მემორანდუმი გაფორმებულია - ქართული ოპოზიცია კონკრეტულ ნაბიჯებზე შეთანხმდა

© Sputnik / Vladimir Umikashviliდავით ბაქრაძე
დავით ბაქრაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
26 ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს ამომრჩეველთა ხმების დაცვის შესახებ და კონკრეტულ წინასაარჩევნო ნაბიჯებზე შეთანხმდნენ

თბილისი, 24 აგვისტო - Sputnik. 26 ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს ამომრჩეველთა ხმების დაცვის შესახებ და კონკრეტულ წინასაარჩევნო ნაბიჯებზე შეთანხმდნენ.

ხელმოწერილ დოკუმენტს შეუერთდა ასევე „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავა, რომელიც შეხვედრას ვერ დაესწრო.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბაქრაძის სიტყვებით, შეთანხმებამ უნდა უზრუნველყოს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება.

„ეს არის შეთანხმება ამომრჩეველთა ხმების დაცვის შესახებ და ყველა ხელმომწერი პარტია იღებს ვალდებულებას, რომ ისინი დაიცავენ ამომრჩევლის ხმას, ერთმანეთის ხმებს და არ მისცემენ შესაძლებლობას ხელისუფლებას, არჩევნები გააყალბოს. ეს არის უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური განაცხადი. განაცხადი, რომელიც ერთი მხრივ აჩვენებს ოპოზიციის ერთიანობას ამ ბრძოლაში და მეორეც, არის დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი, რათა ჩატარდეს სამართლიანი არჩევნები, დავიცვათ თითოეული ხმა და არავის მიეცეს გაყალბების შესაძლებლობა“, - განუცხადა ბაქრაძემ ჟურნალისტებს.

ერთიანი შტაბი ამომრჩევლებისთვის იბრძოლებს

ბაქრაძის თქმით, დღეს მხარეებმა მიიღეს რამდენიმე გადაწყვეტილება, მათ შორის, ერთიანი შტაბის შექმნისა და საერთო სამოქმედო მექანიზმის შემუშავების შესახებ.

„შეიქმნება ამომრჩევლის ხმების დაცვის საერთო შტაბი, შტაბის ხელმძღვანელი იქნება პაატა დავითაია. შტაბში იქნება წარმოდგენილი ყველა ოპოზიციური პარტია, რომელიც მონაწილეობს ამ პროცესში და ეს იქნება ის სტრუქტურა, რომელიც შეიმუშავებს და ხელმძღვანელობას გაუწევს ყველა იმ ზომას, რომელიც თავიდან აგვარიდებს არჩევნების გაყალბებას და დაიცავს ამომრჩევლის ხმებს“, - აღნიშნა ბაქრაძემ.

გიორგი ვაშაძე - Sputnik საქართველო
დიდი დაპირისპირება ოპოზიციაში ანუ ესენი სკამებს უკვე ვერ იყოფენ

მისი სიტყვებით, შტაბი წარმოადგენს კონკრეტული ღონისძიებების ნუსხას, რა უნდა გაკეთდეს ამომრჩევლის ხმების დასაცავად. მათ შორის იქნება ორი კონკრეტული ნაბიჯი. ერთი არის პარტიებს შორის საერთო მონაცემთა ბაზის შექმნა, სადაც არჩევნების დღეს აისახება ყველა დარღვევა, მეორე - საერთო, სამოქმედო, საკოორდინაციო მექანიზმი, თუ როგორ რეაგირებას მოახდენენ პარტიები ამ ბაზაში ასახულ დარღვევებზე. ამ და სხვა ნაბიჯებს შტაბი საზოგადოებას ახლო მომავალში წარუდგენს.

„ჩვენი სტრუქტურა, ოპოზიციური პარტიებიც და შტაბიც ძალიან მჭიდრო კოორდინაციაში იმუშავებენ არასამთავრობო სექტორთან, ჩვენს უცხოელ მეგობრებთან, დიპლომატიურ კორპუსთან, რათა ყველამ ერთად, საერთო ძალისხმევით დავიცვათ თითოეული ამომრჩევლის ხმა, არ დავუშვათ ამ ქვეყანაში არჩევნების გაყალბების შესაძლებლობა“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

რევოლუცია არ იქნება

„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის, ნინო ბურჯანაძის თქმით, დღევანდელი შეკრება ქვეყანას აარიდებს არეულობასა და რევოლუციას არჩევნების შემდეგ.

მისი სიტყვებით, საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში არ ყოფილა მსგავსი მოვლენა, როდესაც ყველა პოლიტიკური ორგანიზაცია გაერთიანდა.

ნინო ბურჯანაძე - Sputnik საქართველო
გვაქვს შანსი მრავალპარტიული არჩევნები ჩატარდეს:ბურჯანაძე საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ

„ნამდვილად ისტორიული დღეა საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში, ეს არ არის გადაჭარბებული შეფასება. მსგავსი მოვლენა, როდესაც აბსოლუტურად ყველა მიმართულების პოლიტიკური ორგანიზაცია დავსხედით და გადავწყვიტეთ, რომ არავის მივცეთ უფლება 2020 წლის არჩევნების გაყალბების და მანიპულირების, პრაქტიკულად, ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში არ მომხდარა“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

მისი თქმით, ეს არის სიგნალი ხელისუფლებისათვის, რათა მან ვერ გაბედოს არჩევნების გაყალბება.

„აქ ვეღარ მოხერხდება ის, რაც 2016 წელს შეძლო ბიძინა ივანიშვილმა“, - აღნიშნა მან.

საზოგადოება სტაბილურობას ირჩევს

პარლამენტის პირველი ვიცესპიკერი გია ვოლსკი კი, თავის მხრივ, ფიქრობს, რომ საქართველოში ოპოზიციურ პარტიებს დღეს აერთიანებს ნგრევისა და არეულობისკენ სწრაფვა და „ქართულ ოცნებას“ არ სჭირდება კოალიციაში ასეთი პოლიტიკური სუბიექტები.

„33 პარტიიდან ყველა არ არის პარტია, რამდენიმე პარტიაა და დანარჩენი პოლიტიკური ინდმეწარმე, ასე პირობითად რომ ვთქვათ. რაოდენობით ბევრი ჩანან, ხალხის ყურადღების მიპყრობა სურთ და გარდა ამისა, გამაერთიანებელი რაც აქვთ, ეს არის დესტრუქციის, არეულობის მცდელობა და ამას თავის განცხადებებშიც ადასტურებენ“, – აცხადებს გია ვოლსკი.

ვიცესპიკერი დარწმუნებულია, რომ საზოგადოება ვითარებას საღად შეაფასებს და სტაბილურობის სასარგებლოდ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს.

ყველა ახალი ამბავი
0