22:52 19 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8057
  • 100 RUB4.2817
  • USD3.2140
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (138)
82 0 0

თავის გადაწყვეტილებას, არ გამოგზავნოს დამკვირვებლები საქართველოში, ორგანიზაცია მსოფლიოში არსებული რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებით ხსნის.

თბილისი, 4 სექტემბერი – Sputnik. აშშ-ის ნაციონალური დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) კორონავირუსის გამო საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიას არ გამოგზავნის, მაგრამ საარჩევნო პროცესს დისტანციურად დააკვირდება, აღნიშნულია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.

ორგანიზაციის ანალიტიკოსები საქართველოში მყოფი თანაშემწეების დახმარებით პროცესს დისტანციურ რეჟიმში დააკვირდებიან.

სადამკვირვებლო მისია: საქართველოში დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად მყარი საფუძველია>>

NDI მჭიდროდ ითანამშრომლებს ასევე ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებთან. სექტემბრის პირველი ნახევრიდან ორგანიზაციის ანალიტიკოსები მუშაობას შეუდგებიან ისეთ საკითხებზე, როგორიცაა საარჩევნო ადმინისტრაცია, პოლიტიკური კამპანია, გენდერი, მასმედია და დეზინფორმაცია და სხვ.

NDI გამოაქვეყნებს შუალედურ ანგარიშს, რომელიც დაეფუძნება საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლებისგან მიღებულ ინფორმაციას.

არჩევნებიდან რამდენიმე დღის შემდეგ NDI წარმოადგენს მესამე ანგარიშს, რომელიც დაფუძნებული იქნება მაღალი დონის შეხვედრებზე. ამ შეხვედრებს ორგანიზაციის პრეზიდენტი დერეკ მიტჩელი ვირტუალურად არჩევნებამდე ორი კვირით ადრე გამართავს.

საარჩევნო ანგარიშში აისახება მთელი საარჩევნო პროცესის მსვლელობა. ის დაფუძნებული იქნება შეხვედრებზე მთავრობის წევრებთან, ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ცესკოსთან, მედიასთან, სადამკვირვებლო ჯგუფებთან და დიპლომატიურ კორპუსთან. ანგარიშში წარმოდგენილი იქნება ასევე ანალიტიკოსების შეფასებები და მონაცემები, რომლებსაც NDI მიიღებს ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციებისგან.

უსაფრთხოების პროტოკოლი საერთაშორისო დამკვირვებლებისთვის: ქვეყანა არჩევნებისთვის ემზადება>>

„გვსურს განსაკუთრებით აღვნიშნოთ და პოზიტიურად შევაფასოთ ქართველი ხალხისა და ხელისუფლების მიერ COVID-19-ის პანდემიის შესაკავებლად გაწეული ძალისხმევა. ასევე მადლობას ვუხდით არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს NDI-ს მიერ ვირტუალურად ჩატარებული წინასაარჩევნო შეფასების გუნდთან თანამშრომლობისთვის. ამასთანავე აღვნიშნავთ, რომ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის ჩამოყვანასთან დაკავშირებული რისკები არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში არსებულ ვითარებაზეა დამოკიდებული“, – ნათქვამია განცხადებაში.

აქვე აღნიშნულია, რომ გლობალური პანდემია კვლავ უკონტროლოა მრავალ ქვეყანაში, მათ შორის აშშ-ში. სწორედ არსებული საერთაშორისო ვითარებისა და რისკების გათვალისწინებით ორგანიზაციამ გადაწყვიტა, არ გამოგზავნოს თავისი დამკვირვებლები საქართველოში.

NDI გამოთქვამს მზადყოფნას, გააანალიზოს და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები საარჩევნო პროცესის საიმედოობასა და გამჭვირვალობასთან დაკავშირებით.

„მიუხედავად იმისა, რომ NDI-მ აღნიშნული გადაწყვეტილება არასახარბიელო გლობალური ვითარების გამო მიიღო, ინსტიტუტი დარწმუნებულია, რომ მისი არჩევნების ხელშეწყობის პროგრამა – საქართველოში და მის გარეთ მყოფ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობის წყალობით – საკმარისი იქნება 31 ოქტომბრის არჩევნების შესახებ ინფორმირებული დასკვნების გამოსატანად“, – აღნიშნულია განცხადებაში.  

ინსტიტუტი მადლობას უხდის ქართველ ხალხს 25-წლიანი პარტნიორობისთვის და წარმატებას უსურვებს მომავალ არჩევნებში მონაწილე ყველა მხარეს. განცხადებაში აღნიშნულია ასევე, რომ ინსტიტუტი მოუთმენლად ელოდება გლობალური მდგომარეობის გამოსწორებას, რათა კვლავ გაჩნდეს საერთაშორისო ჩართულობის შესაძლებლობა.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს არის დანიშნული. არჩევნები შერეული სისტემით გაიმართება: 120 დეპუტატი არჩეული იქნება პარტიული სიით, ხოლო 30 – მაჟორიტარული წესით.

თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (138)

მთავარი თემები