ამომრჩევლის იძულება და დაშინება სისხლის სამართლის დანაშაული გახდება

გამოწერა
„ქართული ოცნება“ არჩევნების დღეს ყველაზე გავრცელებული დარღვევებისთვის სანქციებისა და სასჯელის გამკაცრების წინადადებით გამოდის.

თბილისი, 28 აგვისტო – Sputnik. ამომრჩევლის იძულების, დაშინებისა და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის ფაქტებზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა იქნება გათვალისწინებული. 

დაშინება და არჩევნებში მონაწილეობის იძულება, ისევე, როგორც ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა, განსაკუთრებით რეგიონებში, საქართველოში არჩევნების მიმართ ოპოზიციისა და დამკვირვებლების ყველაზე ხშირი პრეტენზიაა.  

არჩილ თალაკვაძე - Sputnik საქართველო
თალაკვაძე: არჩევნების ჩატარების წესები ოპოზიციასთან კონსულტაციების შედეგად შემუშავდება

რამდენიმე დღის წინ მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო” გამოვიდა ინიციატივით – მკაცრი სანქციები განისაზღვროს ამომრჩევლის იძულების, დაშინების და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის შემთხვევებზე.

საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი პარლამენტის ბიუროს ინიცირებისთვის 31 აგვისტოს წარედგინება. ცვლილებების ავტორები საპარლამენტო უმრავლესობის წევრები რატი იონათამიშვილი და გურამ მაჭარაშვილი არიან.

კანონპროექტის მიხედვით, არჩევნების შედეგებზე არამართლზომიერი ზეგავლენის მიზნით ამომრჩევლის დაშინება ან იძულება, მათ შორის, ჩადენილი ამომრჩევლის, მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის მიმართ სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების, ქონების განადგურების ან დაზიანების მუქარით, ან მატერიალური, სამსახურებრივი ან სხვაგვარი დამოკიდებულების გამოყენებით, დაისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

იმისათვის, რომ ინიციატივა საკანონმდებლო ნორმად იქცეს, ის პარლამენტმა სამი მოსმენით უნდა მიიღოს, შემდეგ კი პრეზიდენტმა დაამტკიცოს. 

შესაბამისი ცვლილებები შევა „საქართველოს საარჩევნო კოდექსსა“ და „სისხლის სამართლის კოდექსშიც“.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს არის დაგეგმილი. ოფიციალურად წინასაარჩევნო კამპანია ქვეყანაში სტარტს აგვისტოს ბოლოს – არჩევნებამდე 60 დღით ადრე აიღებს. პარლამენტის 150 დეპუტატს შერეული სისტემით აირჩევენ: 120-ს პარტიული სიით, 30-ს კი ერთმანდატიან მაჟორიტარულ ოლქებში გამართული კენჭისყრის შედეგებით.

 

ყველა ახალი ამბავი
0