ცესკო მოქალაქეებს აქტიურობისკენ მოუწოდებს

გამოწერა
ამომრჩეველი, რომელიც კორონავირუსზე მკურნალობს ან თვითიზოლაციაშია, შეძლებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას.

თბილისი, 27 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) იზოლაციაში მყოფ მოქალაქეებს საარჩევნო აქტიურობისკენ მოუწოდებს, განაცხადა ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ ბრიფინგზე.

ცესკო მათ სთხოვს, დარეკონ საინფორმაციო ცენტრში ნომერზე 2-51-00-51 და მოითხოვონ გადასატანი საარჩევნო ყუთი.

ცესკო - Sputnik საქართველო
იზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს გადასატანი ყუთის მოთხოვნისთვის დამატებით ერთი დღე ეძლევათ

ცესკომ გუშინ იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლებისთვის საარჩევნო ურნის მოთხოვნის ვადა ერთი დღით გააგრძელა. თავდაპირველად ვადა 26 ოქტომბრის 22:00 საათამდე მოქმედებდა.

გასულ კვირაში ცესკომ მიიღო დადგენილება, რომლის თანახმად, სტაციონარულ დაწესებულებებსა და თვითიზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა ეძლევათ.

წინასწარი მონაცემებით, საქართველოში 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის იმ საკარანტინო ზონებსა და სტაციონარებში, სადაც კორონავირუსით ინფიცირებულები მკურნალობენ, 127 საარჩევნო უბანი გაიხსნება.

ექსტრემალური კენჭისყრა საქართველოში: გადასატანი საარჩევნო ურნა 900-მა ადამიანმა მოითხოვა>>

25 ოქტომბრის მონაცემებით, მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულია 9 ათასამდე პირი, რომელსაც ხმის მიცემის უფლება აქვს და კენჭისყრის დღეს იზოლაციაში იქნება.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ტარდება, რომელშიც 48 პარტია და ორი ბლოკი მონაწილეობს. ქვეყნის მოსახლეობა 150 დეპუტატს აირჩევს – 120-ს პროპორციული სისტემით, 30-ს კი მაჟორიტარული წესით.

ყველა ახალი ამბავი
0