თბილისი, 17 ივლისი — Sputnik. საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მიმდინარე წლის ოქტომბერში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს, ასეთია ამერიკული კომპანია Edison Research-ის გამოკითხვის შედეგები, რომელიც ოპოზიციურად განწყობილმა ტელეკომპანია Formula-მ წარმოადგინა.
კვლევა 23 ივნისიდან 13 ივლისის პერიოდში – საპარლამენტო არჩევნებამდე თითქმის ოთხი თვით ადრე ჩატარდა.
გამოკითხვის თანახმად, არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს გამოკითხულთა 71%, დანარჩენი 29% კი მონაწილეობას არ აპირებს. ამასთან, თუ არჩევნები ხვალ გაიმართება, მაშინ გამოკითხულთა დიდი ნაწილი (39%) ხმას მმართველ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს" მისცემს. გამოკითხვაში მონაწილეთა 20%-ს კი გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს.
რაც შეეხება ოპოზიციას, 16% მზადაა ხმა მისცეს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას", 5% კი „ევროპულ საქართველოს" უჭერს მხარს.
1%-იანი ბარიერის პირობებში პარლამენტში მოხვედრის შანსები ასე აქვთ შემდეგ ოპოზიციურ პარტიებს:
პარტია | ლიდერი | გამოკითხულთა მხარდაჭერა (%) |
„საქართველოს ლეიბორისტული პარტია" | შალვა ნათელაშვილი | 3% |
„ლელო საქართველოსთვის" | მამუკა ხაზარაძე | 3% |
„ახალი საქართველო" | გიორგი ვაშაძე | 3% |
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" | ირმა ინაშვილი | 3% |
„გირჩი" | ზურაბ ჯაფარიძე | 2% |
„მოქალაქე" | ალეკო ელისაშვილი | 2% |
„ერთიანი საქართველო" | ნინო ბურჯანაძე | 1% |
„გამარჯვებული საქართველო" | ირაკლი ოქრუაშვილი | 1% |
„სამართლიანობისთვის" | ეკ ბესელია | 1% |
„თავისუფალი საქართველო" | კახა კუკავა | 1% |
ამასთან, გამოკითხულთა 59%-ს ხელისუფლებაში ახალი პარტიის ნახვა სურს, დანარჩენების სურვილია, რომ მმართველი პარტია "ქართული ოცნება" ხელისფლებაში მესამე ვადით დარჩეს.
გარდა ამისა, გამოკითხულთა 56%-ს მიაჩნია, რომ ოპოზიციის ხელისუფლებაში მოსვლა ქვეყნის განვითარებაზე დადებითად აისახება, 44% კი თვლის, რომ ყველაფერი გაუარესდება.
გამოკითხვა თბილისსა და რეგიონებში პირდაპირი ინტერვიუს გზით ჩატარდა. მასში მონაწილეობა მიიღო 18 წელზე უფროსი ასაკის 2 ათასმა საქართველოს მოქალაქემ. ცდომილება +/- 2,1%-ს შეადგენს.