თბილისი, 13 ოქტომბერი – Sputnik. ოპოზიციურმა პარტიამ „ლელო საქართველოსთვის“ სამოქმედო პროგრამა „მარშალის გეგმის“ პრეზენტაცია გამართა და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად პარტიის ლიდერი მამუკა ხაზარაძე დაასახელა.
აღნიშნულ თანამდებობაზე მამუკა ხაზარაძე „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა წარადგინა და მას „ევროპული სტილის ქართველი პატრიოტი“ უწოდა.
მამუკა ხაზარაძემ, თავის მხრივ, ის პირები დაასახელა, რომლებიც, საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, „მარშალის გეგმის“ თანახმად, კონკრეტულ მიმართულებებს უხელმძღვანელებენ.
ბანკირ მამუკა ხაზარაძის პარტიის პროგრამა ძირითადად ეკონომიკურია და ქვეყნის ეკონომიკური ცხოვრების ძირეულად შეცვლას ისახავს მიზნად.
ხაზარაძის განცხადებით, ეკა ქვლივიძე გაუძღვება თავდაცვის მიმართულებას, ბადრი ჯაფარიძე – ეკონომიკური განვითარებისა და საფინანსო მიმართულებას, გიგლა მიქაუტაძე – რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მიმართულებას, ანა ნაცვლიშვილი – იუსტიციის საქმეებს და სასამართლოს მიმართულებას, ლევან კობერიძე უხელმძღვანელებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მიმართულებას, ფიქრია ჩიხრაძე – განათლების, მეცნიერების და სპორტის მიმართულებას, კახა კოჟორიძე – შინაგან საქმეებსა და სამართალდამცველ სისტემას, ნიკა შურღაია – გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებას, დავით უსუფაშვილი – საგარეო საქმეებსა და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, სოსო ვახტანგაშვილი უხელმძღვანელებს ოს და აფხაზ ხალხთან შერიგების მიმართულებას, მედეა მეტრეველი – კულტურის მიმართულებას.
როგორც პარტიის ლიდერმა განაცხადა, მათი გუნდი არჩევნების გზით გაისტუმრებს „ქართულ ოცნებას“ და ძველ პოლიტიკოსებს ხელისუფლებაში აღარ დააბრუნებს.
„მარშალის გეგმა“ – ეს არის საქართველოს რეკონსტრუქციის პროგრამა, რომელსაც აქვს კონკრეტული მიზანი, რომ ქვეყანაში აღარ იყოს სიღარიბე, ამუშავდეს ეკონომიკა და ქვეყნის გაერთიანება ხელისუფლებისთვის მთავარი საკითხი გახდეს. ამ მისიას სჭირდება სერიოზული გუნდი... „ლელო" იქნება ის ცენტრი, რომლიც „ქართულ ოცნებას" გაისტუმრებს და ხელისუფლებაში ძველ პოლიტიკოსებს არ მოუშვებს. ჩვენ საქართველოს პოლიტიკაში ახალი ფურცელი, ახალი ცხოვრება უნდა დავიწყოთ", – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
ხაზარაძემ პარტია „ლელო საქართველოსთვის“ 2019 წლის ბოლოს დააფუძნა. საზოგადოებრივი აზრის სხვადასხვა კვლევითი ორგანიზაციების მიერ ჩატარებული გამოკითხვების თანახმად, პარტიას „ლელო საქართველოსთვის“ ამომრჩეველთა 2–3% უჭერს მხარს.