილიდან, სადაც საუბრობს ქალაქის პრობლემებზე - ცუდ ეკოლოგიაზე, პარკების, ტრანსპორტის უკმარისობაზე, ამორტიზებულ ლიფტებსა და სახლებზე. ანა დოლიძე ამბობს, რომ მზადაა, ბევრი იმუშაოს ქალაქისა და დიდუბე-ჩუღურეთში თავისი ამომრჩევლის საკეთილდღეოდ, სადაც კენჭს იყრის. ანას მთავარი მეტოქეები არიან მმართველი პარტიის წარმომადგენელი გია ვოლსკი და არაორდინარული ზურაბ ჯაფარიძე.

მაგალითად, ყველა თბილისელმა არ იცის, რომ დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში ოდესღაც მე-19 საუკუნის ძველი ობსერვატორია მდებარეობდა. ეს შენობა დღეს სავალალო მდგომარეობაშია. დოლიძე გამოდის ინიციატივით, ნაგებობა ახალ ტურისტულ ობიექტად აქციონ.

ვისი მიდგომა მიიყვანს ამომრჩეველს საარჩევნო ყუთთან - ამას საქართველოს მოქალაქეები 31 ოქტომბერს გაიგებენ. არჩევნებამდე სულ რაღაც ხუთი დღე რჩება...

თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (595)

მთავარი თემები