თბილისი, 31 ივლისი — Sputnik. საქართველო ევროკავშირის არაწევრი იმ უსაფრთხო ქვეყნების სიაშია, რომლის მოქალაქეებს შენგენის ზონის ქვეყნებში მოგზაურობა შეუძლიათ, ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
კერძოდ, 12 ქვეყნისგან შემდგარ სიაში შედიან: ავსტრალია, კანადა, საქართველო, იაპონია, მაროკო, ახალი ზელანდია, რუანდა, სამხრეთ კორეა, ტაილანდი, ტუნისი და ურუგვაი.
ამ სიაში ასევე შედის ჩინეთიც, თუმცა ამ ქვეყანასთან ავიამიმოსვლა განახლდება მხოლოდ იმ პირობით, თუ ჩინეთიც გახსნის თავის საზღვრებს ევროკავშირის მოქალაქეებისთვის.
უსაფრთხო ქვეყნების ჩამონათვალში აღარ არის ალჟირი.
კორონავირუსის პანდემიის გამო ევროპის ქვეყნებმა თავიანთი საზღვრები ევროკავშირის არარეზიდენტებისთვის მარტში დაკეტეს. პირველი სიის მომზადების შემდეგ (30 ივნისს) იქ მოხვედრილი ქვეყნებისთვის საზღვრები 1 ივლისიდან ნაწილობრივად გაიხსნა. სიის მომზადებისას გათვლილი იყო ამა თუ იმ ქვეყანაში არსებული ეპიდემიური ვითარება, ვირუსის გავრცელების აღსაკვეთად გატარებული ზომები, ეკონომიკური და სოციალური ასპექტები.
სია ყოველ ორ კვირაში ერთხელ გადაიხედება.
საქართველოსთვის საზღვრები გახსნეს შვეიცარიამ, უნგრეთმა, გერმანიამ, ლატვიამ, საფრანგეთმა, ესპანეთმა, ნიდერლანდებმა, იტალიამ და სხვა ქვეყნებმა.
საქართველომ, თავის მხრივ, საზღვრები ყოველგვარი პირობების გარეშე ხუთი ქვეყნისთვის გახსნა, ესენია: გერმანია, საფრანგეთი, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი.
გერმანული ავიაკომპანია Lufthansa რეგულარულ ფრენებს საქართველოში 2 აგვისტოდან განაახლებს. 5 აგვისტოდან თბილისსა და რიგას შორის რეგულარულ ფრენებს დაიწყებს AirBaltic, ხოლო 8 აგვისტოდან თბილისი–პარიზის რეისებს – Air France.
სახმელეთო საზღვრები, განსაკუთრებული შემთხვევების გარდა, დღემდე დაკეტილია.