01:26 27 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8158
  • 100 RUB4.2209
  • USD3.2285
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (287)
147 0 0

პარტია „ახალმა საქართველომ“, გაერთიანებაში შემავალი სხვა თანამოაზრეებისგან განსხვავებით, ცესკოში რეგისტრაცია უკვე გაიარა.

თბილისი, 14 ივლისი – Sputnik. ოპოზიციური გაერთიანება „ძალა ერთობაშია“ დაშლის პირასაა, პარტიები არჩევნებში მონაწილეობას ცალ-ცალკე აპირებენ, განაცხადა პარტია „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.

„ძალა ერთობაშია“ აერთიანებს 11 ოპოზიციურ პარტიას, მათ შორის ერთ-ერთია ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. გაერთიანება 2018 წლის ზაფხულში შეიქმნა და მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ საპრეზიდენტო არჩევნებში დაუპირისპირდა, თუმცა მისმა კანდიდატმა გია ვაშაძემ არჩევნებზე მეორე ადგილი დაიკავა.

„არის ასეთი საუბარი, არ დაგიმალავთ, რომ მოხდეს გარკვეულწილად დამოუკიდებლად, ცალ-ცალკე პროპორციულ არჩევნებში მონაწილეობა იმისთვის, რომ მაქსიმალურად მოპოვებული იყოს ყველა ოპოზიციური ხმა და არც ერთი ხმა არ დავკარგოთ, ჩვენი კვლევები და მონაცემებიც ამას უჩვენებს. შესაბამისად, ნამდვილად, „ნაციონალური მოძრაობაც“ ფიქრობს, მიიღოს მონაწილეობა არა ერთად, არამედ ცალკე, ჩვენც ცალკე და ა.შ.“, - განუცხადა ვაშაძემ ჟურნალისტებს.

ამასთან, თავად „ახალმა საქართველომ“, გაერთიანებაში შემავალი სხვა თანამოაზრეებისგან განსხვავებით, ცესკოში რეგისტრაცია უკვე გაიარა.

გაერთიანებაში შემავალი სხვა პარტიის - „სახელმწიფო ხალხისთვის“ - წარმომადგენელი ნიკა მაჭუტაძე დარწმუნებულია, რომ ერთიანობა შენარჩუნდება.

„ჩვენ გვაქვს ინტენსიური საუბრები სტრატეგიასთან დაკავშირებით, რომელიც გულისხმობს არჩევნებში ჩვენს ერთობლივ მონაწილეობას. დადასტურებულად შემიძლია გითხრათ, რომ ეს ფორმატი არის ერთიანი, მტკიცე. გაერთიანებული ოპოზიციის ფორმატი „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად,– განაცხადა ნიკა მაჭუტაძემ.

მისი თქმით, საბოლოო გადაწყვეტილებას გაერთიანება განხილვის შემდეგ უახლოეს დროს მიიღებს.

ამასთან, გაერთიანების მთავარი ფიგურა - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ჯერჯერობით ვერ ასახელებს, რა ფორმატით აპირებს პარტია არჩევნებში მონაწილეობას.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს გაიმართება. პარლამენტში მოსახვედრად პარტიამ ხმების 1% უნდა მიიღოს, ბლოკმა - იმდენი პროცენტი, რამდენი პარტიაც არის მის შემადგენლობაში.

დღეისათვის ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა აცხადებს, რომ არჩევნებზე გასვლას ცალ-ცალკე აპირებს და გაერთიანებას მხოლოდ მაჟორიტარული არჩევნებისთვის გეგმავენ.

ცესკოში რეგისტრაცია 14-მა პარტიამ გაიარა. არჩევნების მონაწილეების საბოლოო სია არჩევნებამდე 30 დღით ადრე გახდება ცნობილი.

თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (287)

მთავარი თემები