07:34 20 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7763
  • 100 RUB4.1332
  • USD3.2117
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
ესკალაცია ყარაბაღში 2020 (90)
96 0 0

საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ერევანში ვიზიტს და ყარაბაღში შექმნილი ვითარების დეესკალაციაში საკუთარი წვლილის შეტანას გეგმავს.

თბილისი, 30 სექტემბერი — Sputnik. მთიან ყარაბაღში შექმნილი ვითარების დროულად განსახილველად ეუთოს (OSCE) მუდმივმოქმედ საბჭოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის თხოვნით მიმართეს, შესაბამისი წერილი საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნიკოს დენდიასმა ალბანეთში – ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანაში გაგზავნა, იუწყება РИА Новости.

სამხრეთ კავკასია მეოთხე დღეა მსოფლიო საზოგადოების ყურადღების ცენტრშია. 27 სექტემბრიდან მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებები მიმდინარეობს.

„მთიან ყარაბაღში დაძაბულობის ესკალაცია სერიოზულად აისახება რეგიონის სტაბილურობაზე, რასაც ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსთან შეხვედრისას გაუსვა ხაზი“, – ნათქვამია საბერძნეთის საგარეო უწყების განცხადებაში. 

საბერძნეთის ინიციატივა მიმართულია ეუთოში ორი დაინტერესებული მხარის მონაწილეობით დებატების გამართვისა და კრიზისის დეესკალაციის ყველა შესაძლო საშუალების განხილვისკენ. მიზანი კვლავ რჩება ეუთოს მინსკის ჯგუფის ფარგლებში მოლაპარაკებების დაუყოვნებლივ განახლება პრობლემის მშვიდობიანი გზით მოგვარებისთვის, იუწყება საგარეო საქმეთა სამინისტრო.

„ზემოთ აღნიშნული წერილით საბერძნეთი მზადყოფნას გამოთქვამს კრიზისის დაუყოვნებლივ დეესკალაციაში საკუთარი წვლილი შეიტანოს. მზადყოფნა მინისტრმა ნიკოს დენდიასმა გამოხატა სომეხ კოლეგა ზოგრაბ მნაცაკანიანთან სატელეფონო საუბრისას. საუბრის დროს კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი საბერძნეთსა და სომხეთს შორის მჭიდრო მეგობრულ კავშირებს. ხვალ ვიდეოკონფერენციის ფარგლებში სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან კიდევ ერთი კომუნიკაცია შედგება“, – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე იგეგმება დენდიასის ვიზიტი ერევანში, ნათქვამია განცხადებაში.

„საბერძნეთი დარწმუნებულია, რომ კრიზისის გადაწყვეტა მხოლოდ მშვიდობიანი, მოლაპარაკებების გზითაა შესაძლებელი და არა იარაღის გზით. საბერძნეთი არ მიესალმება მესამე ქვეყნის ნებისმიერი ფორმით ჩარევას, რომელიც დაძაბულობას კიდევ უფრო გააღვივებს. ამ კონტექსტში თურქეთმა თავი უნდა შეიკავოს მოქმედებებისა და განცხადებებისგან, რომელიც ამ მიმართულებით კეთდება“, – ნათქვამია განცხადებაში.

ომი მთიან ყარაბაღში

სომხეთისა და აზერბაიჯანის ხელისუფლებებმა 27 სექტემბერს მთიან ყარაბაღში ვითარების გამწვავების შემდეგ საომარი მდგომარეობა გამოაცხადეს. არაღიარებული რესპუბლიკის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ აზერბაიჯანმა არტილერია გამოიყენა მათ წინააღმდეგ და რომ არის მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში. 

კონფლიქტის ესკალაციაში ერევანი და ბაქო ერთმანეთს ადანაშაულებენ. სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ყარაბაღზე აზერბაიჯანმა „საჰაერო და სარაკეტო იერიში“ მიიტანა, ბაქოში კი ირწმუნებიან, რომ ცეცხლი სომეხმა სამხედროებმა გახსნეს.

რიგმა ქვეყნებმა და, მათ შორის, საქართველომ და რუსეთმა მხარეებს თავშეკავებისკენ მოუწოდეს.

მთიანი ყარაბაღის გამო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტი 1988 წლის თებერვალში დაიწყო, როდესაც მთიანი ყარაბაღის ავტონომიამ აზერბაიჯანის სსრ-დან გასვლის თაობაზე განაცხადა. 1992-1994 წლებში აზერბაიჯანმა დაკარგა კონტროლი მთიან ყარაბაღზე და მის მიმდებარე შვიდ რაიონზე.

კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებისთვის მოლაპარაკებები 1992 წლიდან მიმდინარეობს ეუთოს მინსკის ჯგუფის ფარგლებში, რომელსაც სამი თანათავმჯდომარე ჰყავს – რუსეთი, აშშ და საფრანგეთი. აზერბაიჯანი მოითხოვს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, სომხეთი კი არაღიარებული რესპუბლიკის ინტერესებს იცავს, რადგან თავად ყარაბაღი მოლაპარაკებების მხარე არ არის.

თემები:
ესკალაცია ყარაბაღში 2020 (90)

მთავარი თემები