20:53 04 დეკემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0107
  • 100 RUB4.4084
  • USD3.3119
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (598)
93 0 0

მათ შორის, ვინც დეპუტატის მანდატის მოსაპოვებლად იბრძოლებს, არიან ბიზნესმენები და ოლიმპიური ჩემპიონი, თუმცა, მათ გვერდით არ იქნება ოპერის მომღერალი პაატა ბურჭულაძე.

თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. ოპოზიციურმა საარჩევნო ბლოკმა „ძალა ერთობაშია“ რამდენიმე მაჟორიტარულ ოლქში დეპუტატობის კანდიდატები დაასახელა. 

ბლოკში, რომლის პრეზენტაციაც 15 სექტემბერს შედგა, გაერთიანდნენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „რესპუბლიკური პარტია“, „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“, მოძრაობა „ჩვენ თვითონ“ და „პროგრესი და თავისუფლება“. „ნაციონალური მოძრაობა“ სხვა პარტიებთან ერთად ბლოკში გაერთიანებული მონაწილეობდა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებშიც. 

„მაჟორიტარებს მასშტაბურად და საზეიმო ვითარებაში აუცილებლად წარვადგენთ. შემიძლია გითხრათ, რომ გურიაში ჩვენი კანდიდატი იქნება ოლიმპიური ჩემპიონი მანუჩარ კვირკველია, ხაშურში – ნატო ჩხეიძე, ბოლნისში – კახა ოქრიაშვილი, მცხეთა–მთიანეთში – ცეზარ ჩოჩელი, რაჭაში კი დილარ ხაბულიანი“, – განაცხადა პარტიის თავმჯდომარემ გრიგოლ ვაშაძემ.

კითხვაზე, ბლოკის საარჩევნო სიაში იქნება თუ არა პარტია „სახელმწიფო ხალხისთვის“ დამფუძნებელი, ოპერის მომღერალი პაატა ბურჭულაძე, ვაშაძემ განაცხადა, რომ, დიდი ალბათობით, არა.

„პაატა ბურჭულაძესთან ოფიციალური  მოლაპრაკებები არ ყოფილა. მას, როგორც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის დროს ერთ-ერთ მთავარ ლოკომოტივსა და  სპიკერს ვკითხეთ, ჰქონდა თუ არა პოლიტიკურ პროცესში ჩაბმის სურვილი. იქიდან გამომდინარე, რომ მას უამრავი კონტრაქტი აქვს, რომლის გადადებაც შეუძლებელია, მან განაცხადა, რომ გაუჭირდება ამის გაკეთება“, – განაცხადა ვაშაძემ. 

ბურჭულაძის აქტიურ პოლიტიკაში შესაძლო დაბრუნების თაობაზე ადრე განაცხადა „სახელმწიფო ხალხისთვის“ წარმომადგენელმა ნიკა მაჭუტაძემ, თუმცა ვაშაძემ აღნიშნული ინფორმაცია უარყო. 

პაატა ბურჭულაძე ქართულ პოლიტიკაში 2016 წელს, საპარლამენტო არჩევნების წინ გააქტიურდა, როდესაც მან პარტია „სახელმწიფო ხალხისთვის“ შექმნა. მას შემდეგ, რაც პარტია ვერ მოხვდა პარლამენტში, ბურჭულაძემ პოლიტიკიდან წასვლა და უცხოეთში მომღერლის კარიერის გაგრძელება გადაწყვეტა.

რაც შეეხება ოპოზიციურ გაერთიანებას „ძალა ერთობაშია“, რომლის ბაზაზეც შეიქმნა ახალი საარჩევნო ბლოკი, 2018 წელს მასში 11 პარტია იყო გაერთიანებული. გაერთიანების საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე ქვეყნის მომავალ პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან არჩევნების მეორე ტურში დამარცხდა.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს არის დანიშნული, მასში 60-ზე მეტი პარტია მონაწილეობს – თითოეულ მათგანს საკუთარი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ჰყავს. „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ უკვე განაცხადა, რომ გამარჯვების შემთხვევაში აღნიშნულ თანამდებობაზე საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს მოიაზრებს.

თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (598)

მთავარი თემები