თბილისი, 15 ივნისი - Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ მთავრობა ოპოზიციასთან კონსულტაციას გამართავს, მასთან ერთად შეიმუშავებს საპარლამენტო არჩევნების ჩატარების წესებს, ისე რომ მოქალაქეები, ერთი მხრივ, დაცული იყონ ინფიცირებისგან, მეორე მხრივ, უზრუნველყოფილი იყოს მათი ხმის უფლების რეალიზაცია.
არჩევნები დეკემბერში ჩატარდება? საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა დასრულდა >>
როგორც სპიკერმა ბიუროს სხდომაზე აღნიშნა, ამ საკითხზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს. მან საერთაშორისო პარტნიორებსაც მოუწოდა, ქართულ მხარეს საქმიანი რჩევები მისცეს არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით.
„მოგეხსენებათ, რომ არჩევნებთან დაკავშირებით არსებობს საერთაშორისო რეკომენდაციები. შესაბამისად, ჩვენ ვეცდებით, რომ შევიმუშაოთ საპარლამენტო არჩევნების ჩატარების ისეთი წესი, რომელიც ერთი მხრივ, მოქალაქეებს დაიცავს ინფექციის გავრცელებისგან, მეორე მხრივ უზრუნველყოფს საარჩევნო უფლების სრულ რეალიზებას. ამაზე მიმდინარეობს მუშაობა, ჩართულია ცენტრალურ საარჩევნო კომისია, ჩართულნი არიან ჩვენი პარტნიორები. მივმართეთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, რომ მოგვცენ ამ თემაზე კონსულტაცია და რჩევები, თუმცა საბოლოოდ, რასაკვირველია, ოპოზიციასთან კონსულტაციების შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას, თუ რა იქნება კონკრეტულად ის წესები, რომელიც საარჩევნო პროცესში იქნება საჭირო“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მან კოლეგებს აცნობა ასევე, რომ მთავრობა აპირებს 2020 წლის არჩევნებზე რაც შეიძლება მეტი დამკვირვებლის მოწვევას, რათა არჩევნების მაქსიმალური გამჭვირვალობა და სამართლიანობა უზრუნველყოს.
„ჩვენ, როგორც ხელისუფლება, მაქსიმალურად ვემზადებით და ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ საქართველომ გააგრძელოს დემოკრატიის გაძლიერება. ჩავატაროთ, თავისუფალი, გამჭვირვალე, სამართლიანი არჩევნები, კიდევ უფრო მაღალი სტანდარტით და ამისათვის, რა თქმა უნდა, ერთი მხრივ მნიშვნელოვანია ჩვენი თანამოქალაქეების მხარდაჭერა, მეორე მხრივ - საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების აქტიურობა. ხელისუფლება ვართ ძალიან მონდომებული, რომ რაც შეიძლება ბევრი დამკვირვებელი ჰყავდეს ამ არჩევნებს“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.
მან ხაზი გაუსვა, რომ სიტუაცია მარტივი არ არის - არსებობს პრობლემები, დაკავშირებული Covid-19-თან, მაგრამ იმედი გამოთქვა, რომ პროცესები მართული იქნება და პანდემია არჩევნების ჩატარებაზე არ აისახება.