თბილისი, 17 სექტემბერი – Sputnik. ოპოზიციურმა ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარლამენტში დაარეგისტრირა კანონპროექტი, რომელიც ქუთაისისთვის განსაკუთრებული სტატუსის – საპარლამენტო დედაქალაქის მინიჭებას ითვალისწინებს.
IRI-მ საქართველოში პარტიების რეიტინგი გამოაქვეყნა და არა მხოლოდ...>>
როგორც ბრიფინგზე ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ და პარტიის ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადეს, ეს კანონპროექტი „დასავლეთ საქართველოს ეკონომიკური და პოლიტიკური განვითარების ლოკომოტივი“ გახდება. გარდა ამისა, კანონპროექტი „ნაცმოძრაობისა“ და მისი მაჟორიტარობის კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის (რომელიც სწორედ ქუთაისში იყრის კენჭს) წინასაარჩევნო პროგრამის მნიშვნელოვანი ნაწილი გახდება.
„ჩვენ შემოგვაქვს კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს ქუთაისისთვის საპარლამენტო და ადმინისტრაციული სტატუსის მინიჭებას, სახელმწიფო დაწესებულებების ქუთაისში გადატანას, მეტ ეკონომიკურ თავისუფლებას და ქუთაისი გახდება რეგიონის განვითარების სტიმული“, – განაცხადა გოცირიძემ.
ვაშაძემ, თავის მხრივ, განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ აუცილებლად მიაღწევს მიზანს და ქუთაისს საპარლამენტო სტატუსს დაუბრუნებს.
„ჩვენ ამ მიმართულებით პირველი სამართლებრივი ნაბიჯი გადავდგით. ამ კანონპროექტში არის ის, რაც ქუთაისში მცხოვრებ მოქალაქეებს ჰქონდათ დაკვეთა. ეს არის ბიუჯეტის გაორმაგება, მოქალაქეების მიერ პოლიციის უფროსის არჩევა, სამინისტროების წარმომადგენლობების გახსნა ქუთაისში და ყველაფერი ის, რასაც ეს ქალაქი თავისი ისტორიით და კულტურით იმსახურებს“, – განაცხადა ვაშაძემ.
რა ბედი ეწევა ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობას>>
საქართველოს პარლამენტი ერთხელ – 2012 წელს უკვე გადაიტანეს ქუთაისში. ამის ინიციატორი მაშინდელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იყო. დეპუტატების დიდი ნაწილი და მთავრობის წევრები რამდენიმე წელი თბილისი–ქუთაისი–თბილისის გზაზე მოძრაობდნენ გამუდმებით. 2019 წლის თებერვალში პარლამენტი თავის ჩვეულ ადგილზე – თბილისში, რუსთაველის გაზირზე დაუბრუნდა. ქუთაისში პარლამენტისთვის აგებული შენობა კი დღემდე უფუნქციოდ დგას – მთავრობამ მისი გაყიდვა ჯერ ვერ მოახერხა.