თბილისი, 23 ივლისი — Sputnik. საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ამერიკულ კომპანია Frontera Resources Corporation-ს საქართველოში დარჩენის ნებართვა მისცეს, მაგრამ ძალზე მოკრძალებული პირობებით - მას ადრინდელი ტერიტორიების მხოლოდ 1% დარჩება.
Frontera Resources Corporation – ამერიკული კომპანიაა, რომელიც გაზისა და ნავთობის საბადოების მოძიებითა და მოპოვებითაა დაკავებული. დაარსდა 1996 წელს. კომპანიის სტრატეგიაა პერსპექტივების ძიება ნახშირწყალბადების მოსაპოვებლად აღმოსავლეთ ევროპის ბაზრებზე, რომლებიც შავი ზღვის აუზს განეკუთვნებიან. ამჟამად კომპანია მუშაობს საქართველოსა და მოლდოვაში.
კომპანიასა და ქვეყანას შორის დიდი ხანია დავა მიმდინარეობდა ნავთობის მოპოვებისას პროდუქციის წილობრივ გადანაწილებასთან დაკავშირებით კონტრაქტის თაობაზე. ქართულმა მხარემ რამდენიმე პირობა წამოაყენა, რომელთაგან მთავარი იყო იმ ტერიტორიის დაბრუნება, რომელსაც „ფრონტერა" არ იყენებდა დაზვერვისა და ნავთობის მოპოვების მიზნით. ეს ტერიტორია სალიცენზიო ბლოკის დაახლოებით 99%-ს შეადგენს. ტერიტორია უნდა დაბრუნებულიყო ჯერ კიდევ 2017 წელს.
საქმე საარბიტრაჟო სასამართლომდე მივიდა. გაიმარჯვა საქართველომ, რომელსაც „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია" და ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო წარმოადგენდნენ, და კომპანიასთან კონტრაქტის გაწყვეტა გადაწყვიტა.
„საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, აღარ მოშალოს „ფრონტერასთან" კონტრაქტი და შესაძლებლობა მისცეს კომპანიას, საქმიანობა განაგრძოს საწყისი საკონტრაქტო ტერიტორიის იმ ნაწილში, სადაც ნავთობის მოპოვება ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან მიმდინარეობდა. საუბარია სახელმწიფოს საძიებო ტერიტორიის დაახლოებით 1%-ზე, რადგან ამ ტერიტორიის დაახლოებით 99%, „ფრონტერამ", საარბიტრაჟო გადაწყვეტილების თანახმად, სახელმწიფოს უკვე დაუბრუნა", - ნათქვამია საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაში.
საბაბი რომ არ მისცეს
ბოლო ნახევარ წელიწადში საქართველო არაერთხელ გახდა ამერიკელი სენატორების კრიტიკის ობიექტი ამერიკულ ნავთობმომპოვებელ კომპანიასთან სასამართლო პროცესის გამო.
კონტრაქტის შეწყვეტის შესახებ შეტყობინების მიღებიდან ერთ თვეში ამერიკულმა მხარემ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მიმართა წერილით, რომელშიც ქვეყანა დაადანაშაულა ამერიკული ინვესტიციების დისკრიმინაციაში და იმაში, რომ ის ამოფარებულია დემოკრატიულ ფასეულობებს, რათა აშშ-სგან თანხები მიიღოს. გარდა ამისა, კომპანიამ უკმაყოფილება გამოთქვა კონტრაქტის შეწყვეტის გადაწყვეტილებით, რომელსაც კომპანია საქართველოსა და აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ნაწილად მიიჩნევს.
ეკონომიკის სამინისტრომ თავის განცხადებაში არ დამალა, რომ აშშ-თან სტრატეგიულმა ურთიერთობებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა იმაში, რომ კომპანია ქვეყნიდან არ გააძევეს.
„ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობა, რომელიც ჩვენი ქვეყნის უმთავრეს სტრატეგიულ პარტნიორს წარმოადგენს, ჩვენთვის ფუნდამენტური და პრინციპული საკითხია. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურ დონეზე ურთიერთობებში „ფრონტერას" საკითხი საერთოდ არ წარმოადგენს განხილვის საგანს, ჩვენთვის ერთმნიშვნელოვნად არასასურველია ამერიკის უაღრესად მრავალფეროვან პოლიტიკურ სპექტრში ვინმეს გაუჩნდეს საბაბი და ეს აბსოლუტურად რუტინული კომერციული დავა გამოიყენოს ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული სტრატეგიული ურთიერთობების საზიანოდ", - ნათქვამია განცხადებაში.
ამერიკულ კომპანიასთან კონტრაქტის შენარჩუნების კიდევ ერთ საბაბად ხელისუფლება ქვეყნის რეპუტაციის შენარჩუნების სურვილს ასახელებს, რითიც, ფაქტობრივად, აღიარებს ცალკეული ამერიკელი სენატორების განცხადებების ძალას, რომლებსაც უფრო ადრე მმართველი ძალის ლიდერებმა „უმნიშვნელო" უწოდეს.
„სახელმწიფოს მხრიდან აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება განპირობებულია ქვეყნის წინაშე მდგარი სტრატეგიული ამოცანებით, კერძოდ, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ქვეყნის საინვესტიციო გარემოსთან დაკავშირებული საერთაშორისო რეპუტაცია, რომელიც მუდმივად იღებს მაღალ შეფასებას და მიუხედავად სახელმწიფოს აბსოლუტურად გამყარებული პოზიციისა „ფრონტერასთან" დავაში, დაუშვებელია რაიმე ფორმით ჩრდილი მიადგეს აღნიშნულ მახასიათებელს. რეპუტაციისა და ქვეყნის საინვესტიციო კლიმატის უაღრესად დადებითი აღქმის შენარჩუნება ჩვენი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა", - აღნიშნულია განცხადებაში.
სკანდალი გრძელდება
მთავრობამ თავი ვერ შეიკავა კომპანიის კრიტიკისგანაც.
„აღნიშნული გადაწყვეტილება კომპანია „ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენს" საშუალებას აძლევს, აღარ დახარჯოს ძალისხმევა ლობისტების მობილიზებასა და მათთან ურთიერთობაზე, რის ნაცვლადაც, სასურველია, კონცენტრირება მოახდინოს იმ ვალდებულებების შესრულებაზე, რაც დასაქმებულ პირთა მიმართ დაუგროვდა, გაისტუმროს სახელფასო დავალიანებები, მოაწესრიგოს ურთიერთობა სხვა მრავალ კრედიტორთან და გააგრძელოს საქმიანობა საძიებო სამუშაოების განხორციელების კუთხით", - ნათქვამია განცხადებაში.
Frontera იმედოვნებს, რომ საქართველოსთან თანამშრომლობას გააგრძელებს>>
ხელისუფლება აღნიშნავს, რომ ინფორმაცია კომპანიის პრობლემების შესახებ არის ღია წყაროებში და ერთ-ერთმა კრედიტორმა მოიგო სასამართლო და ახლა კომპანიის ქონების ნაწილი აუქციონზე გაიყიდება.
რაც შეეხება სახელფასო დავალიანებას, ეს თემა არაერთხელ იყო წამოწეული ქვეყანაში. კომპანიის თანამშრომლებმა არაერთხელ გამართეს აქციები, სადაც კუთვნილ ხელფასს მოითხოვდნენ.
თვითონ კომპანიაში მთავრობის გადაწყვეტილებაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ და არ არის გამორიცხული, რომ ამერიკული კომპანიის ახალი განცხადება კიდევ ერთი სკანდალის აგორების დასაწყისი გახდეს.